06:05 24 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0954
  • 100 RUB4.2930
  • USD2.7799
თაკო წულაიას შემოქმედება

გოგონა, რომელმაც ფრიდა კალო ძველ თბილისში გააცოცხლა

© photo: courtesy of artlife_artist
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
142920

ბოლო მომენტში შეცვლილმა გადაწყვეტილებამ გაამართლა, თაკო წულაიამ თავისი მიზნის მისაღწევად გარისკა და დღეს ის მხატარია.  მისი შემოქმედება ძველ თბილისში მოხატულ სასტუმროს, ფრიდა კალოს ნახატს,  მოზაიკის, ხის ნაფოტებისგან და ქაღალდის ნაგლეჯისგან შექმნილ საოცარ ნამუშევრებს ითვლის. 

ნინი რაზმაძე

- თაკო რა იყო ხატვამდე..

– ექვსი წლის ასაკიდან დავდიოდი ტანვარჯიშზე,  უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, ბოლო სამ თვეში გადავწყვიტე სხვა გზას გავყოლოდი. ეს დიდი რისკი და შოკი იყო ჩემი ოჯახისთივს.  თუმცა, იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ გავრისკე. ბავშვობიდან ვხატავ და ასე ვთქვათ, ხელი გაწაფული მქონდა, დავინტერესდი და ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების ფაკულტეტზე. ძალიან მიტაცებს გრაფიკა, ფერწერა, აბსტრაქციები. მესამე კურსზე  ვიყავი, როცა  ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა,  სადაც შევისწავლე ინტერიერის დიზაინიც. 

თაკო წულაიას შემოქმედება
თაკო წულაიას შემოქმედება

– როგორც მხატვარმა, განვითარების რა გზა გაიარე?   

– ცოტა ხნის წინ დავათვალიერე ჩემი ძველი ნამუშევრები, რომლითაც ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი, ეხლა კი ღიმილს მგვრის. ძველ და ახალ ნამუშევრებს რომ ვადარებ,  ბევრ განსხვავებას ვპოულობ, თუმცა,  ვინც ჩემს ხელწერას იცნობს,  შეიძლება მსგავსებაც აღმოაჩინოს. განვლილი წლები  მეხმარება, რომ ახლანდელი  ნამუშვრები საინტერესო გამოვიდეს. ჩემი პირველი შემფასებლები დედა და მეუღლე არიან. დედა ბავშვობიდან აკვირდებოდა ჩემი ნამუშევრების განვითარებას, ამიტომ მისი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის. 

თაკო წულაიას შემოქმედება
თაკო წულაიას შემოქმედება

– როგორც ვიცი ძველ თბილისში სასტუმრო მოხატეთ, ეს ჩვენთან საკმაოდ იშვიათია...

– სამსახურს ვეძებდი, ერთ–ერთ  სასტუმროში მივედი როგორც მენეჯერი და სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი.. პირველი დიდი სივრცე რომელიც მოვხატე,  სასტუმრო იყო. წინასწარი მონახაზით არასდროს არ  ვხატავ. მუშაობის პროცესში ბევრი აზრი და იდეა მომდის. ადგილი თავად გკარნახობს  რა უნდა დახატო. სასტუმროში უდიდესი სითბო და სიყვარულია ჩადებული, ამას ყველა კუთხეში იგრძნობ. წელიწადნახევარი ვმუშაობდი,  ყველა ოთახი სხვადასხვა თემატური ნახატებით მოვხატეთ, ხის დეტალებით  შექმნილი სახლები რამდენიმე ნომერში დავკიდეთ. ეს სასტუმრო სწორედ იმით არის გამორჩეული,  რომ ხელით არის შექმნილი უამრავი დეტალი. 

თაკო წულაიას შემოქმედება
თაკო წულაიას შემოქმედება

– თითქმის არცერთ ნივთს  არ აგდებთ და ყველაფრისგან,  მათ შორის,  ქაღლდის ნაგლეჯებისგან, რაღაცას აკეთებთ,  როგორ ქმნით ნამუშევრებს?

– ჩემი საყვარელი ადგილი ე.წ. ელიავას ბაზრობაა. თითქმის ყველაფერი მომაქვს იქიდან. სხვამ შეიძლება  გადაყაროს მინის ნატეხები, ხის ნაფოტები,  უმნიშვნელო დეტალები, მაგრამ მე მათ ვიყენებ – ვხედავ რა დეტალი სად უნდა გამოვიყენო. აპლიკაციაზე მუშაობა მარტივი არ არის, ვაკეთებ კოლაჟებს, ვიყენებ სხვადასხვა ჟურნალებს, რომელშიც ვპოულობ ფერებს, ფორმებს, ფაქტურულ დეტალებს. მასიური კოლაჟი ჯერ არ გამიკეთებია, მაგარამ დიდი სურვილი მაქვს სამომავლოდ ავაწყო ხის დეტალებით და ბევრი სხვა წვრილმანებით. ყოველდღიურობაში იმდენი რამ მხვდება,  რომ  ჩემთვის ყველაფერი, რასაც  ირგვლივ ვხედავ და ვეხები, ერთგვარი ინსპირაციაა.   

თაკო წულაიას შემოქმედება
თაკო წულაიას შემოქმედება

– ბევრმა არ იცის, რომ  ძველ თბილისში ფრიდა კალოს ნახატი თქვენი შექმნილია, როგორ გაჩნდა იდეა მოგეხატათ ამხელა კედელი?

– სასტუმროს მფლობელთან ერთად შევარჩიეთ კედელი, სადაც ფრიდა კალო უნდა დამეხატა.  ძალიან ვღელავდი, რადგან ამხელა სივრცე არასდროს მომიხატავს, მაგრამ ძალიან დიდი სტიმული გარშემომყოფთა გვერდში დგომა და ნდობა იყო. დღეს ფრიდა კალოს კედელი ახალგაზრდებში ძალიან პოპულარი გახდა, რაც ჩემთვის საამაყოა. სასიამოვნო შეგრძნებაა,  როდესაც ნახატს ქმნი, რომელიც  21 ღირსშესანიშნავ ადგილშს შორის  საპატიო ადგილს იკავებს... ჩემი გრაფიკები ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნამუშევრებია ჩემთვის. კედელზე ვხატავ საღებავებით, რადგან ფუნჯით  მუშაობის დროს თითოეულ დეტალს უფრო შევიგრძნობ. ფრიდას მხოლოდ კანი რომ ავიღოთ, იქ უამრავი ფერია ერთდ შერწყმული. ზოგადად, ფუნჯით და ცოცხალი საღებავებით მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.  

თაკო წულაიას შემოქმედება
თაკო წულაიას შემოქმედება

– სამომავლო გეგმები გაგვანდეთ?

– ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე,  ამიტომ მინდა ამ სფეროშიც ვსინჯო ჩემი ძალები.  ვაკეთებ საუვილერო ნაკეთობებს, რომლებიც  საკამოდ წარმატებულია. სამომავლოდ გამოფენის მოწყობა მინდა, თუმცა, მსურს ნამუშევრების საკმაო რაოდენობა  მქონდეს.  რაც მთავარია ჩემი სახელოსნოს გაკეთება მინდა, ხელოვანი ადამინისთვის ხომ ყველაზე  აუცილებლი სივრცეა, სადაც ის დიდ დროს გაატარებს და რომელიც  მისი პატარა სამყარო გახდება.

 

 

 

 

 

მთავარი თემები