08:06 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ეთერზეთები

ეთერზეთების უძველესი ქართული რეცეპტები და გამოყენების ინსტრუქცია

CC0 / Pixabay
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
ჩვენ და ბუნება (31)
90420

არომატული ეთერზეთები რომ უხსოვარი დროიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ძვირფასი სამკურნალო, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებები, საკვები არომატიზატორები თუ რელიგიური რიტუალების აუცილებელი ატრიბუტი, ყველასათვის ცნობილია. 

ეთერზეთებს აქვს მაღალი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, სედატიური, იმუნოლოგიური და ბიოქიმიური აქტივობა. ეთერზეთების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ამაღლებს ფიზიკური ვარჯიშის პროდუქტულობას, ეხმარება სტრესთან ბრძოლას, ახურებს კუნთებს, ხსნის ზედმეტ დაძაბულობას, ამაღლებს მოქნილობას, ელასტიურობასა და პლასტიკურობას, ამაგრებს სახსრებს და მყესებს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში და სხვ. ბევრი ეთერზეთი მოქმედებით არ ჩამოუვარდება თანამედროვე ქიმიურ პრეპარატებს. 

ეთერზეთები ეფექტურია ფსიქოემოციური აშლილობისასაც. ფსიქო-ნერვული მდგომარეობა დიდწილად დამოკიდებულია გარემოზე, სხვადასხვა სუნზე, რომელსაც ადამიანის ტვინი ქვეცნობიერად თუ ცნობიერად იღებს. ეთერზეთების ზემოქმედება გრძნობის ორგანოებზე აღიზიანებს ნერვულ რეცეპტორებს და იწვევს შესაბამის ფსიქიკურ რეაქციებს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები, ადგილები და სიტუაციები ასოცირდება სპეციფიკურ არომატებთან და შემდეგშიც მსგავსი არომატის შეგრძნებისას გვახსენდება.

ეთერზეთები აქტიურად გამოიყენება ყოფაშიც - ჰაერის სანაციის, შენობების დასუფთავების, ჰაერის და ტანისამოსის არომატიზირების და მწერებისგან დაცვის მიზნით. ჰაერის არომატიზაცია არა მარტო წმენდს და დეზინფექციას უკეთებს სივრცეს, არამედ თავიდან გვარიდებს ფსიქოემოციურ გაღიზიანებას.

საქართველოში ბუნებრივად იზრდება 1000-მდე ზეთოვანი მცენარე, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია გაკულტურებული. პრაქტიკული მნიშვნელობისაა 3-4 ათეული, რომლებიც გამოიყენება ზეთების მისაღებად. 

ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე რომ მისდევდნენ ეთერზეთების გამოხდას, კარგად ჩანს ისტორიულ და სამედიცინო წყაროებში. შემონახულია დარიჩინის, სანდლის, მიხაკის, ჯავზის, მუშკის, გუნდრუკის, ქარვისა და სხვა მცენარეების ეთერზეთების რეცეპტები.

მაგალითად, იადიგარ დაუდში ვკითხულობთ:

ნარინჯისა, თურინჯისა და ლიმონის არაყი და ზეთი

„მოიტანე, ან გამხმარი, ან ნედლი, ნარინჯისა, გინდა, თუ თურინჯისა, თუ ლიმოს ყვითელი ქერქი. ერთს ქვის ქვაბი იყოს, თუ მინისა ბადია იყოს, ან ქაშანურისა ბადია იყოს, რა ერთიც გინდოდეს, ჩაყარე. ზედ, რა ერთიც წყალი გინდოდეს, დაასხი. თავი დახურე. 7-8 დღეს დადგი. მერმე საარაყეს ქვაბში ჩაასხი, არაყსავითა გამოხადე. რა დენა გაათაოს, რაც გამოვიდეს. მახე. ზეთი არაყის პირზე იქნება და მოხადე. ერთს რაშიმე ჩაასხი ზეთი, მაგრამ ქერქი ასე უნდა გასთალო, სითეთრე არა ჰქონდეს, ქაღალდსავით იყოს“. 

ნარინჯის ყვავილის ზეთი

„აიღე რამდენიც გინდა ნარინჯის ყვავილი. მერმე ერთს თიხის ჭურჭელში რომ ცეცხლი გასძლს, ჩადევ. მერმე 1 ლიტრა ნუშის ზეთი და ცოტა შაბიცა და 3 ხორბლის წონა ქარვა (Carum carvi), 6 ხორბლის მარცვლის წონა მუშკი. 6 წონა ქაფური. უწინ მუშკი ხელით კარგა დასჭყლიტე. მერმე ქაფური 1 მარცვლის ბაკლის ოდენს შარში დაფშვენ. მერმე ესენი ცოტა ვარდის წყლით აურიე. მერმე 20 დღეს მზეში დადგი. მერმე გასწურე კარგათ. მერმე ხელახლა მზეში დადევ. მერმე გათავდებ, თუ მინაში ჩაასხამ უკეთესი არის. ამისთანა სურნელი ზეთი არ იქნება. სახელმწიფო ზეთი არის“.

გაკეთება ვარდის ზეთისა

„ვარდის ფურცელი ნედლი აიღე ბევრი, დანაყე ავანში. მერე ის მინაში ჩაყარე, ზედ ცოტა მოთბო წყალი დაასხი და ერთი მუჭი მარილი და ერთი მუჭი გვარჯილა ჩაყარე. ერთი კვირა ისე იდგეს, მერმე ცოტა ფივის თხლე მიეც. ზედ ამდენი წყალი დაასხი, რომ ვარდის ფურცელი შიგ იარებოდეს. მანამდინ დააცალე, სანამდინ ზეთი ბრკესავით გააბემდეს. მერმე ის გაბმული დახეთქას დაიწყებს. მერმე ამბუხი დადგი და გამოხადე. ამისგან გამოვა ასეთი არაყი, როგორც მართალს არაყს ცეცხლი მოეკიდება, ისე ამას. მერმე ის წმინდას ამბუხში ჩაასხი, გამოხადე, ვარდის ზეთი იქნება“.

წაიკითხეთ აქ: „ცხიმებთან მებრძოლი“ არომატული სანელებელი უზარმაზარი სასიყვარულო ძალით“

ლადანის ზეთი

„აიღე რამდონიც გინდოდეს წმინდა ლადანა, დასჭერ და ერთს სველს ქვაბში ჩაყარე, თუ თიხისა არის, უკეთესია. მერმე 1 ლიტრა ვარდის წყალი გაურიე, ფრანგული ლიტრა, და სტილნახევარი ნუშის ზეთი. მერმე ზარფუში კარგად დაბურე, სუნი არ გამოვიდეს და შემოუგლისე. რა შემოგლესილი გახმეს, ცოტა ცეცხლზე შემოდგი 3 საათამდის. მას უკან ცეცხლიდამ გარდმოიღე. რომ გაცივდეს, პირს მოხადე. მერმე წმინდა მინაში ჩაასხი და ცოტა დამწვარი საბი გაურიე, რომ უკეთ შეინახოს“.

დაბოლოს: 

  • გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციებისას რეკომენდირებულია ანტისეპტიკური და ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების ეთერზეთების გამოყენება. უპირველესად ეს არის ლიმონი, მიხაკი, ჩაის ხე, ფიჭვი, ლავანდა, კედარი, პიტნა. ეს ეთერზეთები ამცირებს ჰაერში ვირუსებს, ბაქტერიების და სოკოების სპორებს, რომლებიც დაბინძურებული საგნებიდან მტვერთან ერთად, წყლის წვეთებით და ნერწყვით ვრცელდება. ერთმანეთს ურევენ ფორთოხლის, ფიჭვის, ლავანდის და პიტნის წვეთებს პროპორციით 3:2:1:1, ან ფიჭვის, ბერგამოტის და ლიმნის წვეთებს 1:2:2 პროპორციით. ნარევით გაჟღენთილ ფილტრის ქაღალდს დებენ ოთახში, ან არომალამპაში.
  • იატაკების და ავეჯის გასაწმენდად 0,5 ლ. წყალს უმატებენ 3 წვეთ მიხაკის, ლავანდის და ლიმნის ზეთს.
  • ეთერზეთებით არომატიზაცია ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს და ამსუბუქებს ჰაერს. ამისთვის ეფექტურია ლიმნის, პიტნის და ფიჭვის ზეთების ნარევი პროპორციით 3:1:1, ან ნემსიწვერას, ლავანდისა და ლიმნის ნარევი (5:2:1).
  • სამზარეულოს სველი წმენდისას 500 მლ. წყალში ამატებენ 2-2 წვეთ ლავანდის, ლიმნის, ევკალიპტის და ბეგქონდარას ზეთებს.
  • მაღალი ტენიანობა და სითბო აბაზანაში სხვადასხვა მიკრობის, განსაკუთრებით სოკოს სპორების განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ეს რომ თავიდან აიცილოთ, 1 ლ. წყალში უნდა გახსნათ 5-5 წვეთი ლავანდის, ლიმნის და ჩაის ხის, ან ევკალიპტის, მიხაკის და როზმარინის ზეთები.
  • სახლში ცხოველების ყოლისას, ჰაერის გასაწმენდად ნემსიწვერას, ლავანდის და როზმარინის 2-2 წვეთი. კატის ტუალეტის გასაწმენდად 2 ს.კ. ძმარში ურევენ 3 წვეთ ლავანდის და 2 წვეთ როზმარინის ზეთებს.
  • თეთრეულის და ტანისამოსის არომატიზაციისთვის კარადაში უნდა დადოთ 4-4 წვეთი ლავანდის და ლიმნის ზეთებით გაჟღენთილი სალფეთქი. თეთრეულის რეცხვისას, საბოლოო გავლების დროს წყალს უმატებენ იგივე ნარევს.
  • ჩრჩილის და სხვა მავნე მწერებისგან ტანისამოსს კარგად იცავს 2-2 წვეთი კედრის და ლავანდის ზეთებით გაჟღენთილი ბამბის ტამპონები, რომელსაც ათავსებენ თეთრეულის ყუთში და 2 კვირაში ერთხელ ხელახლა ჟღენთავენ. ჭიანჭველებისგან დასაცავად 25 მლ. სპირტში ხსნიან 20 წვეთ პიტნისა და 10 წვეთ ლავანდის ზეთებს, ურევენ 250 მლ. წყალში და აშხურებენ ზედაპირებს. კოღოების და ბუზებისგან დასაცავად კი არომალამპაში ასხამენ 5-5 წვეთ მიხაკის, პიტნის და ლავანდის ზეთებს.
თემები:
ჩვენ და ბუნება (31)

მთავარი თემები