ქართველი მევიოლინის სულიერი განზომილება და კომპოზიცია, რომელიც MTV-ს ტოპ-ხუთეულში შევიდა

© courtesy of Nino Shiukashviliნინო შიუკაშვილი
ნინო შიუკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
მევიოლინე, მუსიკათმცოდნე და ივენთების ორგანიზატორი ნინო შიუკაშვილი მიიჩნევს, რომ მუსიკა ყველა შემთხვევაში ემოციის გამომწვევი სტიმულია. ამაში ჯერ კიდევ ბავშვობაში დარწმუნდა, როდესაც მის ოჯახში ყველა და ყველაფერი მუსიკით საზრდოობდა.

სრულყოფილი პროფესიული განათლება მიიღო, დაამთავრა თბილისის მეოთხე სამუსიკო სკოლა, ხელოვნების კოლეჯი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია. როგორც პროფესიონალი მევიოლინე, სხვადასხვა დროს საინტერესო შემოქმედებით შეთავაზებებს იღებდა. ბევრი მიწვევა ჰქონდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში. მის მიერ მომზადებული კომპოზიცია MTV-ს ფილიალის საიტზე მოხვდა, რის შემდეგაც საუკეთესო ხუთეულში შევიდა. 2006-2009 წლებში ჯგუფ „სინათლის წელიწადის“ ახალგაზრდულ ორკესტრში უკრავდა, აქტიურად გამოდიოდა კონცერტებზე, რომელთა ორგანიზატორიც თავად იყო. დანარჩენს თავად გაიხსენებს ინტერვიუში.

© photo: courtesy of Nino Shiukashviliნინო შიუკაშვილი
ქართველი მევიოლინის სულიერი განზომილება და კომპოზიცია, რომელიც MTV-ს ტოპ-ხუთეულში შევიდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
ნინო შიუკაშვილი

— ქალბატონო ნინო, თბილისში იყო დრო, როცა მუსიკალური შვიდწლედის დამთავრება თითქმის აუცილებლობად ითვლებოდა. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო და რატომ შეაჩერეთ არჩევანი ერთ-ერთ ყველაზე რთულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე?

— დიახ, მაშინ აუცილებლობა იყო, რომ მუსიკალური შვიდწლედი დაგემთავრებინა. ჩემ შემთხვევაში ეს ორმხრივი აუცილებლობა იყო, რადგან ვიზრდებოდი მუსიკალურ ოჯახში, სადაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, განსაკუთრებით მამას, რომ ვიოლინოს გავყვებოდი. მშობლებმა არჩევანის უფლებაც არ მომცეს, რადგან მამა კომპოზიტორია, ბაბუა ვიოლინოს პედაგოგი, ამიტომ სამომავლოდ ეს პროფესიაც თვითონ გადამიწყვიტეს. მეორე მხრივ, როდესაც ჩემს არაჩვეულებრივ ბებოს დავყავდი ვიოლინოს გაკვეთილებზე, ყოველთვის ვეძებდი ამაღლებულ ადგილს, რათა წარმომედგინა, ვითომ სცენაზე ვიდექი. ბაბუ სახლში ამეცადინებდა თავის მოსწავლეებს, მკაცრი პედაგოგი იყო.

© photo: courtesy of Nino Shiukashviliმასალის მოსმენის დროს
ქართველი მევიოლინის სულიერი განზომილება და კომპოზიცია, რომელიც MTV-ს ტოპ-ხუთეულში შევიდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
მასალის მოსმენის დროს

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პირველი პედაგოგი ლიანა თურქაძე და შემდგომ — ლაიმე გარსევანიძე, რომლებმაც ჩემში ბევრი შრომა ჩადეს და ამისთვის უღრმესი მადლობა მათ.

— წლების შემდეგ თქვენი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო...

— სიამოვნებით ვიღებდი ყველა საინტერესო შემოთავაზებას. ვუკრავდი საპატრიარქოს ორკესტრში და იმ პერიოდში ფართომასშტაბიან კონცერტებში აქტიურად ვიყავი ჩართული. 2011 წელს ვთანამშრომლობდი სასტუმრო Marriott Tbilisi-სთან. ორი წლის განმავლობაში ვუკრავდი ევგენი მიქელაძის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში, ასევე ბათუმის სიმფონიურ ორკესტრსა და ბათუმის ოპერაში. ამავე პერიოდში ვუკრავდი „ტიფლის პალასში“, ფუნიკულიორზე და სასტუმრო „რედისონში“. ტექნიკურ უნივერსიტეტში კონცერტების ორგანიზატორიც ვიყავი.

© photo: courtesy of Nino Shiukashviliნინო შიუკაშვილი კოლეგებთან ერთად
ქართველი მევიოლინის სულიერი განზომილება და კომპოზიცია, რომელიც MTV-ს ტოპ-ხუთეულში შევიდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
ნინო შიუკაშვილი კოლეგებთან ერთად

განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ვალერიან შიუკაშვილთან თანამშობლობის პერიოდი. ჩვენ მოგვარეები ვართ, ნათესაური კავშირი არ გვაქვს. მაშინ ვაკომ არ იცოდა, რომ ამ სფეროში მეორე შიუკაშვილიც მის მახლობლად ვიყავი, ამის შესახებ გვიან შეიტყო.

— სტამბულის კამერულ ორკესტრში როგორ აღმოჩნდით?

— სრულიად შემთხვევით. 2012 წელს მარმარისის სასტუმრო Marti resort de luxe-ში მიმიწვიეს, სადაც სტამბულის კამერულ ორკესტრში ვუკრავდი ბატონ მურად სამერის (Murat Summer) დირიჟორობით. სხვათა შორის, იმ ორკესტრში სულ ოთხ მუსიკოსს მოგვივიდა მოწვევა.

© photo: courtesy of Nino Shiukashviliკოლეგებთან ერთად
ქართველი მევიოლინის სულიერი განზომილება და კომპოზიცია, რომელიც MTV-ს ტოპ-ხუთეულში შევიდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
კოლეგებთან ერთად

— გაიხსენეთ საფრანგეთის საკონსულოში გამართული მუსიკალური საღამოები...

— ეს იყო 2005-2009 წლები. მაშინ საფრანგეთის საკონსულოსთან ვთანამშრომლობდი. კერძოდ, ურთიერთობა მქონდა საფრანგეთის კონსულთან ჰენრი დენისტანთან (Henry Denistan), რომლის მიწვევითაც საელჩოში ვუკრავდი კლასიკურ საღამოებზე. მაშინ კონცერტების ორგანიზატორიც გახლდით.

ყველაზე გამორჩეული საღამო ალბათ იყო საფინალო, როდესაც კონსულმა მუსიკალური შეხვედრა საკუთრ სახლში მოაწყო. ეს იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო, რადგან მალე სამშობლოში ბრუნდებოდა.

— MTV-ს მუსიკალურ საიტზე როგორ აღმოჩნდა თქვენ მიერ ჩაწერილი კომპოზიცია?

— 2009 წელს ჩემი მეგობრისა და უნიჭიერესი კომპოზიტორის იგორ შაგინიანის ნაწარმოებზე მოვამზადე პოპური, რომელიც სამუსიკო სტუდიაში ჩავწერე და როგორც გამზადებული პროდუქტი ერთ-ერთ მუსიკალურ საიტს მივაწოდე. კერძოდ, ეს იყო MTV-ს ფილიალი, რის შედეგადაც ეს კომპოზიცია საუკეთესო ხუთეულში შევიდა. მას შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ბევრი მიწვევა მქონდა. მოგვიანებით ჩემი ნამუშევარი განიხილებოდა კანადაში, კორპორაცია It market Ca inc-ში. იმ პერიოდში მსგავს პროექტებში აქტიურად ვიყავი ჩართული.

— სამი წელი უკრავდით ჯგუფში „სინათლის წელიწადი“, რამდენად განსხვავებულ მუსიკასთან გქონდათ იმ პერიოდში შეხება?

— რაც შეეხება ჯგუფს „სინათლის წელიწადი“, რომელსაც გიგი გეგელაშვილი ხელმძღვანელობს, იქ ბევრ არაჩვეულებრივ მუსიკოსთან მომიწია თანამშრომლობა. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ჯგუფის წარმატებაში რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის. გიგის კონცერტებიდან გამოვყოფდი პროექტს „თაობა 21-ე“ — ბევრი ნიჭიერი ადამიანის ერთიანობისა და დაუღალავი რეპეტიციების ხარჯზე ის კონცერტი წარმატებით შედგა.

© photo: courtesy of Nino Shiukashviliკონცერტის წინ
ქართველი მევიოლინის სულიერი განზომილება და კომპოზიცია, რომელიც MTV-ს ტოპ-ხუთეულში შევიდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
კონცერტის წინ

— თქვენს მუსიკალურ პროექტზე რას გვეტყვით?

— ივენთ კომპანია Event X ერთი წლის წინ შევქმენით მე და ჩემმა უკარგესმა პარტნიორმა და მეგობარმა თაკო ავაზაშვილმა. რამდენიმე შეკვეთა მივიღეთ, თუმცა პანდემიის გამო შევჩერდით. ეს კომპანია ივენთების დაგეგმვა-ორგანიზებას ემსახურება — სრული პაკეტით. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, აქცენტი ხარისხზე გვაქვს.

— როდესაც მარტო ხართ, ვიოლინოზე რისი შესრულება განიჭებთ უფრო დიდ სიამოვნებას?

© photo: courtesy of Nino Shiukashviliნინო შიუკაშვილი
ქართველი მევიოლინის სულიერი განზომილება და კომპოზიცია, რომელიც MTV-ს ტოპ-ხუთეულში შევიდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
ნინო შიუკაშვილი

ვიოლინოზე ყველაზე ხშირად ვასრულებ კლასიკურ მუსიკას, რომლის ე.წ. სამკურნალო ხასიათი ოდითგანვეა აღიარებული. როგორ განწყობაზეც უნდა ვიყო, ჩემთვის ის ყველა შემთხვევაში ემოციის გამომწვევი სტიმულია.

ხანდახან სურვილი მიჩნდება, განვმარტოვდე და საოცარ ბგერებთან მარტო დავრჩე. ამით საკუთარ სამყაროს — ემოციურ და სულიერ განზომილებას ვიქმნი. მუსიკა ხომ ყველაზე ადამიანური მოთხოვნილებაა...

ყველა ახალი ამბავი
0