07:04 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
13510

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართულ გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტები ღირსეულად გამოვიდნენ. განსაკუთრებული სანახაობა ჩვენმა სპორტსმენებმა მძიმე წონაში შემოგვთავაზეს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართული გრანდ სლემიდან გუნდური პირველი ადგილითა და რვა მედლით დაბრუნდა.

ჩვენი ქვეყნის სახელით ისრაელში ბრინჯაოს სინჯის პირველი მედალი გოგონათა შორის მოჭიდავე ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომლითაც ქართული ძიუდოს ისტორიაში შევიდა. ლიპარტელიანამდე გრანდ სლემის ტურნირზე არც ერთ ქართველ გოგონას მედალი არ აუღია.

ლიპარტელიანის გამარჯვებას პირველივე საჭიდაო დღეს თემურ ნოზაძის ვერცხლის მედალი მოჰყვა, რომელიც ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.

მეორე საჭიდაო დღეს ფინალურ ბლოკში ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. ნუგზარ ტატალაშვილმა ტომი მაციასს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი, სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა.

ქართველებისთვის საინტერესო და ყველაზე შედეგიანი გამოდგა მესამე, ბოლო საჭიდაო დღე. ქართველების ანგარიშზე ამ დღეს ხუთი მედალი იყო. ქართველი გულშემატკივრის ყველაზე დიდი ყურადღება კი მძიმე წონითმა კატეგორიამ მიიპყრო, სადაც ქართველებმა ორი მედალი მოიპოვეს. გელა ზაალიშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე გულშემატკივრის ერთ-ერთ რჩეულს გურამ თუშიშვილს დაუპირისპირდა და საკმაოდ პასიურ ბრძოლაში გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო, რის შემდეგაც ფინალში გამარჯვებით ოქროს მედალსაც დაეუფლა. 

დიახ, ეს ის თუშიშვილია, რომელმაც ფრანგი გოლიათი ტედი რინერი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტატამზე დაანარცხა, თუმცა... ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გურამი და ტედი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანგმა 22 წლის ქართველი ძიუდოისტის წინააღმდეგ ვერაფერი გაახერხა, დამატებით დროში თუშიშვილმა რინერი დააგდო, თუმცა მსაჯებმა მას გამარჯვების ქულა არ ჩაუთვალეს. პირიქით, მალევე ქართველი ძიუდოისტი ფრანგ ოსტატთან დამარცხდა.

ამ შეხვედრის შემდეგ ალბათ ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტმა ტედი რინერმა გურამის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ნახევარფინალური დაპირისპირებისგან დიდი სიამოვნება მივიღე. როდესაც ტატამი დავტოვე, გურამ თუშიშვილს მივულოცე. ასეთ კარგ დაპირისპირებაში მონაწილეობა დიდი ხანია არ მიმიღია. ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, საქართველოს სავარჯიშოდ ვეწვევი“, – ასე გამოეხმაურა რინერი გურამთან მოგებულ მატჩს ჟურნალისტებთან საუბრისას.

თუშიშვილსა და მის კარიერაზე ამდენს იმიტომ გიყვებით, რომ სწორედ მან ისაუბრა „Sputnik-საქართველოსთან“ ისრაელში გამართულ გრანდ სლემზე, ზაალიშვილთან მარცხის მიზეზებსა და ოლიმპიადაზე ტედი რინერთან შესაძლო შეხვედრის შესახებ.

- თელ-ავივის გრანდ სლემზე გამოსვლა და გელა ზაალიშვილთან მარცხი...

- პირველ რიგში თქვენც და გულშემატკივარსაც გილოცავთ ამ წარმატებას, რადგან მართლაც ძალიან კარგი შედეგი დაიდო ამ სლემზე. ზაალიშვილთან მარცხის მიზეზი ისაა, რომ გელა ძალიან კარგი ძიუდოისტი და სპორტსმენია, რაც მან მიღწეული გამარჯვებითაც დაამტკიცა და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. პასიური ჭიდაობა ალბათ უფრო ქართველების დაპირისპირებამ გამოიწვია. ნაკლებად გავრისკეთ, რათა უფრო მეტი სიფრთხილე გამოგვეჩინა ერთმანეთის მიმართ.

Гурам Тушишвили (Грузия) радуется победе в поединке за золотую медаль
© photo: Sputnik / Alexey Filippov
გურამ თუშიშვილი

- მიღებული ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ და დაგეხმარათ თუ არა პანდემია რეაბილიტაციის პროცესში?

- ჯერჯერობით მიჭირს ძველი ფორმის აღდგენა, რადგან ტრავმა პერიოდულად თავს იჩენს. მიუხედავად ამისა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად სრული დატვირთვით ვმუშაობთ და, იმედი მაქვს, ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემა მალევე მოგვარდება. პანდემიის გამოჩენამდე ოლიმპიადისთვის უკვე დაწყებული გვქონდა მზადება და ნაკრები ძალიან კარგ ფორმაში იყო, თუმცა ვირუსის მოულოდნელად გამოჩენამ საქართველოსა და მსოფლიოში დროებით ყველაფერი გააჩერა. ზოგმა სპორტსმენმა ეს პაუზა კარგად გამოიყენა, ზოგმაც, შეიძლება, ცუდად. ჩვენ კი ამ დროის განმავლობაში, როგორც შეგვეძლო, ვვარჯიშობდით. ოლიმპიადის გადადებასთან ერთად გადავწყვიტე მენისკის ოპერაციის გაკეთება. ჩემ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რეაბილიტაციის პროცესში პანდემიამ დადებითადაც კი იმოქმედა.

Дзюдоист Гурам Тушишвили
გურამ თუშიშვილი

- როგორი თაობა მოდის ქართულ ძიუდოში, გვქონდეს მათი იმედი?

- ძალიან ძლიერი ახალი თაობა მოდის და ეს მხოლოდ მძიმე წონას არ ეხება. თითოეულ წონით კატეგორიაში უკვე არიან ახალგაზრდა სპორტსმენები, რომლებიც პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ყველა ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი მათ შედეგებზეც აისახა. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და იმედი მაქვს, რომ წინა თაობის ღირსეული შემცვლელები იქნებიან.

Дзюдоист Тушишвили участвует в поединке в рамках чемпионата Европы
© Sputnik / STRINGER
გურამ თუშიშვილი

- მთავარი კონკურენტები ოლიმპიადაზე და შეხვედრა უძლიერეს ტედი რინერთან...

- ჩემთვის კონკრეტული გეგმა არა მარტო რინერის, არამედ ყველას დამარცხებაა. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ტედიზეც ვმუშაობთ, ასევე ვმუშაობთ თითოეულ შესაძლო მოწინააღმდეგეზე. დღეს მძიმე წონაში მარტო ტედი არ არის, რადგან მსოფლიო მასშტაბით უკვე გამოჩდნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. საუბარი მაქვს მძიმე წონაში მოჭიდავე 10-მდე სპორტსმენზე, ყოველ მათგანს ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლა შეუძლია. სწორედ ამიტომ ყველა მხრივ ვმუშაობთ, რათა ტოკიოში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

Гран При столицы Грузии по дзюдо - поединок Гурама Тушишвили
© Sputnik / STRINGER
გურამ თუშიშვილი

- მიიღებთ თუ არა მომავალ შეჯიბრებებში მონაწილეობას?

- მომავალ შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღება ჯერ არ მაქვს ბოლომდე გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანში მონაწილეობის მიღება მსურს, რადგან ეს შეჯიბრებები დამეხმარება ტრავმის შემდეგ საბოლოოდ გამოვიდე მდგომარეობიდან და სასურველ ფორმაში ჩავდგე.

 

მთავარი თემები