07:34 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ბროწეული

„სამოთხის ვაშლი", რომლითაც ევა აცდუნეს

CC BY 2.0 / Flickr/shirley binn / pomegranates
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
15931

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე სანელებლების რუბრიკაში ყველასთვის ნაცნობ ხილს - ბროწეულს წარმოგიდგენთ, რომელიც დიდი ხანია ქართული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა.

ბროწეული — Punica granatum L., Гранат, ბროწოლი, ბრაწოული, ბრეწოული, ბროწოული, ბროწოლ, ბერწეული, ბერწული — ბროწეულისებრთა ოჯახის ეკლიანი, ფოთოლმცვენი, ყინვაგამძლე, ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნი ბუჩქი, ან ტანდაბალი ხე-მცენარეა, პრიალა ფოთლებით და კაშკაშა წითელი, თეთრი, ან ვარდისფერი ყვავილებით. ტყავისებრი პერიკარპიუმით დაფარული ნაყოფი შინიდან თხელი ტიხრებით ბუდეებადაა დაყოფილი, რომლებშიც წვნიანი გარსით დაფარული თესლებია მოთავსებული.

ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის, შუა და მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის და ამიერკავკასიის მთიან რაიონებში. საქართველოში ბუნებრივად გვხვდება იმერეთში, ლეჩხუმში, გურიაში, ქართლსა და კახეთში, ნათელი ტყეების არეში, ჯაგნარებში, დასავლეთ საქართველოს კოლხური ტიპის ბუჩქნარებში, მშრალ ფერდობებზე, მდინარის ტერასებზე და ხევის პირებზე.

ბროწეული
ბროწეული

მცენარე მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. მიწისზედა მწვანე ნაწილებში, ქერქში, ნაყოფებსა და ფესვებში უხვადაა ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, საღებავები. დაუმწიფებელი ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ლიმონმჟავას, აზოტოვან ნივთიერებებს, ფიტონციდებს და მცირე რაოდენობით C ვიტამინს. ყვავილში დიდი რაოდენობითაა ანთოციანები. ბროწეულის წვენიდან იღებენ სუფთა ლიმონმჟავას, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა წარმოებასა და კულინარიაში.

ბროწეულის წვენი
ბროწეულის წვენი

ბროწეულის გამოსახულებები ნაპოვნია ეგვიპტის პირამიდებზე, ძველ ბიზანტიურ ქსოვილებზე, ძველი ბერძნების და არაბების ორნამენტებში. ეგვიპტის ფარაონები ბროწეულის სასწაულმოქმედ წვენს სხეულის და სულის გამაჯანსაღებელ საშუალებად თვლიდნენ. ძველი ეგვიპტელების და ასირიელების სკულპტურებზე ბროწეული გამოსახულია როგორც „სიცოცხლის ხე“.

მცენარეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ძველი ხალხების კულტურასა და მსოფლიო რელიგიებში. არსებობს მოსაზრება, რომ ბროწეულია ის „სამოთხის ვაშლი“, რომლითაც აცდუნა გველმა ევა. ყურანის მიხედვით, ბროწეულის ხეები იზრდება სამოთხის ბაღში.

ბროწეული
ბროწეული

ბროწეული სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. მუსლიმებისთვის — სულიერი განწმენდის სიმბოლოა. წინასწარმეტყველი მუჰამედი მოუწოდებდა ბროწეულის გამოყენებას საკვებში, ითვლებოდა, რომ ნაყოფის წვენი ადამიანს წმენდდა შურისა და სიძულვილისგან. ინდუიზმში — ღვთის მიერ კურთხევის ნიშანია, კორეაში — ღმერთების საკვები, რომელსაც უძღვნიდნენ გარდაცვლილ წინაპრებს. ძველი ქრისტიანები მრავალმარცვლიან ნაყოფს ალეგორიულად აიგივებდნენ უთვალავი მორწმუნე ადამიანის მფარველ ტაძართან. ქრისტიანულ ხელოვნებაში ბროწეულის ნაყოფი — უკვდავების და აღდგომის, წითელი წვენი — მოწამეთა, ერთიან გარსში შეკრული მარცვლები კი — სამეფოს ერთიანობისა და მონარქისადმი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენდა.

ყრმა ქრისტეს ხელში უჭირავს ბროწეული
ყრმა ქრისტეს ხელში უჭირავს ბროწეული

ქრისტიანულ იკონოგრაფიაში მაცხოვრის ხელის გულზე გამოსახული ბროწეული ქრისტეს აღდგომის ერთ-ერთი სიმბოლოა. ანალოგიური მნიშვნელობისაა ჯვრით გამოსახული ბროწეული წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხელში.

სხვადასხვა ქვეყანაში ბროწეული სიცოცხლის, მზის, უკვდავების, ერთგულების, სიყვარულის, ნაყოფიერების, ქორწინების, სითბოს, სიკეთის, სიმდიდრის სიმბოლოა. უამრავი ლეგენდა, მითი და თქმულებაა შემორჩენილი ამ მცენარის შესახებ. არის მოსაზრება, რომ ბროწეულის ყვავილის ჯამის ფოთოლაკების ფორმის მიხედვით შეიქმნა სამეფო გვირგვინის პირვანდელი ფორმა.

ოქროსფრად შეღებილი, გახლეჩილი ბროწეულის ნაყოფი — 12 წითელი მარცვლით — კლასიკურ ჰერალდიკაში სრულყოფილების სიმბოლოს ასახავს. ასეთი ემბლემაა გამოსახული ესპანეთის პროვინციის ისტორიულ გერბზე და კოლუმბიის სახელმწიფო გერბზე.

Punica granatum - ბროწეული
Punica granatum - ბროწეული

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ბროწეულის პირველი ხე კვიპროსზე სიყვარულის ქალღმერთმა აფროდიტემ დარგო. ალბათ ეს თქმულება უდევს საფუძვლად ბერძნულ ქორწილში ბროწეულის გახლეჩის ტრადიციას, რაც ნაყოფიერების გამომსახველია, ბროწეულის წვენი კი ისმევა, როგორც „სიყვარულის ელექსირი“. ჩინური ტრადიციით, ქორწილის დროს ახალდაქორწინებული წყვილისთვის ბროწეულის მარცვლების მირთმევით მათი კურთხევა ხდება.

ბროწეულის ნაყოფი ფართოდ გამოიყენება როგორც ნედლი ხილი საჭმელად. მისგან ამზადებენ წვენებს, ექსტრაქტებს, სიროფს, გამაგრილებელ სასმელებს, ღვინოს და სხვ. წვენი და მარცვლები გამოიყენება კულინარიაში — წვენისგან მზადდება პიკანტური გემოს მქონე სოუსი „ნარშარაბი“ (აზერბაიჯანული სოუსი — სუნელებით შეზავებული შესქელებული ბროწეულის წვენი). ქართულ სამზარეულოში ბროწეულის ნაყოფები გამოიყენება ფხალეულის, თევზეულის და ხორციანი კერძების შესაკმაზად.

ბროწეული საკვებში
ბროწეული საკვებში

მცენარის გამოყენება სამკურნალო მიზნით დაიწყო ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე. ჰიპოკრატე ბროწეულის წვენს იყენებდა კუჭ-ნაწლავის, ხოლო ნაყოფის კანს — თავის ტკივილის სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში ბროწეულის წვენი იხმარება ყელის ტკივილისას, ყვავილების ნახარში — კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ. ყვავილებისა და ფესვებისგან დამზადებული ფხვნილები — სურავანდის სამკურნალოდ. ღეროსა და ტოტების ნახარში — ჭიების საწინააღმდეგოდ.

ქართულ ხალხურ მედიცინაში ბროწეულის წვენი გულის, ღვიძლისა და მუცლის ტკივილის დროს იხმარებოდა. ასევე კუჭის აშლილობის, თავის ტკივილის და ნაბახუსევის მოსახსნელად.

სასარგებლოა არა მხოლოდ ბროწეულის ნაყოფი, არამედ ნაყოფის ქერქი, ფოთოლი, კურკა, ხის ქერქი და ფესვები
სასარგებლოა არა მხოლოდ ბროწეულის ნაყოფი, არამედ ნაყოფის ქერქი, ფოთოლი, კურკა, ხის ქერქი და ფესვები

დავით ბაგრატიონი წერს: „კაცსა რომე სტომაქის თავი სტკიოდეს, ან ღვიძლნაწყენად იყოს, ან ლაცი გულზედა სუსტად იყოს და ესე ბროწეულის შარბათი სვან, გულსა, ღვიძლსა და სტომაქსა, სამსავ მწოვედ არგებ და დააძალიანებს, საფრას მოჰკუეთს და გააქარვებს, და კაცი რომე მუცელშიგა გახსნით იყოს, მუცელშიგა შეჰკრავს“. ან „ბროწეულის შარბათი გრილ და ხმელია. კაცსა რომე სისხლისა და სიმხურვალისაგან და ან ღვინისაგან თავი და საფეთქლები სტკიოდეს და ესე ბროწეულის შარბათი სვას, თავისა და საფეთქლების ტკივილსა მაშინვე უშველის, სისხლისა და სიმხურვალესა დაავსებს“.

ბროწეულის ყვავილი
ბროწეულის ყვავილი

დიდი ოდენობით მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო მცენარის ღეროს ქერქი და ფესვები იხმარება ტყავის დასათრიმლად. ნაყოფის კანისგან მზადდება შავი საღებავი, რომლითაც იღებება შალეული, აბრეშუმი და ტყავი. ყვავილებიდან იღებენ მეწამული ფერის საღებავს.

მბზინავი ფოთლების და კაშკაშა ყვავილების მქონე ბროწეული ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში.

გასული საუკუნის 90-იან წლებში იმერეთში, კახეთში, გურიასა და აჭარაში 400,17 ჰა ფართობებზე გაშენებული იყო ბროწეულის ჯიშები: „ვარდისფერი გულოშა“, „ყირმიზი-ყაბუხი“, „შაჰ-ნარი“, „სალავათური“.

მცენარე შეტანილია „წითელ წიგნში“.

 

მთავარი თემები