04:24 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
138 0 0

ვინ და როგორ იცავს საქართველოში მომხმარებელთა უფლებებს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შესაბამისი კანონი არ არსებობს – „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და პოპულარული გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძე ესაუბრა.

- თქვენი შეფასებით, რამდენად უსაფრთხოა საქართველოს რესტორნებსა და კაფე-ბარებში მომზადებული საკვები?

- ძნელია ამ კითხვაზე ცალსახად პასუხი. მართალია, ბევრია საქართველოში ისეთი ობიექტი, სადაც ნაწარმოები პროდუქტი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია, მაგრამ ასევე ბევრია კეთილსინდისიერი ბიზნეს-ოპერატორიც, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ცნობილ უცხოურ რესტორნებსაც კი. ამიტომ მარტო „სახალხო კონტროლის“ საფუძველზე მსჯელობა არასწორი იქნება. ჩვენ გადაცემაზე მუშაობისას ძირითადად ვცდილობთ გამოვავლინოთ პრობლემები და დავეხმაროთ ობიექტებს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრაში. 

- გადაცემაში ბევრი წერილი შემოდის და რამდენად შეესაბამება იქ აღწერილი სიტუაცია სიმართლეს?

- მართლაც ძალიან ბევრი წერილი შემოდის „სახალხო კონტროლში“. მომხმარებლები ისეთი ობიექტების შესახებ გვწერენ, სადაც ნაკლოვანებები შემჩნეული აქვთ. თუმცა არის კონკურენტების ან განაწყენებული თანამშრომლის მიერ დაწერილი წერილებიც. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ გავფილტროთ და მხოლოდ დასურათებულ და ვიდეომასალით გამყარებულ ინფორმაციაზე მოვახდინოთ რეაგირება.

- ძირითადად რა სახის დარღვევები გხვდებათ ხოლმე საზოგადოებრივი კვების ობიექტების სამზარეულოებში?  

- ყველაზე ხშირად თვალში საცემია საერთო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა – დასასუფთავებელი იატაკი, კედლები, ჭერი, ნიჟარების და მაცივრების მდგომარეობა, დარღვეულია პროდუქტის შენახვის პირობები.

- რამდენად ახერხებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა ობიექტის შემოწმებას?  

- სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს დღე და ღამე. მე წვდომა მაქვს თვეში მაქსიმუმ 20 ობიექტზე, მაშინ, როდესაც ამ უწყების მხოლოდ ერთ ჯგუფს აქვს ჩემზე მეტი ობიექტი გაკონტროლებული თვის განმავლობაში. მაგრამ მათი მუშაობა არ ჩანს, მე კი ყველაფერს ვაშუქებ და ეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. ძალიან გული მწყდება ხოლმე, როდესაც წერენ, რას აკეთებს სურსათიო… სურსათი აკეთებს თავის საქმეს, მეორე საკითხია, რომ არასაკმარისი რესურსი აქვთ, ჩემი აზრით, რადგან ათეულობით ათასი ობიექტია საქართველოში და ეს ნამდვილად არის გადასახედი.

- კიდევ რა პრობლემებს გამოყოფდით ამ სფეროში?

- პრობლემა არის ძალიან დაბალი საჯარიმო სანქციები. სირცხვილია, როდესაც საწარმოს პროდუქციით შეიძლება ასობით ადამიანი მოიწამლოს და ამისთვის მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდეს ბიზნეს-ოპერატორი, ხოლო სამუშაო პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღით შეუჩერდეს. ჯარიმა უნდა იყოს ძალიან მაღალი. როდესაც ამ ჯარიმებს აწესებდნენ, მაშინდელი პარლამენტის კომიტეტის პოზიცია იყო, რომ ჯარიმა ბიზნეს-ოპერატორისთვის ძალიან მტკივნეული არ ყოფილიყო. არასამთავრობო სექტორი მაშინ ამას ძალიან ვეწინააღმდეგებოდით. ბიზნეს–სექტორი უნდა იყოს ორიენტირებული, რომ დაიცვას ყველა პირობა და საერთოდ არ გადაიხადოს ჯარიმა. მისთვის არც დიდი და არც პატარა ჯარიმა არ იქნება მტკივნეული. თუ ის საერთოდ არ გადაიხდის და თუ ის, მაგალითად, დააზარალებს ათეულობით და ასეულობით მომხმარებელს თავისი არაკეთილსინდისიერების გამო, საერთო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გამო, ან პროდუქტის არასწორი შენახვის გამო, იმდენად მკაცრი უნდა იყოს მისთვის სასჯელი, რომ სხვა ბიზნეს-ოპერატორებისთვის ეს მაგალითი გახდეს. ეს ყველა ვარიანტში უნდა გადაიხედოს ახალი პარლამენტის მიერ და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი. თუ ერთი ადამიანი მეორის ჯანმრთელობას დააზიანებს და მის სიციცხლეს საფრთხეს შეუქმნის, მან ციხე უნდა მოიხადოს სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე. მაგრამ ახლა თუ სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი თავისი უყურადღებობით და არაკეთილსინდისიერებით რისკის წინაშე დააყენებს ათობით და ასობით მომხმარებლის ჯანმრთელობას, მხოლოდ 1000 ლარი უნდა გადაიხადოს – ძალიან შეუსაბამობა გავქვს ამასთან დაკავშირებით და ამას უნდა მიეხედოს რაც შეიძლება სწრაფად.

- რამდენად იცავს კანონი მომხმარებელს და რა უნდა ქნას მომხმარებელმა, თუ ხედავს, რომ მისი უფლებები ირღვევა?

- სამწუხაროდ, ცალკე კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ საქართველოში არ გაგვაჩნია და მომხმარებლის უფლებების დაცვა არის გადანაწილებული სხვადასხვა კანონებში თუ კოდექსებში. ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა თვითონ დაიცვას საკუთარი უფლებები. ამიტომ არის, საბედნიეროდ, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მომხმარებელთა ფედერაცია, არის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, სადაც პროექტი აქვთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. სურსათის კოდექსშია კიდევ ჩანაწერი მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და უფლებების შესახებ, მაგრამ სანამ ცალკე კანონი არ იქნება მიღებული, მანამ ჩვენი ორგანიზაციები ვეხმარებით მომხმარებლებს და ვცდილობთ ვასწავლოთ როგორ უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები.

ნატა პატარაია

 

მთავარი თემები