მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Harvey Barrison / Cape Town_2012 05 14_0222კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი
კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე „Sputnik–საქართველოს“ მკითხველებისთვის მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების გაცნობას განაგრძობს.

მცენარეთა სამეფოდ ცნობილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ კეიპტაუნთან ახლოს, მაგიდის მთის ძირში (მთა კეიპტაუნის სამხ.-დასავლეთით, დასახლებული ძირითადად სამხ. აფრიკის ენდემებით). ბაღის ფართობი 530 ჰექტარს მოიცავს. სადაც 40 ჰა-ზე მიმდინარეობს ინტენსიური საბაღო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. დანარჩენი ტერიტორია კი მთების, ბუნებრივი ტყეების და ფინბოშის მცენარეულობით არის შექმნილი და პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული (აფრ. fynbos — სამხ. აფრიკის კაპას (კაპლანდის პროვინცია) ფლორისტული რეგიონისთვის დამახასიათებელი ცივი ზამთრისა და ცხელი ზაფხულის ამტანი სახეობებით ყველაზე მდიდარი, მარადმწვანე, ხეშეშფოთლიანი, ბუჩქოვანი მცენარეების ტიპი. აერთიანებს 9000 სახეობას (აფრიკული სახეობების 20%), მათ შორის 6200 ენდემია და გვევლინება მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვან ბიომად).

CC BY 2.0 / Flickr/ Meraj Chhaya / Kirstenbosch Panorama ხედი კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღზე
მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ხედი კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღზე

აფრიკის კონტინენტზე ყველაზე ლამაზი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაღი, შედის მსოფლიოს საუკეთესო ბოტანიკური ბაღების შვიდეულში და პირველია ბოტანიკურ ბაღებს შორის, რომელიც 2004 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.

კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1913 წელს სამხრეთ აფრიკის ადგილობრივი ფლორის შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით. ცნობები ადრეული პერიოდის კირსტენბოშის შესახებ არ არის შემონახული. თუმცა, ბაღის ისტორია დაარსებამდე გაცილებით ადრე იწყება.

CC BY 2.0 / Flickr / Brent Newhall / Birds of Paradise„სამოთხის ჩიტი“ კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში
მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
„სამოთხის ჩიტი“ კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

კოლონიზაციამდე სამხრეთ აფრიკის ადგილობრივი მოსახლეობა კირსტენბოშის ტერიტორიას მებაღეობისთვის იყენებდა. ამაზე მეტყველებს მიწის დასამუშავებელი — სახნავი და სათხრელი ქვის იარაღების აღმოჩენა ბაღში. ასევე ცნობილია, რომ კირსტენბოშის ტყეებს იყენებდნენ მერქნის დასამზადებლად, რასაც ტყეებში მოწყობილი ბილიკები და ბაღის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნანგრევებიც ადასტურებს.

დაუდგენელია კირსტენბოშის სახელის წარმომავლობა. ერთ-ერთი ვერსიით, ამ მიდამოებში კირსტენის გვარის ბევრი ოჯახი ცხოვრობდა. სწორედ ამიტომ ტერიტორიას კირსტენბოში დაერქვა (Kirstenbosch — „კირსტენის ტყეები“).

CC BY-SA 2.0 / Flickr/Harvey Barrison / Kirstenbosch National Botanical Gardens / Aloe arborescens "Rycroft"კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი
მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

კოლონიზაციის შემდეგ მაგიდის მთის აღმოსავლეთ კონცხზე აფრიკაში ჩამოსახლებულმა ევროპელებმა გააშენეს ველური ნუშის ხეები და მაყვლის ბუჩქები. ბაღში დღემდეა შემორჩენილი „ვან რიბეკის“ ღობის სახელით ცნობილი უძველესი ცოცხალი ღობეების ფრაგმენტები.

მეთვრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში კირსტენბოშის ტერიტორია ორად იყო გაყოფილი. ხეობაში წაბლის ხეებით გამწვანებულ ერთ ნაკვეთზე  აშენებული იყო აბანო. ორივე ნაკვეთზე იდგა სახლი. 1823 წლიდან ნაკვეთები ერთი მესაკუთრის ხელში გადავიდა. დამუშავდა მიწა, დაირგო მუხის ხეები, ხეხილი და ვაზი.

1895 წელს ნაკვეთი სესილი როდესის საკუთრება გახდა. ნაკვეთზე დაიწყეს ღორების მოშენება. 1898 წელს შეიქმნა „როდეს ავენიუ“. სესილი როდესმა გარდაცვალების შემდეგ (1902 წ) კირსტენბოში მემკვიდრეობით ხალხს დაუტოვა.

CC BY 2.0 / Flickr/ Brent Newhall / The Gardens at Kirstenbosch კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი
მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

აქედან იწყება კირსტენბოშის ბოტანიკური ბაღის დაარსების ისტორია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ პირსონს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 1903 წელს მიწვეულ იქნა ბოტანიკის კათედრის ხელმძღვანელად ახლად გახსნილ კოლეჯში. 1911 წელს პირსონი ეწვია კირსტენბოშს (შემდეგ აქ დარჩა კიდეც) ბოტანიკური ბაღის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების სირთულის შესაფასებლად, სადაც იმ დროისთვის მხოლოდ სარეველებით გადაბურდული ბაღები, უზარმაზარი ბუჩქებით დაფარული აბანო, ღორების მიერ გამოფიტული მიწა და უსახური ნანგრევები იყო შემორჩენილი.

ბოტანიკური ბაღის დირექტორად დანიშნული პირსონი არ შეუშინდა მძიმე სამუშაოს და ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო. ბაღის მოსაწყობად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების სიმწირის გამო დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით პირსონს რკოს და შეშის გაყიდვა უწევდა.

მისი მიზანი იყო გაველურებული ბუნება ბაღ-პარკული შემოქმედების უნიკალურ შედევრად გადაექცია. მთის ფერდობების გარშემო ბაღის ტერიტორიაზე მცენარეებისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად შეტანილ იქნა დიდი ოდენობით მიწა. მთის ფერდობებიდან მოტანილი ქვებით გარემონტდა ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობები, აღდგა ღობეები, ქვის კედლები, ბაღები და სხვ.

CC BY 2.0 / Flickr/ Brent Newhall / The Gardens at Kirstenboschკირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი
მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

კირსტენბოში სხვა ბოტანიკური ბაღებისგან გამორჩეული რომ ყოფილიყო, პირსონს სურდა ალოეს მდიდარი კოლექციების შექმნა. თუმცა, მისი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ჟანგას და სხვა დაავადებების მასობრივი გავრცელების გამო ალოეს კოლექციებს ადაპტაცია გაუჭირდა.

დაარსებიდან ორ წელიწადში ბაღის ტერიტორიაზე ნანგრევები და ეკალ-ბარდები უჩვეულო მცენარეთა ულამაზესმა ნარგავებმა ჩაანაცვლა.

1916 წელს პირსონი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, რომ ვერ დაასრულა დაწყებული საქმე. იგი დაკრძალეს ბაღში, საფლავზე კი წაწერილია ეპიტაფია: „თუ თქვენ ეძებთ მის ძეგლს, მიმოიხედეთ გარშემო“.

კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარებაზე ზრუნავდა არაერთი ნიჭიერი მებაღე და დიზაინერი, რასაც ადასტურებს კიდეც ბაღის გამორჩეული ლანდშაფტურ-არქიტექტურული დიზაინი.

CC BY 2.0 / FLickr/ Luiz Gadelha Jr. / Kirstenbosch National Botanical Garden, Cape Townკირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი
მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

პირველი 50 წლის მანძილზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი — ბაღის კეთილმოწყობა და გამწვანება ხელით, ურიკების და სახედრების დახმარებით სრულდებოდა. დღეს საბაღო სამუშაოების ძირითადი ნაწილი მექანიზირებულია.

1970 წლიდან მოყოლებული კირსტენბოში ვითარდება და იზრდება. აქ ძირითად წარმოდგენილია სამხრეთ აფრიკის ფლორის 7000-ზე მეტი, მათ შორის, ბევრი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობა, რომლებსაც სახელმწიფო იცავს.

CC BY 2.0 / Flickr/ South African Tourism / Toursts in Kirstenbosch National Botanical Garden, Western Capeკირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ხეივანი
მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ხეივანი

ორანჟერეაში შექმნილია სავანის, კარუს, ფინბოშის და აფრიკის სხვა რეგიონებიდან ინტროდუცირებული კოლექციები. ღია გრუნტზე — ძირითადად კაპას ფლორისტული რეგიონის იშვიათ სახეობათა კოლექციები, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით: პროტეასებრნი, მანანასებრნი, ბალბისებრნი, გვიმრები, ქაფურის და რკინის ხეები, მაკლურები, უნიკალური კაკტუსების, არომატული და სამკურნალო მცენარეების ბაღები. ადგილობრივ სახეობებთან ერთად გვხვდება მუხის, ტირიფის, ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის, გარგარის, კომშის, ბროწეულის, ზეთისხილის და ვაზის ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული სახეობები.

ბაღის მთელ პერიმეტრზე ტურისტებისთვის გაყვანილია „მაგიდის მთის“ და „ეშმაკის მწვერვალის“ ფერდობებისკენ მიმავალი „სმუტის“, „კონტურული“ და სხვა ბილიკები. ბაღის ტერიტორიაზე მოწყობილია მრავალრიცხოვანი აუზები.

CC BY 2.0 / Flickr/ yeowatzup / Kirstenbosch National Botanical Garden, Cape Townკირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი
მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ბაღი განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულზეა — ყვავილობის პიკზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში  ივლისის ბოლოდან იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.

ბაღი ღიაა დამთვალიერებლებისთვის ყოველ დღე. საინფორმაციო ბიურო, მრავალრიცხოვანი მაღაზიები და კაფეები დამთვალიერებლებს კომფორტული რელაქსაციის პირობებს უქმნის. მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ მცენარეები, მიიღონ ბაღის მოვლის შესახებ რჩევები და სხვადასხვა სახის მომსახურება. მცენარეთა იშვიათი სახეობების გაცნობის გარდა, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალურად მოწყობილი მოედნებიდან დატკბნენ 12 მ სიმაღლის და 427 მ სიგრძის „დაკიდებული ხეივნის“ შეუდარებელი ხედებით. წელიწადში ერთხელ ბაღში იმართება ქვის ქანდაკებების გამოფენა. ზაფხულის თვეებში ყოველ კვირას — კონცერტები ღია ცის ქვეშ.

კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ადგილობრივი ფლორის შესწავლის მიმართულებით. აქ მოღვაწე მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, წიგნი და მონოგრაფია სამხრეთ აფრიკის ფლორის შესახებ. აგრეთვე პერიოდული გამოცემა — კირსტენბოშის მებაღეობის სერია.

2015 წელს ბაღების ტურიზმის საერთაშორისო ორგანომ კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი წლის საუკეთესო ბოტანიკურ ბაღად აღიარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0