04:34 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
რთველი

რთველი 2019-ის მოლოდინში: იქნება ბევრი ყურძენი და ნაკლები ღვინო

SPUTNIK / DENIS ASLANOV
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (62)
224 0 0

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ღვინის მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა ეშინიათ.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. „რთველი 2019-ის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, სადაც უკვე მუშაობენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ისინი მზად არიან, კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს, განუცხადა Sputnik საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ. 

შტაბის ძირითადი ფუნქცია — ეს ყურძნის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველყოფა და მისი აღრიცხვაა. ღვინის ნებისმიერ მწარმოებელს შეუძლია დარეგისტრირდეს შტაბში, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და აგრეთვე სასურველი ფასი, რომელსაც პროდუქტში გადაიხდის. ამის შემდეგ უკვე ფერმერი მიმართავს შტაბს და მოძებნის კომპანიას, რომელიც მისთვის მისაღებ ფასად შეიძენს ყურძენს.

„რთველი უკვე მალე დაიწყება. საკოორდინაციო შტაბი სრულ მზადყოფნაშია და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. წელს კახეთში 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ველოდებით“, — განაცხადა მეხუზლამ.

თუმცა, რამდენად გაახარებს ფერმერებს მდიდარი მოსავალი — ეს კიდევ საკითხავია, რადგან, როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, წლეულს ყურძენზე დაბალი მოთხოვნაა მოსალოდნელი.

„ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, როცა ღვინის ექსპორტი შემცირდა ყველაზე დიდ ბაზარზე — რუსეთში, და ქართული ღვინის ექსპორტზე მოსალოდნელი სანქციების ფონზე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ღვინის მწარმოებლები ნაკლები რაოდენობის ყურძენს შეიძენენ“, — განმარტა მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ღვინის მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა ეშინიათ. 

„დადებითი მომენტი ისაა, რომ ემბარგო მოლოდინად დარჩა. მაგრამ მოლოდინი დიდ როლს თამაშობს ბიზნესში. იმის გამო, რომ დარგი ესოდენ დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, კერძო კომპანიები სიფრთხილეს იჩენენ და ცდილობენ გათვალონ შესაძლო რისკები, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება“, — განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მოსალოდნელი სანქციების მოლოდინში

სააგენტოს მონაცემებით, მიუხედავად ყველა მოსალოდნელი სირთულისა, წელს სახელმწიფო ყურძნის მოსავლის სუბსიდირებას არ მოახდენს.

„ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ პირდაპირი სუბსიდირებისგან. ვფიქრობ, დარგის მდგრადი განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებაა. იმიტომ რომ დარ გი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგეს რელსებზე, მას აქვს პოტენციალი, თავად იზრუნოს საკუთარ თავზე, სახელმწიფოს მცირე ჩარევით“, — აღნიშნა მეხუზლამ. 

2018 წელს რეკორდული რაოდენობის, 230 ათასი ტონა  ყურძენი გადამუშავდა, ხოლო ფერმერთა შემოსავლებმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა.

ამასთან, როგორც მეხუზლა აცხადებს, სააგენტო მზადაა, დაეხმაროს გლეხებს ყურძნის ჩაბარებისას წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში.

„ჩვენს გვაქვს გარკვეული გეგმები და მნიშვნელოვანი პრობლემების შემთხვევაში დამატებით რესურსებს გამოვიყენებთ, რათა მოსავალი სრულად ჩაბარდეს. თუმცა არა სუბსიდირების ხარჯზე“, — ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

სუბსიდიები წელს არ იქნება

წელს ყურძნის შესასყიდ ფასს, ისევე როგორც შარშან, ბაზარი განსაზღვრავს. ანუ თავად ფერმერებსა და ღვინის კომპანიებს ფასზე შეთანხმება მოუხდებათ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან დაახლოებით 47,2 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა მსოფლიოს 47 ქვეყანაში. ეს 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იგივე სტატისტიკის თანახმად, მაისში საქართველოდან რუსეთში 4,5 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა ექსპორტზე, ივნისში — 4,2 მლნ, ხოლო ივლისში ექსპორტი თითქმის 3,6 მლნ ბოთლამდე შემცირდა, რაც 27%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ დოლარს აჭარბებს, რაც 6%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

ყველაზე მეტი ღვინო საქართველოდან რუსეთში გადის. ლიდერ ქვეყანათა ხუთეულში ასევე შედიან: უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ექსპორტირებული ღვინოებიდან ყველაზე პოპულარულია ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი და ხვანჭკარა.

შვიდი თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი, სხვადასხვა მოცულობით, 243-მა კომპანიამ განახორციელა.

თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (62)

მთავარი თემები