10:02 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
28201

დღეიდან ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან და ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მშობელთა ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

მიმდინარე პანდემიის გამო თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან გარკვეული რეკომენდაციების დაცვით განახლდა. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში კი იგი 1 თებერვლიდან უკვე აღდგა.

პედიატრმა თემურ მიქელაძემ Euronews Georgia-ს ეთერში სკოლის მოსწავლეების მიერ პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. პედიატრის განცხადებით, ნიღაბი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, პირიქით, ის ბავშვს ინფექციისგან იცავს.

ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე
ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე

- საფრთხე არ არის, რა თქმა უნდა. ეს უკვე ყველასთვის ნაცნობია. ​როდესაც ვიზიტზე მოდის ბავშვი, ორი წლის ბავშვსაც უკეთია პირბადე. გვაქვს ეპიდემია, პანდემიაა. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს შეზღუდვები და შეზღუდვებისგან გამოწვეული მავნე ზემოქმედებები ბავშვებზე, უნდა დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. თუ გვექნება პირბადის 95%-იანი ტარება, აღარ გვექნება ასეთი ჩაკეტვები. მე ვთვლი, რომ მესამეკლასელმაც შეიძლება უპრობლემოდ ატაროს პირბადე. მას აუცილებლად სჭირდება მეთვალყურეობა, სკოლამდე – მშობლის, სკოლაში კი – სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლის.

- ჩაკეტვები ახსენეთ. რა შემთხვევაში ავიცილებთ მას თავიდან?

- ხელახალ ჩაკეტვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავურჩებით, თუ ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ. შეიძლება გავხსნათ და ​ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ გაუარესდეს, როგორც ხდება ევროპის ქვეყნებში: იხსნება ორი კვირა – იკეტება ერთი თვე. ეს ეხება იგივე გერმანიას, დიდ ბრიტანეთს და ა.შ. – ხუთჯერ გაიხსნა, ხუთჯერ დაიკეტა. თუ ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, წერტილოვან თუ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს თავიდან ავიცილებთ.

- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირბადის სწორად ტარებას?

- პირბადის ტარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ნაკადების სწორად მართვაც. პირბადის ტარება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მთავარია, პირბადე ჰქონდეს სწორად გამოყენებული ბავშვს. არ უნდა მოიხსნას, არ უნდა დაბინძურდეს, მოხსნის შემდეგ უნდა გამოიცვალოს. როდესაც კლასში 30-40 ბავშვია, ეს არის საკმაოდ ძნელი სამართავი. ​გარდა პირბადისა, აუცილებელია ნაკადების მართვა. სასურველია, რომ ასეთი კლასები გაიყოს ორად. ოცმა ბავშვმა იაროს ერთ დღეს, ოცმა – მეორე დღეს. რაღაც გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. სკოლას შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

- რა შემთხვევაშია დაუშვებელი პირბადის გამოყენება?

- თუ ფიზიკური აქტივობით დავკავდებით, იქნება ფიზკულტურის გაკვეთილები, მაშინ არ უნდა გავუკეთოთ ბავშვს პირბადე. ფიზიკური აქტივობისას სუნთქვა გახშირებულია. გახშირებული სუნთქვის დროს ბავშვს შესაძლოა შეექმნას დისკომფორტი, ზოგ შემთხვევაში ჰაერის უკმარისობაც შეიძლება განვითარდეს. ეს რაღაც კატასტროფასთან არ არის კავშირში, არანაირი ჟანგბადის კონცენტრაციის ნაკლებობა არ არის. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი, აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირბადის ტარება უსაფრთხოა. მთავარია – სწორად გამოვიყენოთ, რომ არა მარტო კოვიდისგან, სხვა ინფექციებისგანაც დავიცვათ თავი.

 

მთავარი თემები