გიორგი ჭაუჭიძე: მოსწავლეთა ნიშნებით შეფასება ქართული განათლების სისტემის სირცხვილი მგონია

© Sputnik / STRINGERგიორგტი ჭაუჭიძე
გიორგტი ჭაუჭიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" მფლობელს უყვარს თავისი საქმე. მისი წარმოსახვის სკოლა განსხვავდება დღევანდელისგან. რას შეცვლიდა განათლების სისტემაში, რა არის საჭირო მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის გაზრდისთვის, ამის შესახებ გიორგი ჭიუჭიძე თავად მოგითხრობთ:

-20 წელზე მეტია მასწავლებლად ვმუშაობ. პირველი სკოლა, რომლის კარიც შევაღე, ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის არასრულ საშუალო სკოლა იყო. ამ ეტაპზე მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიას ვასწავლი. ვცდილობ ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოს სიყვარული, ქვეყნის ისტორია შევასწავლო. ჩემი საქმიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ვმონაწილეობ თანამედროვე ქართული საზოგადოების, ქართველი მულტიეთნიკური ერის ფორმირების პროცესში. მჯერა, რომ სწორედ ასეთი საზოგადოება ააშენებს გაცილებით ძლიერ და განათლებულ საქართველოს.

© Sputnik / STRINGER„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე
გიორგი ჭაუჭიძე: მოსწავლეთა ნიშნებით შეფასება ქართული განათლების სისტემის სირცხვილი მგონია - Sputnik საქართველო
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე

– პედაგოგობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო, როგორ მოხვდით განათლების სფეროში?

- მასწავლებლობა ჩემი ოცნება არ ყოფილა, არც სკოლის პერიოდში ვფიქრობდი ამ პროფესიაზე და არც სტუდენტობისას. ბავშვობაში ნაყინის გამყიდველობა მინდოდა, თინეიჯერობის ადრეულ წლებში გაზეთების გამყიდველობა მიტაცებდა, სკოლის დამთავრებისა და სტუდენტობისას კი კინორეჟისორობის სურვილმა შემიპყრო... მოკლედ, 1997 წელს ისტორიის ფაკულტეტი რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ ჩემი დიპლომით სწორედ მასწავლებლად შემეძლო მუშაობის დაწყება. თან სწორედ იმ პერიოდში მეზობელი სოფლის არასრულ საშუალო სკოლაში მასწავლებლის დროებითი ადგილი გამოჩნდა...

მასწავლებლის პირველ ნაბიჯები ითხვისის სკოლაში გადავდგი, შემდეგ იყო ჩემივე სოფლის, შუქრუთის საშუალო სკოლა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში ვიმუშავე და სადაც, შეიძლება ითქვას, მოხდა ჩემი პედაგოგად ფორმირება. პარალელურად ვმუშაობდი ქ. ჭიათურის ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც შევიძინე ისეთი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც მაშინაც ძვირფასი იყო და დღესაც სანიმუშოდ მახსენდება. ამის შემდეგ არაქართულენოვან სკოლებში ვმუშაობ.

- განათლების სამინისტროს მასშტაბური რეფორმიდან გამომდინარე, რამდენად პრესტიჟული და მოთხოვნადია მასწავლებლის პროფესია?

-მასწავლებლის პროფესია არცთუ პოპულარულია საქართველოში, რასაც ადასტურებს ახალგაზრდების არჩევანი სხვა პროფესიების სასარგებლოდ. მიმაჩნია, რომ ამ პროფესიის პრესტიჟის გაზრდა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რომ სკოლებში პროფესიონალმა ადამიანებმა დაიწყონ მუშაობა. ამასთან, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობა უფრო მეტად განავითარებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალ თაობას. ჩემი აზრით, ერთგვარად ყველაზე ძვირი და ძვირფასი საქმიანობა სწორედ მასწავლებლობაა, ოღონდ იმ საგნის მასწავლებლობა, რაზეც მოთხოვნაა საზოგადოებაში. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან თუ ხელოვნურად მოხდება რომელიმე პროფესიის პრესტიჟის გაზრდა, ეს გრძელვადიან შედეგს ვერ გამოიღებს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნისთვის საჭირო პროფესიებზე მოთხოვნის გაზრდას, რაც თავისდაუნებურად განაპირობებს სწავლაზე მოთხოვნას.

- წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ სკოლა და იყოთ დირექტორი. როგორი იქნებოდა ის?

– ეს სკოლა იქნებოდა დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო და არის ქ. ჭიათურის ახალგაზრდული ცენტრი „ჯეჯილი", სადაც ვმუშაობდი 2001-2004 წლებში. აქ ბავშვები დროის ნებისმიერ შუალედში იქნებოდნენ დატვირთული და დაკავებული. ამ სკოლაში, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა აღრიცხვა მოხდებოდა, მაგრამ არა ისე, როგორც დღევანდელ საჯარო სკოლებში და რაც მთავარია, ცოდნის შეფასება არ მოხდებოდა დრომოჭმული და მავნებლური ნიშნების სისტემით.

6-18 წლის ბაშვები ასაკის შესაბამისად გადანაწილებული იქნებოდნენ 20–ბავშვიან ჯგუფებში: პატარების ჯგუფი დაკომპლექტდება 6-8 წლის ბავშვებით, საშუალო ჯგუფი 9-13 წლის და უფროსების ჯგუფი - 14-18 წლის მოზარდებით. ცხადია, ბავშვების ასაკის მიხედვით გადანაწილება ხისტად კი არ მოხდებოდა, არამედ თავად მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით.

© Sputnik / STRINGERგიორგი ჭაუჭიძე მოსწავლეებთან ერთად
გიორგი ჭაუჭიძე: მოსწავლეთა ნიშნებით შეფასება ქართული განათლების სისტემის სირცხვილი მგონია - Sputnik საქართველო
გიორგი ჭაუჭიძე მოსწავლეებთან ერთად

ბავშვები სურვილის მიხედვით სხვადასხვა წრეებში დაკავდებოდნენ და შეისწავლიდნენ: შრომა-ინჟინერიას, ხატვას, სპორტს, უცხო ენებს, ტექნოლოგიებს, ხელოვნებას, მუსიკას, ცეკვას, მსახიობობას... იფუნქციონირებდა აკადემიური კლუბებიც: ლიტერატურის, საბუნებისმეტყველო, მათემატიკური, სიძველეთმცოდნეობის, ეკოლოგიური, სამოქალაქო, სადაც ბავშვები იმუშავებდნენ სხვადასხვა ინტეგრირებულ და საინტერესო პროექტზე...

ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებოდნენ სადილით და სამხარით. ექნებოდათ სპორტული მოედნები და დარბაზები, ორი საცურაო აუცი, დარბაზი კონცერტებისა და შეხვედრების ჩასატარებლად. სკოლას საშუალება ექნებოდა პანსიონური მომსახურება გაეწია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შორი ადგილებიდან ივლიდნენ...

- რა პლუსი და მინუსი აქვს ჩვენს განათლების სისტემას? ეთანხმებით თუ არა ბოლო სიახლეებს?

– დაწვრილებით ვერ მიმოვიხილავ ჩვენი განათლების სისტემის ნაკლოვანებებს. აღვნიშნავ ზემოთ ნახსენებ შეფასების სისტემას: ის, რომ ჩვენ დღეს მოსწავლეებს ყოველდღიურად ვაფასებთ ე.წ. ნიშნებით, მიმაჩნია, რომ ეს არის ქართული განათლების სისტემის სირცხვილი. მოვა დრო და ჩვენ, მასწავლებლებს, ასეთი ქმედებების შეგვრცხვება ისევე, როგორც დღეს გვრცხვენია მოსწავლეების ფიზიკური დასჯა-ცემისა, რაც არცთუ ისე იშვიათი შემთხვევა იყო წლებისწინანდელ ქართულ სკოლაში.

ასევე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ნელ-ნელა უნდა დაუთმოს გზა კერძო სექტორს იმ საკითხების მოგვარებაში, რასაც იგი მშვენივრად უძღვება. ესაა, მაგალითად, სახელმძღვანელოების ბეჭვდა-შესყიდვა, ტრენინგების ჩატარება და ა.შ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიზნობრივი და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის უფრო მეტი ფინანსური საშუალებები გაუჩნდება. ამასთანავე, საზოგადოებამაც უნდა გააცნობიეროს, რომ მოსწავლეთა განათლებაში თავადაც უნდა გაიღოს გარკვეული თანხა და მხოლოდ „უფასო" სახელმწიფო განათლების იმედად არ უნდა იყოს.

© Sputnik / STRINGERგიორგი ჭაუჭიძე - მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგი
გიორგი ჭაუჭიძე: მოსწავლეთა ნიშნებით შეფასება ქართული განათლების სისტემის სირცხვილი მგონია - Sputnik საქართველო
გიორგი ჭაუჭიძე - მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგი

აქვე აღვნიშნავ ქართული საგნამანთლებლო სისტემის განვითარების კიდევ ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორს. ეს არის ე. წ. გენინსპექციისა და აუდიტორული სამსახურების ფუნქცია, რაც სკოლის დირექტორებს გარკვეულწილად ართმევს თავისუფლებას და სკოლას უზღუდავს რეალურ ავტონომიურობას. კარგი იქნება, თუ ამ სამსახურებს დაეკისრებათ მხოლოდ სკოლების დახმარების ფუნქცია და ჩამოერთმევა მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო სკოლის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის დაყენების უფლება. შესაძლო დარღვევებსა და დანაშაულებზე დევნას უნდა აწარმოებდეს ქვეყანაში ამისთვის არსებული სტრუქტურა - პროკურატურა, ხოლო შერწყმული გენინსპექცია-აუდიტი სკოლებს უნდა ეხმარებოდეს და რეკომენდაციებს აძლევდეს.

რაც შეეხება ბოლო სიახლეებს, გამოვყოფ „ახალი სკოლის მოდელს", რაც გულისხმობს მასწავლებლების მიერ საკუთარი სასწავლო გეგმების შექმნასა და სასწავლო პროცესის ნელ-ნელა, საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებულად წარმართვას.

- რთულია თუ არა თქვენთვის სკოლაში მუშაობა? გხვდებოდნენ თუ არა რთულად აღსაზრდელი, ჰიპერაქტიური მოზარდები? როგორ პოულობდით მათთან საერთო ენას?

– რა თქმა უნდა, სკოლაში მუშაობა რთულია და არც მე ვარ გამონაკლისი. ეს არაა მაინცდამაინც დაკავშირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლეების სწავლებასთან. ვერ ვიტყვი, რომ სსსმ მოსწავლეები ართულებენ სასწავლო პროცესს. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ისინი, სათანადო ორგანიზებისა და მიდგომების შემთხვევაში, უფრო მობილიზებულსა და საინტერესოს ხდიან სკოლას, ვიმეორებ, სათანადო ორგანიზებისა და მიდგომების შემთხვევაში.

© Sputnik / STRINGERქართული ენის გაკვეთილი
გიორგი ჭაუჭიძე: მოსწავლეთა ნიშნებით შეფასება ქართული განათლების სისტემის სირცხვილი მგონია - Sputnik საქართველო
ქართული ენის გაკვეთილი

- რა რჩევას მისცემთ თინეიჯერი ბავშვების მშობლებს?

– მშობლებისა და თინეიჯერების ურთიერთობა რთული, ფრთხილი და სასიამოვნო ურთიერთობაა. მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი და ვერც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელებ. როგორც მასწავლებელმა, შემიძლია ვთქვა, რომ მშობლებმა რაც შეიძლება მეტი საერთო უნდა გამონახონ შვილებთან (საერთო დროც და საერთო ინტერესებიც). თუმცა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მოზარდებს პირადი სივრცე დავურღვიოთ, ერთმანეთთან ყოფნა არ ვაცადოთ და ა. შ.

- საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად: ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლები, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ საბჭოურ მეთოდებს პედაგოგიკაში უფრო მისაღები და შედეგიანია, ვიდრე ახალგაზრდა მასწავლებლები. თქვენ როგორ ფიქრობთ?

– მე მასწავლებლებს ასაკობრივი ზღვარით არ დავყოფდი. პედაგოგების დიფერენცირებას მოვახდენდი შემდეგნაირად: ნიჭიერები და ნაკლებად ნიჭიერები,პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულები და აწმყოთი კმაყოფილები, ენთუზიასტები და ზარმაცები... შესაბამისად, თითოეული ეს კლასტერი შეიძლება მოიცავდეს, როგორც ასაკოვან, ისე ახალგაზრდა მასწავლებლებს...

- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი უპირატესობა?

– ჩემი უპირატესობა გამოცდილება და პროფესიონალიზმია, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე. ხუთი წლის წინ, ანუ ჩემი თხუტმეტწლიანი პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად, ვიყავი ნაკლები კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი, ვიდრე ახლა ვარ. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ხუთი წლის შემდეგ კიდევ უფრო კვალიფიციური გავხდები და შეიძლება მომავალში რაიმე სხვა უპირატესობაზეც კი ვილაპარაკო...

© Sputnik / STRINGERგიორგი ჭაუჭიძე მეორე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილს უტარებს
გიორგი ჭაუჭიძე: მოსწავლეთა ნიშნებით შეფასება ქართული განათლების სისტემის სირცხვილი მგონია - Sputnik საქართველო
გიორგი ჭაუჭიძე მეორე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილს უტარებს

- როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას?

– 21–ე საუკუნის მასწავლებელი უნდა იყოს ორიენტირებული განვითარებაზე, არ უშინდებოდეს სიახლეებს. ჩვენი მოსწავლეები ციფრული თაობის წარმომადგენლები არიან და ჩვენი თანამშრომლობა, თუნდაც ამ მიმართულებით, გაცილებით სწრაფ და სწორ შედეგებს მოგვიტანდა ჩვენც და ჩვენს მოსწავლეებსაც.

- თქვენ წლის საუკეთესო მასწავლებელი გახდით, რას იტყვით კონკურსის შესახებ?

– ჩემს გარდა, კონკურსში ძლიერი ათეულის წევრები და ფინალისტები იყვნენ. თუმცა, საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ჩემი აზრით, ზეგავლენა მოახდინა ჩვენს სკოლაში ვიზიტმა. როგორც ცნობილია, სხვადასხვაკომპონენტიან კონკურსში ერთ-ერთი აქტივობა სწორედ სკოლაში ვიზიტი და მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან გასაუბრებაა.

- რა კრიტერიუმებით არჩევდნენ ფინალისტებს და გამარჯვებულს?

საკონკურსო პირობები, კრიტერიუმები და პროცედურები საჯაროა და გამოქვეყნებულია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ვებგვერდზე tprize.ge. აპლიკანტმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, სადაც წარადგენს მასწავლებლობის ისტორიას, მოსწავლეების შედეგების დინამიკას, პედაგოგიურ პრაქტიკასა და ინოვაციურ მიდგომებს, ღირებულებებზე დაფუძნებულ პრინციპების სწავლებას, საზოგადოებერივ აღიარებასა და სამოქალაქო აქტივობას, პროფესიულ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას.

აპლიკაციის შევსების შემდეგ წარვადგინეთ სამწუთიანი ვიდეომიმართვები ჩვენ შესახებ, რის შემდეგაც შეარჩიეს საუკეთესო ათეული და მიგვიწიეს საკონკურსო ჟიურის წინაშე პირისპირ გასაუბრებაზე. ამის საფუძველზე გამოვლინდა საუკეთესო ხუთეული. შემდეგი ეტაპი იყო სკოლაში ვიზიტები. საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდა 5 ოქტომბერს.

© Sputnik / STRINGERქართული ენის გაკვეთილი
გიორგი ჭაუჭიძე: მოსწავლეთა ნიშნებით შეფასება ქართული განათლების სისტემის სირცხვილი მგონია - Sputnik საქართველო
ქართული ენის გაკვეთილი

- რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა წელს მასწავლებლის საერთაშორისო კონკურსში?

– წელს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ვიყავი ორიენტირებული, მომავალში კი შეიძლება მივიღო კიდეც ამ კონკურში მონაწილეობა.

- გაქვთ თუ არა რამე ჰობი, თქვენი პროფესიის გარდა?

– რასაკვირველია მაქვს. ამჟამად ჩემი ჰობია „იუთუბზე" ძველი ვიდეოების ყურება. სხვადასხვა დროს ჩემი ჰობი იყო: მოგზაურობა (თუმცა საზღვარგარეთ მოგზაურობაზე ახლაც ვოცნებობ და საოცრად გამახარა ბაქსვუდის სკოლისგან გადმოცემულმა ჯილდომ ინგლისში ორკვირიანი მოგზაურობის სახით.), კითხვა, კინოფილმების განხილვები, თეატრი...

- რაზე ოცნებობთ?

– მინდა დავწერო საბავშვო წიგნები, რომლებიც იქნება ჩემივე ილუსტრაციებით გაფორმებული, მაგრამ ამ ოცნების განსახორციელებაში ორი რამ მიშლის ხელს: არ მაქვს დრო რომ ვწერო და ხატვა არ ვიცი კარგად...

ყველა ახალი ამბავი
0