21:06 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)
7934 0 0

ჩინეთში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით გავესაუბრეთ იქ მცხოვრებ, ამჟამად სამშობლოში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს ზურაბ მამნიაშვილს, რომელიც ახლა ორხევში, დედასთან იმყოფება.

- ბატონო ზურაბ, როდის ჩამოხვედით საქართველოში და იქ მყოფი ქართველებიდან ბოლოს ვის ესაუბრეთ?

- საქართველოში 4 იანვარს ჩამოვედი, ანუ მანამდე, სანამ ეს ამბები დაიწყებოდა. იქ მცხოვრებ ქართველებთან ყოველდღე მაქვს კონტაქტი. ბოლოს პეკინში მცხოვრებ ნატალია მაისურაძეს და ჰაინანის კუნძულზე ზაქარია გაგოშიძეს ვესაუბრე. ჩინეთში უამრავი მეგობარი მყავს და მათთან ყოველდღე ხაზზე ვარ, ყველანი კარგად არიან. თავად იმ ქალაქში, უჰანში (ჰუნეის პროვინციის ცენტრალური ქალაქია), სადაც კარანტინია გამოცხადებული, არიან ქართველები, მაგრამ მათ არ ვიცნობ. საერთოდ ქართველები, ვინც ჩინეთში მუდმივად ცხოვრობს, ბევრი არ არის. რამდენადაც ვიცი, მათთან ჩვენს საელჩოს ყოველდღიური კავშირი აქვს. საჭიროების შემთხვევაში ისინი დაეხმარებიან, ამის შესახებ ჩინეთში ჩვენმა ელჩმა, ბატონმა არჩილ კალანდიამაც არაერთხელ განაცხადა.

- ამ ეტაპზე ევაკუაცია არ არის გამოცხადებული?

- როგორც გითხარით, საელჩო მათთან ყოველ წუთში კონტაქტზეა, ამიტომ თუ ევაკუაციას გამოაცხადებენ, ყველას ეცოდინებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც ვიცი, არ გამოუცხადებიათ. ჩინეთში პანიკა არ არის, რადგან იმ დიდ ქალაქებში, რომლებიც ჰუნეის პროვინციის გარეთაა, ამ ავადმყოფობის აფეთქება არ მომხდარა. პეკინი 20-მილიონიანი ქალაქია (ეს მარტო მუდმივად მცხოვრებლების რიცხვია) და იქ დღემდე 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, გუშინწინ 80 იყო. ისინი ძირითადად ის პირები არიან, ვინც ბოლო დროის განმავლობაში უჰანში იმყოფებოდა და იქიდან ჩამოვიდა.

- ამჟამად, როგორც ვიცით, უჰანში კარანტინია...

- დიახ, ქალაქი უჰანი, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება, უკვე ჩაკეტილია – ის კარანტინის ზონაშია. ჩემი ინფორმაციით, იქიდან ვერც გამოხვალ და ვერც შიგნით შეხვალ. შესაძლოა, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებიდან დასახმარებლად ექიმთა ბრიგადები ჩავიდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი დასნეულდა, მას იქიდან ნამდვილად არ გამოუშვებენ. 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)

მთავარი თემები