ყველა ჩვენი პრობლემა იქიდან მოდის, რომ ამა თუ იმ დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მოთხოვნებს ხშირ შემთხვევაში არ ვითვალისწინებთ. პირველ რიგში კი ეს არქიტექტურის სფეროს ეხება. ამიტომაცაა, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში შექმნილი სიტუაცია, ფაქტობრივად, ჩიხშია მომწყვდეული.
ბატონი თამაზი წარსულში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტის ავტორია. ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს პრესაში მისი არაერთი საგულისხმო მოსაზრება დაიბეჭდა. რადგან თემა საკმაოდ სერიოზულია, გადავწყვიტეთ, რომ მის გარშემო რამდენიმე კითხვა მას ჩვენც დავუსვათ.
- ბატონო თამაზ, დავიწყოთ იქიდან, როდესაც გადაწყვიტეთ, არქიტექტორი გამხდარიყავით. მაშინ ქალაქის განვითარებისთვის ათწლიან გენგეგმას იღებდნენ, როგორი სიტუაცია იყო ზოგადად?
- ეს იყო ქართველი არქიტექტორების და ქართული არქიტექტურის განვითარების საუკეთესო ხანა. იმ დროს თბილისი მკაცრი არქიტექტურული ზედამხედველობის გავლენით ვითარდებოდა. ისეთი უნივერსალური დისციპლინა, როგორიც არის ქალაქგეგმარება, დრომ და არქიტექტურის განვითარების ისტორიამ განაპირობა. მისი უპირველესი დანიშნულება ადამიანთა დიდი მასების თანაცხოვრების ჰარმონიული პირობების შექმნაა, გარდა სივრცის მხატვრული გადაწყვეტის ხელოვნებისა, ის მოიცავს ჰიგიენის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის და რიგი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების დაცვას და განხორციელებას. როგორც კი საზოგადოება ანგარიშს არ გაუწევს ამ მოთხოვნებს და არ გაატარებს მას, „ქალაქი" გადაიქცევა საოცარ მონსტრად, რომელიც ადამიანების ფიზიკურ და სულიერ განადგურებას დაიწყებს.
- როგორ ხდებოდა იმ დროის თბილისის ინდივიდუალური იერსახის შენარჩუნება?
- მიუხედავად მშენებლობის მაშინდელი საკმაოდ პრაგმატული, ძუნწი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს არქიტექტორები წარმატებით ახერხებდნენ თბილისის ინდივიდუალური იერსახის შენარჩუნებას. განსაკუთრებული იყო მათი დამოკიდებულება ისტორიული უბნების მიმართ, მათმა უდიდესმა ოსტატობამ და მომავალი თაობების წინაშე დიდმა პასუხისმგებლობამ თბილისი მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების რიცხვს მიაკუთვნა. უდავოა, ამ უმნიშვნელოვანესი აღმშენებლობის წარმართვას წარმატებით ახორციელებდა მშენებლობის ცენტრალიზებული მმართველობა და მიწაზე სახელმწიფოებრივი საკუთრება. რაც მთავარია, იმ დროს სამშენებლო კანონმდებლობა და ნორმატივები მოწესრიგებული იყო.
- თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ ქაოსური განაშენიანების გამო თბილისში გაჩნდა განსაკუთრებით საშიში რაიონები და მათ რიცხვში ახსენეთ ვაკე და საბურთალო, რითი შეიძლება, რომ არსებული სიტუაცია გამოსწორდეს?
- დავიწყებ იმ საკითხით, რომ შემდგარ სახელმწიფოში აუცილებლად უნდა არსებობდეს ორი მნიშვნელოვანი სამინისტრო, სასწორის ორი საპირწონე – თავდაცვის სამინისტრო და მშენებლობის სამინისტრო (მე ჩემს ლექსიკონში ამ სამინისტროს აღმშენებლობის სამინისტროს ვუწოდებ). რა ხდება რეალურ ცხოვრებაში? თავდაცვის სამინისტრო გვაქვს, აღმშენებლობის სამინისტრო კი არა! ამ სამინისტროს არარსებობამ კი ის გამოიწვია, რომ არქიტექტურის როლი, როგორც სივრცის კანონზომიერად მაორგანიზებელი დარგისა, უგულებელყოფილი იქნა. ნაცვლად იმისა, რომ არქიტექტურის სამსახურს ეკონტროლებინა მშენებლობის და არქიტექტურის სფერო, მათ ნაცვლად სათავეში იურისტები მოექცნენ. სიტუაციის გამოსწორების მცდელობის ერთ-ერთ ფორმად მიმაჩნია მორალურად გაცვეთილი და ამორტიზებული სახლის ადგილზე სკვერების გაშენება.
- მშენებლობების განხორციელების დროს პირველ რიგში რა არ არის გათვალისწინებული?
- მშენებლობა, პირველ რიგში, აღქმული იქნა ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვან სახედ, რაც სავსებით კანონზომიერია, მაგრამ მისი წარმართვა და განხორციელება ქვეყანაში თვითნებურად განვითარდა. ყოველგვარი ქალაქგეგმარებითი ნორმატივების დაუცველად, მიჩქმალული და მივიწყებული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიცაა რაიონული დაგეგმარება. საქართველოში ყველა გზა თბილისისკენ მიდის, ამიტომ ქვეყანა თავკომბალას დაემსგავსა. მშენებლობაში უარყოფილი იქნა არქიტექტორ-ქალაქმგეგმარებლების თაოსნობა. აქედან გამომდინარე, მშენებლობები წარიმართა საცხოვრებელი სახლების „ჩატენის" პრინციპით, ქალაქგეგმარებაში ელემენტარული კანონზომიერებებიც კი არ არის დაცული.
- ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ დედაქალაქიდან შემოგარენში გადადიან საცხოვრებლად...
- დედაქალაქის შემოგარენი დროებითი სულის მოთქმის საშუალებას მოგვცემს, მაგრამ სულ მოკლე პერიოდში ქალაქში შექმნილი აუტანელი პირობები უფრო და უფრო დიდ მასებს უბიძგებს ქალაქიდან გასვლისკენ, რაც თბილისის ირგვლივ თანამგზავრი ქაოსური ზონების შექმნას გამოიწვევს.
- ადრე დიღმის რაიონი „დედაქალაქის ფილტვებად“ ითვლებოდა, საუბარი იყო შენობების ფასადების გამწვანებაზე, ნაწილობრივ მაინც თუ განმუხტავს ეს სიტუაციას?
- დავიწყოთ იმით, რომ დედაქალაქს დღეს „ფილტვები აღარ აქვს“ და რაც დრო გავა, პრობლემები კიდევ უფრო გაგვირთულდება. რაც შეეხება შენობების ფასადების გამწვანებას, სამწუხაროდ, ეს გამოსავალი არ არის, სიტუაციას არც სახურავებზე „სემირამიდას ბაღების“ გაშენება უშველის. ასეთი გამწვანება ვერ იმუშავებს სრულფასოვნად, რადგან შენობის საინჟინრო უზრუნველყოფის კომუნიკაციებში ეს პროგრამა ჩადებული არ არის.
- თქვენ ახსენეთ, რომ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელია მშენებლობის სამინისტროს აღდგენა...
- ზოგადად, არ არსებობს ორკესტრი დირიჟორის გარეშე, არ არსებობს არმია გენერალური შტაბის გარეშე. ამიტომ საჭიროა, რომ სასწრაფოდ აღდგეს მშენებლობის სამინისტრო. საქმე ისაა, რომ ყოველ სექციურ საცხოვრებელ სახლში, ძველი ნორმებიდან გამომდინარე, თითოეულ მაცხოვრებელს ეკუთვნოდა 3-4 მ2 მიწის პატარა ნაკვეთი სახლთან მიმდებარედ, რომელიც შემდგომში რეკრეაციის შემადგენელი უნდა გამხდარიყო (გამწვანება, სასეირნო ბილიკები, ბავშთა გასართობი მოედნები, კერძო მანქანების სადგომები). ამავე მიზეზიდან არის წამოსული მეწყრული პროცესების განვითარება ვერეს ხეობაში და მაჭავარიანის ქუჩაზე.
- თქვენ როგორც პოეტს ისეც გიცნობენ. მინდა ისაუბროთ გოგნის წმინდა გიორგის ტაძარზე, რომელსაც არაერთი ლექსი მიუძღვენით, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ?
- დავიწყებ იმით, რომ წმინდა გიორგის ტაძრის არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილია. ჩემ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, საქმე ისაა, რომ მე გერმანიაში დავიბადე და სულ ჩვილი ვიყავი, როცა სოფელ გოგნში ჩამომიყვანეს. ჩემი ბავშვობა, სილაღე, სილამაზის აღქმა გოგნიდან იწყება, ანუ ჩემთვის საქართველოც გოგნიდან იწყება. აქ ექვს წლამდე ვიზრდებოდი, შემდეგ გადმომიყვანეს თბილისში. თუმცა გოგნთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. დღესაც შენარჩუნებული მაქვს ჩემი ბავშობის კარმიდამო და იქ დაბრუნება ჩემი ოცნებაა. ახლაც მესმის ბებიაჩემის დილის ლოცვა: „ღმერთო და წმინდა გიორგი, მიშველე და მიწინამძღვრე დღეს". ამ ლოცვამ გადაარჩინა ჩემში ღმერთი, გოგნის კარუგდებელმა პატარა სალოცავმა გადაარჩინა ჩემი ქრისტიანული რწმენა, ამიტომ ამ ზღაპარ-მხარეს მომავალშიც ბევრ ლექსს მივუძღვნი...