საჩითილე მეურნეობა საქართველოში – მზა ჩითილის უპირატესობა და დარგვის მეთოდები

© Courtesy by Erhan Zorluყვავილები
ყვავილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერჰან ზორლუ თურქეთში დაიბადა და გაიზარდა. 90-იან წლებში ტრაპიზონის თავისუფალ ზონაში, სიგარეტის მწარმოებელ ფირმა „ფილიპ მორისში“ მუშაობდა. პირველად საქართველოში სწორედ ამ ფირმის საშუალებით ჩამოვიდა. იმდენად მოიხიბლა საქართველოს ბუნებით, კლიმატით, გარემო პირობებით, რომ აქ დარჩენა გადაწყვიტა.

ქართული მალევე შეისწავლა, ქართველი მეგობრებიც გაიჩინა და ქართული ადათ-წესებიც შეისისხლხორცა. მისი თქმით, სურდა საქართველოში ისეთი ბიზნესი წამოეწყო, სადაც კონკურენცია არ იქნებოდა, ამიტომ დააფუძნა მზა ჩითილების მწარმოებელი კომპანია — „მზა ჩითილი • Mza Chitili“. ზორლუს განცხადებით, „მზა ჩითილი“ არა მარტო ქართველ, არამედ მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ ფერმერებს შრომითი შედეგიანობის მიღწევაში ეხმარება.

© Courtesy by Erhan Zorluერჰან ზორლუ
ერჰან ზორლუ - Sputnik საქართველო
ერჰან ზორლუ

– რატომ გაჩნდა მზა ჩითილების შექმნის იდეა და რას აწარმოებთ ამჟამად?

— 2007 წელს შევქმენით კომპანია WG Techno (წყლის და გაზის ტექნოლოგიები), რომელიც თანამედროვე სარწყავი სისტემების პირველი და ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში. ამასთანავე კომპანია თბილისში აწარმოებს პოლიეთილენის მილებს, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში.

ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვაქვს ფილიალები და გვყავს მომხმარებლები. სწორედ მათგან მაქვს ინფორმაცია, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას და რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები, გლეხები. ჩითილი, როგორც ასეთი, საქართველოში არც არსებობს. თუ გლეხმა მოისურვა და მოიყვანა, ეს ღამეების თენების ფასად უნდა დაუჯდეს. ამას თავისებური მოვლა სჭირდება — ჩითილები უნდა იმყოფებოდეს ისეთ გარემოში, სადაც ტემპერატურა არ დაეცემა და დაცული იქნება ვირუსებისგან და სხვა დაავადებებისგან. აუცილებელია შეიძინონ ტორფი და იქ დათესონ თესლი, რადგან ის ვირუსებისგანაა გაწმენდილი. ასევე ჩითილის გადატანა უნდა მოხდეს სუფთა ნიადაგში, ამისთვის ნიადაგს უნდა ჩაუტარდეს ანალიზი ამა თუ იმ დაავადებებზე, რის ნაკლებობას განიცდის ის და რით არის გასამდიდრებელი. ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული და მოითხოვს დროის დიდ რესურსს. ჩვენ კი გლეხებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ჩითილებს, რაც იმაზე იაფი დაუჯდებათ, ვიდრე სახლში გამოყვანის შემთხვევაში, თან თვითონვე ნახავენ რასაც შეიძენენ.

© Courtesy by Erhan Zorluმზა ჩითილი
მზა ჩითილი - Sputnik საქართველო
მზა ჩითილი

დამყნობილ ჩითილებს რაც შეეხება, მათი სახლის პირობებში დამზადება ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული და ჩითილების დაახლოებით 90% დამყნობის შემდეგ კვდება. რისკ–ფაქტორიც ძალიან მაღალია და, შესაძლოა, სასურველი შედეგიც ვერ მიიღონ. აუცილებელია მოდერნიზებული სათბურები, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, რომ ფერმერებისთვის შეგვეთავაზებინა სრული მომსახურება – როგორც სარწყავი სისტემები, ასევე ჩითილები და უფასო კონსულტაცია გაგვეწია დამწყები ფერმერებისთვის.

გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სათბური და მოგვეწყო საჩითილე მეურნეობა, სადაც გამოვიყვანდით ვირუსებისგან გაწმენდილ, უმაღლესი ხარისხის ჩვეულებრივ და დამყნობილ ჩითილებს. ჩვენ ვაწარმოებთ ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს, ასევე ხეხილის ნერგებს.

© Courtesy by Erhan Zorluსაზამთრო
საზამთრო - Sputnik საქართველო
საზამთრო

– სად არის თქვენი სათბური განთავსებული, რამდენ კვადრატულ მეტრზეა გაშენებული?

— „მზა ჩითილისთვის“ მარნეულის რაიონის სოფელ აზიზქენდში გვაქვს 11 000 მ2-ზე აშენებული სათბური, სადაც შეგვიძლია ვაწარმოოთ შვიდი მილიონი ჩითილი ერთი თვის განმავლობაში, ასევე 30 000 მ2 სივრცე, სადაც გამოგვყავს ნამყენი და ჩვეულებრივი ნერგები, კიდევ 1 000 მ2 – ოფისისთვის და საწყობისთვის.

– ვინ არიან ადამიანები, ვინც ამ საქმის ირგვლივ არიან გაერთიანებული, ვის რა ფუნქცია აკისრია?

— ჩვენ გვყავს, როგორც მოწვეული სპეციალისტები, ასევე აქაური აგრონომები, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მზა ჩითილის გუნდი გადამზადდა ანტალიაში. ისინი გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და გვასწავლიან საჩითილე მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებს.

– ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

— ვიღებთ ტენდერებში მონაწილეობას. იქიდან გამომდინარე, რომ საჩითილე მეურნეობა არ არსებობს ქვეყანაში, ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩითილებზე და თითქმის ყველა ფერმერი ცდილობს ჩვენ დაგვიკავშირდეს, ვისაც სურს ღია გრუნტზე ან სათბურებში ბოსტნეულისა თუ ხეხილის მოყვანა. იქიდან გამომდინარე, რომ WG Techno-ს მიერ ფერმერების 80% „ათვისებულია“, ისინიც ჩართულები არიან პროცესში და ის ფერმერებიც, რომლებიც „მზა ჩითილის“ დაარსებიდან საზღვარგარეთიდან უკვეთავენ ჩითილებს.

© Courtesy by Erhan Zorluმზა ჩითილები
მზა ჩითილები - Sputnik საქართველო
მზა ჩითილები

– რა უპირატესობა გააჩნია ჩითილს?

— ნაადრევი მოსავალი — მზა ჩითილი ადრეულ მოსავალს უზრუნველყოფს. ის ცოცხალი, მშრალი ნივთიერებებით მდიდარი, მსხვილი და ძლიერია, თან მოსავლიანობა უფრო მაღალია და ამასთანავე უფრო ხარისხიანი. მცენარის გაზრდისა და მისი ნიადაგში გადარგვის პერიოდი კი ჩქარდება 30-50 დღით. ამ დროს ფერმერი დაზღვეულია შეცდომისგან, ის თავადვე ხედავს, თუ რას იძენს ჩვენგან, შესაბამისად, ჩვენგან წაიღებს მხოლოდ ჯანსაღ ჩითილებს და არ დასჭირდება სათადარიგო რაოდენობა.

მნიშვნელოვანია დროის ეკონომია — სანამ ფერმერი ერთი სახეობის ბოსტნეულისგან აიღებს მოსავალს, შეუძლია შეგვიკვეთოს ჩითილები და მოსავლის აღების შემდეგ იგივე ნიადაგზე მოიყვანოს სხვა სახეობის ბოსტნეული (მაგალითად, სალათის ფოთოლი, პომიდვრის მოსავლის მიღების შემდეგ). ამგვარად, მიწის გამოყენება მაქსიმუმს აღწევს. ასევე ხდება მიწის ფართობის ეკონომია, მიწის ფართობის ათვისება 100%-ით. ფერმერი დაზღვეულია გამოტოვებული ადგილებისგან.

ჩითილი უზრუნველყოფს თესლის ეკონომიას — დღეს ჰიბრიდული თესლი ძვირია, ფერმერი მისი მოგების მინიმუმ 3-4%-ს თესლის შეძენაზე ხარჯავს, ხოლო ჩითილის გამოყენებით მას აქვს ის უპირატესობა, რომ მიიღოს მოსავლის გარანტირებულად მაქსიმალური რაოდენობა. იმ შემთხვევაშიც, თუ თესლი არ არის მიზანშეწონილი გამოსაყენებლად კონკრეტულ ტერიტორიაზე, მზა ჩითილს ამ შემთხვევაშიც არ ექნება უარყოფითი რეაქცია.

© Courtesy by Erhan Zorluსათბური
სათბური - Sputnik საქართველო
სათბური

ხდება ენერგიის ეკონომია — დაახლოებით 25 გრადუსი სითბოა საჭირო, რომ ფერმერმა ჩითილი გამოიყვანოს სახლის პირობებში, ხოლო ჩვენი მეურნეობის შემთხვევაში ენერგია მაქსიმალურად ეკონომიურად მოიხმარება, რადგან ერთ დიდ სივრცეში ხდება მრავალი სახეობის ჩითილის მოყვანა, შესაბამისად, იზოგება ენერგორესურსების გამოყენება.

ჩვენ ვატარებთ ღონისძიებებს მეტი პროდუქტიულობისთვის — ვირუსისადმი მდგრადობა, დაგრუნტვა, ტემპერატურული შოკი, გასხვლა, დამატებითი განათება უკეთესი ფოტოსინთეზისთვის. ამ ღონისძიებების ჩატარება არაპრაქტიკული და არაეკონომიურია სახლის პირობებში ფერმერთა მიერ. მზა ჩითილს ზრდის პერიოდში არასასურველი ამინდის პირობებზეც არ აქვს უარყოფითი რეაქცია.

© Photo: Courtesy by Erhan Zorluსალათის ფურცელი
სალათის ფურცელი - Sputnik საქართველო
სალათის ფურცელი

– რა რეკომენდაციას უწევთ თქვენს მომხმარებლებს, როგორ უნდა მოამზადონ ნიადაგი ჩითილისთვის და როგორ ხდება დარგვა, რა აუცილებელი კრიტერიუმებია ამ დროს გასათვალისწინებელი?

— ჩითილების დარგვამდე მიწა კარგად უნდა დავამუშაოთ. ის წინა წლის მოსავლისგან დარჩენილი სხვადასხვა მცენარეებისგან უნდა გაიწმინდოს, შემდეგ გავაფხვიეროთ.

დარგვამდე უმჯობესია ნიადაგის მოწესრიგება, რათა ხელი შევუწყოთ ჩითილის ფესვების მოძრაობას და ადვილად შეეგუოს ახალ ნიადაგს, ამისთვის კარგი იქნება, თუ დამწვარ ორგანულ სასუქს (ნაკელს) გამოვიყენებთ.

ძალიან მშრალ და ძალიან სველ (ტენიან) მიწაში მზა ჩითილის დარგვას უნდა მოვერიდოთ. მიწის მომზადების პროცესში არანაირი წამალი არ უნდა გამოვიყენოთ. გამზადებულ ნიადაგზე გავაკეთოთ 5-6 სანტიმეტრიანი ორმოები, სადაც ჩითილებს მოვათავსებთ.

სანამ მზა ჩითილებს დავრგავთ, მათ აუცილებლად მოფრთხილება სჭირდება. ვიოლები (კონტეინერები) ერთმანეთზე არ უნდა დავალაგოთ. სასურველია ჩითილები შუქზე და ჰაერზე შევინახოთ და ისინი სიცივისგან დავიცვათ.

ჩითილები დარგვამდე აუცილებლად უნდა მოირწყას, რადგან ეს პროცესი აადვილებს ნერგის კონტეინერიდან უვნებლად ამოღებას. ჩითილის წყლიანობა მის ფესვზე ხელის მოჭერით კონტროლდება. თუ საჭიროა მორწყვა, მაშინ მთლიანი ყუთი, ან რამდენიმე ჩითილი ფესვის ყელისა და ფოთლების დაუსველებლად წყლით სავსე ავზში უნდა ამოვავლოთ.

თუ დარგვას ერთ დღეზე მეტხანს ვერ შევძლებთ, ჩითილები აუცილებლად ყუთიდან უნდა ამოვიღოთ და ჰაერის ცირკულაციისთვის ვიოლები უნდა გაიხსნას.

რაც შეეხება ჩითილების დარგვას, მცენარე უმჯობესია დავრგოთ ცხელ საათებში, ეცადეთ დილით ადრე და საღამოს გვიან არ დარგოთ.

ჩითილების ვიოლიდან ამოღებისას უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ფესვების ყელი არ დავაზიანოთ. საჩითილე ორმო ნერგის ფესვების ზომის შესაბამისად უნდა გაიხსნას, არ უნდა იყოს არც ძალიან ვიწრო და არც ძალიან ფართო. შემდეგ მიწით გარს შემოვუტკეპნით ისე, რომ ფესვი არ დაზიანდეს. დარგული ჩითილები აუცილებლად საკმარისად უნდა მოირწყას. თუ წვეთოვან სარწყავ სისტემას იყენებთ, მილი ნერგისგან 3-4 სმ მოშორებით უნდა იყოს. უმჯობესია მოვრწყათ დღეში სამჯერ — დილით, შუადღეს, საღამოს. დარგვიდან ერთ კვირაში ჩითილი (მისი ზომის მიხედვით) უნდა მივაბათ თოკზე ან სარზე, სხვა შემთხვევაში ჩითილები ჩამოიხრებიან და მიწას შეეხებიან.

© Courtesy by Erhan Zorluპომიდორი
პომიდორი - Sputnik საქართველო
პომიდორი

– რას ნიშნავს დამყნობილი ჩითილი და რა უპირატესობა აქვს მას?

— დამყნობა მებაღეობის უნიკალური კულტურაა,  რომელსაც აღმოსავლეთ აზიაში მრავალი წლის მანძილზე იყენებდნენ, რათა ეწარმოებინათ ინტენსიური მიწათმოქმედება მოცულობით მცირე სახნავ ტერიტორიაზე. ჩითილის მყნობის ტექნოლოგია ევროპაში მე-20 საუკუნის ბოლოს გავრცელდა. მოგვიანებით დამყნობის კულტურას გაეცნო ჩრდილოეთ ამერიკაც და რაც დრო გადის, უფრო მეტი ქვეყანა ერთვება ამაში. დამყნობილი ჩითილი სრულიად ჯანმრთელი და უვნებელია. მისი მომზადების პროცესი კი ძალიან საინტერესოა. ამისთვის საჭიროა ორი სახის ჩითილი. პირველი — ჩითილი, რომელსაც გამძლე ფესვები და ჯანმრთელი ზრდისა და განვითარების პროცესი აქვს (საძირე), ქვეწარმავლების, ვირუსების და ზიანის მომტან მწერების მიმართ გამძლეა, თუმცა ძალიან პატარა ნაყოფი აქვს და დიდ მოსავალსაც ვერ იძლევა. ხოლო მეორე ჩითილი, რომელსაც დიდი და პრიალა ფოთლები აქვს, გაზრდის შემთხვევაში დიდი და გემრიელი ნაყოფი მოაქვს, სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ფესვების გამო მალე ვირუსდება. საძირეს ტოტი ძლიერი წერტილიდან უნდა მოვჭრათ და გადავაგდოთ, დარჩენილი ნაწილი დასამყნობად გამოიყენება. იგივე სახით გემრიელი ნაყოფის მქონე ჩითილს ვაჭრით ძლიერი წერტილიდან თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს ვტოვებთ და საძირეს დარჩენილ ნაწილთან ვაერთებთ (ვამყნობთ). ძლიერი ჩითილის ფესვი და სუსტი ჩითილის თავი მაგრდება პატარა კლიფსით. შედეგად ვიღებთ იდეალურ პირობებში მყოფ, ჯანმრთელ, მოსავლიან და ძლიერ ჩითილს.

© Courtesy by Erhan Zorluკიტრი
კიტრი - Sputnik საქართველო
კიტრი

დამყნობილი ჩითილები ბევრად მცირე ტერიტორიას მოითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივი. დაახლოებით 20-50%-ით ნაკლები დამყნობილი ჩითილია საჭირო, რადგან დამყნობილი ნერგის ფესვები უფრო სწრაფად იზრდება, შესაბამისად, მცენარე ვრცელდება უფრო დიდ ტერიტორიაზე. მდგრადია ფესვების და ნიადაგის სხვადასხვა დაავადებებისა და პარაზიტების მიმართ, როგორებიცაა: ფუსარიუმი, ვერტიცილიუმი, კორკი, ნიადაგის ნემატოდები. შესაბამისად, ნიადაგის დაავადებებთან საბრძოლველად ნაკლები ქიმიკატების გამოყენება დაგჭირდებათ.

დაბალ ტემპერატურაზეც კი დამყნობილი ჩითილები უკეთესად ატარებენ ნიადაგიდან მოწოდებულ წყალსა და სხვა სასარგებლო ელემენტებს. ყოველწლიურად, ერთი და იმავე მიწისგან არის შესაძლებელი მოსავლის მიღება. იგივე ფესვიდან ორჯერ ან სამჯერ მიიღება მოსავალი (განსაკუთრებით საზამთრო). რამდენადაც ფესვების სისტემა კარგადაა მოწყობილი, 30%-ით ნაკლები სასუქია საჭირო. თუ დამყნობილ ჩითილებს ჩვეულებრივ ჩითილებს შევადარებთ, ყველაზე მძიმე პირობებშიც კი 10–50%-ით უფრო მეტ მოსავალს და სარგებელს იძლევა. სათანადო მოვლისა და გაფრთხილების პირობებში ფერმერი იღებს მინიმუმ ორჯერ მეტ მოსავალს. მცენარეები უფრო სწრაფად იზრდებიან, შესაბამისად, მოსავლიანობის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. დამყნობილი ჩითილი, ჩვეულებრივთან შედარებით, მეტად ძვირი ჯდება, თუმცა მოსავლიანობა იმდენად დიდია, მაინც დიდ შემოსავალს მიიღებთ. მწიფე ნაყოფი უფრო დიდი ხნით არის მდგრადი გაფუჭებისადმი.

© photo: courtesy of Erhan Zorluსათბური
სათბური - Sputnik საქართველო
სათბური

– დამყნობილი ჩითილის დარგვა განსხვავებულად ხდება?

— დამყნობილი ჩითილები აუცილებლად მშრალ და გრილ ადგილზე უნდა შეინახოთ, მაგრამ ფესვების უწყლოდ დატოვება არ შეიძლება, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. არ შეიძლება ყუთების ერთმანეთზე დალაგება. ჩითილების დარგვას მიწოდებიდან სამი დღის განმავლობაში თუ ვერ შეძლებს ფერმერი, უნდა დაგვიკავშირდეს და ჩვენი აგრონომი მისცემს მითითებებს, რომ ჩითილები ჯანსაღ მდგომარეობაში დარჩეს.

დამყნობილი ჩითილის დარგვისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი: დარგვის პროცესში მიწა კარგად უნდა იყოს დაპრესილი ფესვებს ქვეშ და გარშემო. დარგვისას დამყნობილი ნაწილი და ღერო არ უნდა ეხებოდეს მიწას და არასასურველია მცენარის ბევრი წყლით გაჯერება. დარგვის შემდეგ მცენარეებს ესაჭიროებათ რეგულარული მორწყვა, ამიტომ კარგად უნდა მოეწყოს სარწყავი და სასასუქე სისტემა, რაშიც ჩვენი აგრონომები გაუწევენ კონსულტაციას ფერმერებს. შესაწამლი ნივთიერებები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება. უნდა მოერიდონ წამლის ხშირ გამოყენებას. დამყნობილი ჩითილები მიწაში ცივი ტემპერატურის წინააღმდეგ გამძლეა. მალევე მიეჩვევა იქ არსებულ ტემპერატურას.

– სამომავლოდ რა სიახლეებს გეგმავთ?

— პროექტის მეორე ეტაპი ჰიბრიდული თესლებია. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. გადარჩევა, გამოყვანა და რეაბილიტაციაა აუცილებელი. ერთი კილო თესლი ოქროზე ძვირია. არც ეს ტექნოლოგიაა ჯერჯერობით დანერგილი საქართველოში. თუმცა ეს შედარებით ხანგრძლივი პერსპექტივაა. დაახლოებით ორი წელიწადი სჭირდება ლაბორატორიულ სამუშაოებს. მარტო 2-3 წელი გენეტიკური კოდების გამოყვანისთვის არის საჭირო. აუცილებელია სტუდენტები ჩავრთოთ სამუშაოებში. ეს ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. დაახლოებით 50 ადამიანზეა საუბარი. მომავალში საქართველოში თესლის ბაზა გაკეთდება. ეს დიდ მოსავალს მოგვცემს. ბუნებრივია, მიზნობრივი აუდიტორია მარტო ქართული არ იქნება, ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებსაც მოვამარაგებთ. ჩითილების ექსპორტი საფრთხილო თემაა. ხანგრძლივი დრო გზაში – სერიოზული პრობლემაა, ჩითილი ფუჭდება, ამიტომ აზერბაიჯანს სხვა ქვეყნებიდან ჩითილების შემოტანა არ აწყობს, საქართველო კი ამ მხრივ კარგ პოზიციაზეა. თუ ჩვენ მზა, ხარისხიანი ჩითილები გვექნება, ორივე სახელმწიფო მოგებული დარჩება.

ყველა ახალი ამბავი
0