04:38 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
39810

საბჭოთა პერიოდში, როდესაც ყველაზე დიდი იმპერია დანარჩენი სამყაროსგან რკინის ფარდით იყო გამოყოფილი, ამ ადამიანს ყველგან, კაპიტალისტურ ქვეყნებშიც კი უპრობლემოდ უშვებდნენ, თანაც ჯგუფის ხელმძღვანელად.

ამ ამბავში ყველაზე საოცარი ის ფაქტია, რომ ეს პიროვნება არათუ „კაგებეს“ კადრი არ იყო, პარტიულიც კი არასოდეს ყოფილა. ასეთი პრივილეგიები კი უპარტიო „ამხანაგისთვის“ იმ დროში წარმოუდგენელი ამბავი გახლდათ. თუმცა, ერთი ახსნა ამას მაინც მოეძებნება: ამგვარი გამონაკლისი კომუნისტებმა მისი მაღალი პროფესიონალიზმის გამო დაუშვეს. საუბარია ინჟინერ-ენერგეტიკოსზე და ავტომატიკა-წარმოების მართვის სისტემების მაღალი დონის სპეციალისტზე, ბატონ ნოდარ გვენეტაძეზე, რომელსაც იმ დროს ყველაზე უახლესი და თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების რეგულაცია ევალებოდა. კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მას უშუალო შეხება ჰქონდა ინგლისელ, გერმანელ, იტალიელ, ფრანგ და ამერიკელ წამყვან სპეციალისტებთან, რომლებიც მისგან კონსულტაციას ითხოვდნენ. მოკლედ, მისი ამბავი საბჭოთა რეალობაში ჩამონტაჟებული კადრივით იყო. ბატონი ნოდარი დღეს 89 წლისაა, თუმცა მსგავსი ნათელი გონებისა და უნაკლო მეხსიერების ადამიანი იშვიათად თუ შეგხვდებათ.

ნოდარ გვენეტაძე
ნოდარ გვენეტაძე

— ბატონო ნოდარ, თავიდანვე მინდა გკითხოთ – მართალია, რომ თქვენ, ასეთი ცნობილი სპეციალისტი, კომუნისტების დროს პარტიული არასდროს ყოფილხართ?

— დიახ, მართალია. ეს ფაქტი მე 1975 წელს საკავშირო ცკ-ში გასაუბრებაზეც არ დამიმალავს. დავმალავდი და ჩემი აჯობებდა! იქ დაუფარავად, პირდაპირ ვაღიარე, პარტიის წევრი არ ვარ–მეთქი. სამაგიეროდ ჩვენ ყველანი ვართ პარტიულებიო, მიპასუხეს. როცა ვუთხარი, არც პროფკავშირის წევრი ვარ–მეთქი, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ: ეს როგორ, ჩვენთან ხომ, ვინც იბადება, ყველა ოქტომბრელი და პროფკავშირელიაო! მიუხედავად ამისა, მაშინ საქართველოს „ცეკამ“ ყველაფერში ამიბა მხარი – არ გვაინტერესებს, პარტიული რომ არ არისო. როცა ედუარდ შევარდნაძემ გაიგო, რომ ინგლისში და საფრანგეთში მარტო მე მითხოვდნენ, ასე თქვა, მიხედეთ მაგ კაცს, არ არის დასაკარგავიო. მერე ის მომენტიც იყო, რომ კომუნისტებმა თქვეს, Кадры решают все, რადგან დაინახეს, რომ მაღალი რანგის სპეციალისტების გარეშე დარჩნენ.

ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვიყენებდით ამერიკულ და იაპონურ ლაზერულ ტექნიკას მეტალურგიაში. სხვათა შორის, იმის დასტურად, რომ კარგი სპეციალისტები გვყავდა, ეს ფაქტიც გამოდგება. როცა 70-იან წლებში ინგლისიდან დაიწყეს ჩაის საკრეფი ავტომატური ხაზების შემოტანა, იმას, რასაც აქ ორ კვირაში ვაკეთებდით, იქ სამ თვეს ანდომებდნენ.

— შეგიძლიათ გვითხრათ, რა უპირატესობა გქონდათ უცხოელ სპეციალისტებთან შედარებით, და ამის დასტურად რაიმე შემთხვევა გაიხსენოთ?

ნოდარ გვენეტაძე და მისი ვაჟი, მორაგბე ირაკლი გვენეტაძე
ნოდარ გვენეტაძე და მისი ვაჟი, მორაგბე ირაკლი გვენეტაძე

— ერთ მაგალითს გავიხსენებ, როცა ერთი ტექნიკური ხასიათის „ომი“ მოვიგეთ. იმ პერიოდში ძირითადი თემა ის იყო, რომ ჩვენი პროგრამა ტექნიკურ სიახლეზე, ანუ „ნოუ-ჰაუზე“ უნდა აგვეგო. ამიტომ ის უცხოელებისგან უნდა შეგვეძინა. მისი ფასი 1,2 მილიონი მარკა იყო. რუსებმა ამიხსნეს, ფასი უნდა დააკლებინოო და წავიდა ტექნიკური ჭიდაობა. მოგეხსენებათ, უცხოელებს ვიწრო სპეციალობის განათლება აქვთ, მათ იციან მარტო „აქედან აქამდე“, ჩვენ კი ყველაფერს გვასწავლიდნენ. ყოველ 15 წუთში ერთხელ ახალ-ახალი ხალხი მოჰყავდათ, მაგრამ ჩემს პრეტენზიებს ვერც უარყოფდნენ და არც მეთანხმებოდნენ. „კაგებეშნიკს“ და თარჯიმანს, რომლებიც მოლაპარაკებას ესწრებოდნენ, ფერი არ ედოთ. მთხოვდნენ დავა შემეწყვიტა. ქართველები კი, მოგეხსენებათ, გენეტიკურად ჯიუტები ვართ. ბოლოს ბოდიშის მოხდით მითხრეს, რომ მათი მთავარი სპეციალისტი, გვარად რეგა, დიუსელდორფში იყო და როცა ჩამოვა, მაშინ განვაგრძოთ საუბარიო.

დილით, უძილო ღამის მერე, წავედი ფირმაში. შემოვიდა ტექნიკური დირექტორი და ბოდიში მომიხადა, რეგამ დაადასტურა, რომ მართალი ხართო. მერე კი საწყობში შესვლა შემომთავაზა, რაც გაგიხარდებათ, აირჩიეთო. მჩუქნის! რას იტყვიო, მკითხა თარჯიმანმა. არაფერი მინდა, ოღონდ „კაგებეს“ თანდასწრებით გაიმეოროს იგივე–მეთქი. რა პრობლემააო? შემოვიდა „კაგებე“ და იმანაც ყველაფერი გაიმეორა. გგონიათ, დაიბნა? ეგრევე თქვა: ზნალი კავო ბრალი საბოიო.

ასპინძაში მორაგბეების ბაზაზე
ასპინძაში მორაგბეების ბაზაზე

ისე, პარტიული რომ არასდროს ვყოფილვარ, ამის გამო თანამდებობის პირი ვერ გავხდებოდი.

— თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი, ვისაც საბჭოთა პერიოდში ლაზერულ ტექნიკასთან ჰქონდა შეხება...

— ლაზერულ ტექნიკასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 1976 წელს ერთობლივი სამუშაო ინგლისის ერთ-ერთ ფირმასთან გვქონდა. ამისთვის მაშინ ლონდონში ჩავფრინდით. ეს იყო ჩვენი პირველი ვიზიტი უცხოელ პატრნიორებთან. მანამდე, 1975 წელს ისინი იყვნენ თბილისში. როცა პარტნიორებმა საუზმეზე დაგვპატიჟეს, უარი ვთქვით — რა დროს ჭამა იყო, ლონდონის დათვალიერება გვინდოდა.

შეფილდის ფირმაში რომ მივედით, ღირსეულად გაგვიმასპინძლდნენ. თანაც ბოდიშებს გვიხდიდნენ, თქვენებური პურ-მარილი არ გვაქვს, გვაპატიეთო. მანამდე ფუნიკულიორის რესტორანი მაგრად მოეწონათ. უცბად გავარდა ხმა, შეფილდში საბჭოთა სპეციალისტები არიანო. ეს ის დრო იყო, როცა საბჭოთა კავშირს ლამის მარტო სუხიშვილი-რამიშვილის ანსამბლით იცნობდნენ.

ნოდარ გვენეტაძე
Photo: courtesy of Nodat Gvenetadze
ნოდარ გვენეტაძე

— როდესაც უცხოელების ცხოვრებას ახლოს ეცნობოდით, ალბათ ბევრი რამ გაოცებდათ, თუნდაც მათი ცხოვრების წესი ან დამოკიდებულებები.

— ამაზე გამახსენდა ერთი ამბავი, რომელიც გერმანიაში მოხდა. დორტმუნდში ჩასულები, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გერმანული ფირმის დირექტორმა სახლში მიგვიწვია. საკმაოდ სიმპათიური, ასაკოვანი ცოლ-ქმარი იყო. მახსოვს, მეუღლემ გამოგვკითხა ოჯახური მდგომარეობა და ჩვენც ჩვენი ვუთხარით. ბოლოს ზრდილობიანად მოვიკითხე მისი ამბავი. მითხრა, ერთი შვილი გვყავდა, დიდი ხანია გარდაიცვალა და მარტო დავრჩით, შვილი სახლის ეზოში გვყავს დასაფლავებული და თუ პატივს დამდებთ, მის საფლავზე გავიდეთო.

რა თქმა უნდა, გავედით და რას ვხედავ?! ჩვეულებრივი საფლავია, რკინის ღობით და მარმარილოს ქვით გაწყობილი და სურათი წარწერით. მაგრამ წარწერის ზემოთ ჩარჩოში საკმაოდ სიმპათიური... ოთახის ძაღლის ფოტოა! არ მეშლება, ნამდვილად ძაღლი იყო. მაგრამ იმ ქალბატონის დაღვრემილ სახეს რომ შევხედე, გაღიმების სურვილი არც კი გამჩენია...

ნოდარ გვენეტაძე
ნოდარ გვენეტაძე

— ის ფაქტი, რომ თქვენ გარკვეული უპირატესობით სარგებლობდით, სხვებისთვის შურის საგანი ხომ არ ხდებოდა?

— რა გითხრათ... ისე, სულ მიმეორებდნენ, შენ მაინც ვერაფერს გეუბნებიანო, რადგან ჯგუფის ხელმძღვანელი ყოველთვის მე ვიყავი და თარჯიმანი თან დამყავდა ხოლმე. უკვირდათ, რომ გასაუბრებას საკავშირო ცეკაში გავდიოდი და უცხოეთში პირდაპირ იქიდან მიშვებდნენ.

— ერთ დღესაც, საბჭოური ტერმინი რომ ვახსენო, თქვენ „ნევიეზდნოი“ გახდით, ანუ აგეკრძალათ უცხოეთში გასვლა. რა მოხდა მაშინ?

— ეტყობა, საქართველოს ცეკაში იფიქრეს, რომ ჩემთვის, როგორც უპარტიოსთვის, ამდენი შეღავათი უცხოეთში გაშვების დროს არ უნდა დაეშვათ. ამიტომ როცა გერმანიაში წავედით, იქ სპეციალურად შემომიგზავნეს ჯგუფში თარჯიმანი, რომელიც გერმანიაში დარჩა. ამ გზით გადაწყვიტეს ჩემი „გაფუჭება“ და მოახერხეს კიდეც, რადგან მერე უცხოეთში აღარ მიშვებდნენ.

— როგორ ფიქრობთ, ამაში უშუალოდ შევარდნაძის ხელი ერია?

ნოდარ გვენეტაძე
ნოდარ გვენეტაძე

— რა თქმა უნდა, ეს ამბავი მისი მოწყობილი იყო. სხვათა შორის, საკავშირო ცეკამ ეს ამბავი გააპროტესტა, რადგან ისინი, როგორც ამ დარგის სპეციალისტს, პატივს მცემდნენ. აი საქართველოს ცეკას კი არ აწყობდა უპარტიო ადამიანი, რომელიც უცხოეთში დადიოდა. იმ დროს შევარდნაძესთან შევიდა მოსკოვიდან ჩამოსული მინისტრის მოადგილე კოვალეროვი და უთხრა, გვენეტაძეს ჩვენ წავიყვანთ, რადგან ასეთი პროფესიონალები გვჭირდებაო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოგვიანებით საქართველოში მაგრძნობინეს, უკვე ვერსად გახვალო. როდესაც იმ ინგლისურ კომპანიაში, რომელთანაც საქმიანი კავშირი გვქონდა, ეს ამბავი გაიგეს, ჩემ გამო საბჭოთა კავშირთან ამ სფეროში საქმიანი ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტეს.

— ვერ გვეტყვით, ასეთი უნიკალური მეხსიერება რის წყალობით შეინარჩუნეთ?

— სხვათა შორის, სულ ახლახან აცრებზე ვიყავი მისული და მკითხეს, ალერგია ხომ არ გაქვთ რამეზეო. სიცილით ვუპასუხე – ერთადერთი, პოლიტიკურ პარტიებზე–მეთქი. მერე მკითხეს, ნაოპერაციები ხომ არ ხართო. ვუთხარი, არა–მეთქი, იმიტომ რომ ნემსის მეშინია, აცრის დროს გაკეთებული ნემსი ჩემს ცხოვრებაში მესამეა–მეთქი. როცა ვენიდან უნდა აეღოთ სისხლი, მკითხეს, რა წამლებს იღებთო. არანაირ წამალს არ ვიღებ–მეთქი. ასეა, არაფერი მომიტყუებია. ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის სპორტით, მძლეოსნობით ვიყავი დაკავებული. ჭადრაკსაც ვთამაშობდი.

— უცხოეთში რომ გადასულიყავით საცხოვრებლად, ამაზე არასდროს გიფიქრიათ? რამეს ხომ არ ნანობთ?

— გულწრფელად გეტყვით, უცხოეთში ცხოვრების სურვილი არასდროს მქონია. მე ჩემი დარგის სპეციალისტი ვიყავი და იმ შემთხვევამდე, რაც მოგიყევით, ისედაც დავდიოდი უცხოეთში ყველგან, სადაც მინდოდა. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ის იყო, რომ კარგი სპეციალისტი ვყოფილიყავი და ჩემი ქვეყნისთვის სარგებელი მომეტანა.

მთავარი თემები