საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს: „საქსტატის“ მონაცემები

გამოწერა
2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით, 14,6%-ით შემცირდა და 10,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) მონაცემებით, 2020 წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდში ექსპორტზე 3 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 11,3%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 7,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–ნოემბერში დაახლოებით 4,2 მლრდ დოლარზე შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,9%-ია.

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,3%-ია. 

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 831,3  მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – დაახლოებით 555,7 მილიონი დოლარი, უკრაინა – 539,2 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 568,4 მილიონი დოლარი, გერმანია – დაახლოებით 404,4 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – დაახლოებით 383,4 მილიონი დოლარი, იტალია – 193,7 მილიონ დოლარზე მეტი.

ყველა ახალი ამბავი
0