09:19 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ალოე

უებარი საბრი და ვერა – ალოეს სამკურნალო თვისებები

CC0 / Pixabay
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
31230

საბრი – არაბული წარმომავლობის სიტყვა, ფარმაცევტული სახელია და კრებსითად ნიშნავს ალოეს (Aloe) ფოთლებიდან მიღებულ შესქელებულ, შედედებულ და გამკვრივებულ წვენს.

ეს სამკურნალო თვისებების მქონე შესქელებული წვენი მუქი ყავისფერია, თავისებური სუნითა და მწარე გემოთი. თუმცა, ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში ამ სახელით მოიხსენიებენ თავად მცენარე ალოეს, რომელიც უხსოვარი დროიდან ცნობილია, როგორც ჭრილობების მოსაშუშებელი, სახსრების დაავადებების, გაციების, თმის ცვენის, ფაღარათის, თავის ტკივილის და საერთო სისუსტის სამკურნალო უებარი საშუალება.

ძველ ქართულ სამედიცინო წერილობით წყაროებში ალოეს საბრის გარდა აზუა, უდი, ან ჰუდი ეწოდება. სამკურნალოდ ხმარობდნენ საბრის ძირს (ფესვებს), ფოთოლს, საბრის ჰაბს (გულს). გვხვდება მისი შარბათი, მაჯუნი (მურაბა), მუკლი (ანუ საბრის ფისი).

ალოე
ალოე

იადიგარ დაუდში ვკითხულობთ: „უდის შარბათის ხასიათი მხურვალი და ხმელი არის. გულსა და სტომაქსა ძალასა მისცემს კაცსა საჭმელს მოაქარვებს, კაცი რომე მუცელშიგა გახსნით იყოს, მაშინვე შეჰკრავს, მეტადრე მაშინ რომე ესე უდის შარბათა ბიის წვენითა გაულესონ ხაფაყანისათვის და გრილისა სისხისათვის ორსავისათვის მწოედ კარგი არის", "ესე საბრი ორი რიგ არის შავი და ყუითელი. მეორეს წილშიგა მხურვალი და ხმელი არის, ყოველს გრილსა ბალღმისა და სევდისა სენსა არგებს და კარგად მოუხდების კაცის ტანიდაღმან ქარს დალეწს და გააგდებს... კაცსა რომე ქარისა და სიცივისაგან სახსრები სტკიოდეს და ერთი დირაჰმი ესე საბრი კაცმან დანაყოს და ან მშრალად ჭამოს და ან თაფლშიგა აურიოს და უზმომან ისრე ჭამოს მაშინვე კაცსა გახსნის, ქარს გაუგდებს და სახსრის და ძულის ტკივილს უშველის. მაგრამ შავსა საბრსა ყუითელი საბრი ჯობს", "ვინცა ესე საბრი ძმრითა და ვარდის ერბოთა გააყენონ და მტკივანსა თავზედა შემოსდვან, თავის ტკივილი ეშველოს", "ვინცა ესე საბრი დანაყოს და ღვინითა გააყენოს და წვერსა თმაზედა შეიცხოს, თმის გაცვენასა მოარჩენს".

საბრის მცირე დოზები ითვლებოდა ამგზნებ, მადის მომგვრელ და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ საშუალებად. დიდ დოზებს საფაღარათო დანიშნულებით აძლევდნენ, საბრის წვენს ხმარობდნენ ჭრილობების სამკურნალოდ და ფილტვების დაავადებების დროს.

ალოე ვერა
ალოე ვერა

ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში ბუნებრივად გავრცელებული ალოე საქართველოში მხოლოდ კულტურაშია, უმეტესად, როგორც დეკორატიული ოთახის მცენარე. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ სამკურნალოდ ნამდვილი ალოე (Aloe vera L.), გამოიყენება და ალოეს სხვა სახეობები მხოლოდ დეკორატიული ქოთნის მცენარეებია. თუმცა, სამედიცინო მიზნით გამოიყენება რამდენიმე სახეობა: ხემაგვარი ალოე (Aloe arborescens Mill.), ნამდვილი ალოე (Aloe vera L.), სოკოტრინული ალოე (Aloe sucotrina Lam.) და სხვ. მათ შორის ყველაზე მაღალი ხარისხის სამკურნალო თვისებებს ხემაგვარი ალოე ამჟღავნებს, რომელიც გასულ საუკუნეში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ ფარმაცევტული მიზნით აჭარაში. მისი დიდი ზომის, მსხვილი, წვნიანი ფოთლების კიდეები ეკლებითაა მოფერნილი. ყვავილები ზარის, ან ცილინდრისებურია, წითელი, ან ყვითელი, კენწრულ მტევან ყვავილედებად შეკრებილი. ნამდვილი ალოეს ყვავილები კი ნარინჯისფერია, ან მოყვითალო-ნარინჯისფერი. ალოე ჩვენთან უმეტესად ყვავის ზამთრის თვეებში.

სამკურნალო მიზნით უფრო ფართოდ გამოიყენება ხისებური ალოე, რომელსაც აქვს საფაღარათე, ნაღველმდენი, მკვეთრად გამოხატული ანთების და დამწვრობის საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. საბრი (წვენი) ბაქტერიციდული მოქმედებისაა და ეფექტურად ებრძვის სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს, დიფტერიის, მუცლის ტიფის და დიზენტერიის გამომწვევ ჩხირებს. რაც შეეხება ნამდვილ ალოეს, ეს სახეობაც ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ და პარფიუმერულ, აგრეთვე ორგანული კოსმეტიკის წარმოებაში და ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

თანამედროვე მედიცინაში ალოეს პრეპარატები იხმარება საფაღარათოდ, ფოთლების გამონაწვლილი კი გამოდის ამპულებში კანქვეშ ინექციისთვის და გამოიყენება თვალისა და მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ.

რაც შეეხება ხალხურ მედიცინას, ალოე უებარია სახსრების, სასუნთქი გზების, სხვადასხვა ანთებების და მთელი რიგი სხვა დაავადებების სამკურნალოდ:

ანემიის დროს ერთმანეთში აურიეთ 150 გრამი ალოეს ახალი წვენი, 250 გრამი თაფლი და 350 მლ შავი ღვინო. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ;

სახსრების ანთების, ართრიტის დროს გაიკეთეთ თაფლის, ალოეს წვენის და არყის კომპრესები, რომელიც მზადდება პროპორციით 2:1:3;

ქრონიკული ბრონქიტის დროს აურიეთ 15 მლ ალოეს წვენი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი უმარილო კარაქი, 10 გრამი თაფლი და 5 გრამი კაკაო. დღეში ორჯერ 1 სუფრის კოვზი გახსენით ცხელ რძეში და მიიღეთ;

გრიპის დროს ჩაიწვეთეთ ალოეს 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში, ყოველ 2 საათში, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში;

რადიკულიტის და ოსტეოქონდროზის დროს 375 გრამ ალოეს ფოთლებს მოაჭერით ეკლები, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 625 გრამი მაისის თაფლი და 675 მლ წითელი ღვინო. კარგად აურიეთ და დადგით 5 დღე ბნელ, ცივ ადგილზე. მიიღეთ ასეთი წესით: პირველი 5 დღე – თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მომდევნო დღეებში ჩაის კოვზის ნაცვლად სუფრის კოვზით.

ამავე ნარევით მკურნალობენ სკლეროზს, მხოლოდ პირველი 5 დღის განმავლობაში ისმევა ჭამამდე 3 საათით ადრე, დღეში სამჯერ. შემდეგ დღეებში სუფრის კოვზით, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი გრძელდება 2-3 კვირიდან 1,5 თვემდე.

ეს წამალი რეკომენდებულია ონკოლოგიური დაავადებების (მათ შორის ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეების), ღვიძლის, ფილტვის ტუბერკულოზის და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების დროს.

ფილტვის ტუბერკულოზის დროს თანაბარი ოდენობით ალოე და კალანხოე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში იმ რაოდენობით, რომ სამლიტრიანი ქილა გაავსოს ნახევრად. დაუმატეთ სპირტი (ან 70% არაყი), დადგით ბნელ ადგილზე 10-15 დღე და ხშირად ანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ 0,5 კგ თაფლი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე. საუკეთესოა ტუბერკულოზის სამკურნალოდ, აქრობს ანთებას და ანადგურებს კოხის ჩხირებს;

თუ გაწუხებთ შეკრულობა, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი დღეში 2-3 ჯერ;

გაცივებით გამოწვეული არეული მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად დააწვეთეთ 8-10 წვეთი ალოეს წვენი შაქრის ნატეხზე და მიიღეთ დღეში 2-3 ჯერ. მტკივნეული მენსტრუალური ციკლის დროს კი 1-2 ჩაის კოვზ ალოეს წვენს დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი და მიიღეთ დღეში 2-3 ჯერ. ხსნის სპაზმებს და ამსუბუქებს ტკივილს.

საკვერცხეების ანთების დროს დალიეთ ალოეს წვენი დესერტის კოვზით, 2-3 ჯერ დღეში, ჭამის წინ.

ხანგრძლივი დერმატიტების სამკურნალოდ ალოეს ფოთლების წვენში დასველებული საფენები დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. მკურნალობის შედეგად აღდგება კანის მგრძნობელობა, პიგმენტაცია და თმის ზრდა (თავზე) ამ ადგილებში;

ეგზემის დროს ფოთოლი გაჭერით, წვნიანი მხრიდან დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და გადაიხვიეთ ბინტით დღეში 2-ჯერ. ან თანაბარი ოდენობით შეურიეთ ალოეს წვენი თაფლს და წაისვით დაზიანებულ ადგილზე. ეს საშუალება კარგია ეგზემის, ლიქენის, ჭრილობების და კანის წყლულების დროს;

კოჟრების (მაზოლი) სამკურნალოდ ალოეს ფოთლით გადაიხვიეთ ღამით მაზოლი. ალოეს ფოთლით გადახვევა შველის ფრჩხილის მოჭრისას გაღიზიანებულ კანსაც, აცხრობს ანთებით პროცესს და ხელს უშლის დაზიანებული კანის დაჩირქებას.

"წითელი ცხვირის" მკურნალობა – თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, ალოეს წვენს დაუმატეთ წყალი, პროპორციით 2:1, ამ სითხეში დაასველეთ ბინტის ტამპონი, მსუბუქად გაწურეთ და დაიდეთ 15 წუთით გაწითლებულ სახეზე. ასე გაიმეორეთ დღეგამოშვებით, 20-25 პროცედურა;

ცხიმიანი, ფორებიანი და ფერისმჭამელებიანი კანის გასაწმენდად უებარია ალოეს კონსერვირებული წვენი. ამისთვის 4 წილ ალოეს წვენს დაუმატეთ 1 წილი სპირტი. ამ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ სახე. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას;

ნაოჭების საწინააღმდეგოდ გაატარეთ ალოეს ფოთლები, დაასხით წყალი (1 წილ გატარებულ ალოეს უმატებენ 5 წილ წყალს) და გააჩერეთ 1 საათით, წამოადუღეთ 2-3 წუთით, გადაწურეთ და გაიკეთეთ საფენები;

ცხიმიანი თმის სამკურნალოდ, დაბანამდე 2-3 საათით ადრე შეიზილეთ თავის კანში ალოეს წვენი.

ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად 150 გრამი ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 250 გრამი მაისის თაფლი და 350 მლ წითელი ღვინო. კარგად აურიეთ და დადგით 5 დღე ბნელ, ცივ ადგილზე. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მომდევნო დღეებში ჩაის კოვზის ნაცვლად დესერტის კოვზით. იმუნიტეტსაც აიმაღლებთ და ორგანიზმსაც გაიახალგაზრდავებთ.

ეს არის მცირე ჩამონათვალი ალოეს სამკურნალო თვისებებისა. ალოეს გამოყენება აკრძალულია ორსულთათვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

გაითვალისწინეთ: უმჯობესია გამოიყენოთ ალოეს 3-5 წლის და უფრო დიდი ასაკის ფოთლები, რომელსაც არ მორწყავთ მოჭრამდე 5 დღის განმავლობაში. ალოეს სამკურნალო ნედლეული მზადდება მაისიდან დეკემბრის ჩათვლით.

 

მთავარი თემები