17:54 21 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ანდრეი მაქსიმოვი

აუტისტი შვილის ხათრით საქართველოში დაფუძნებული ბიზნესმენი და მეორე შანსი ცხოვრებაში

© Sputnik / Denis Aslanov
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (62)
22810

Sputnik-საქართველოს პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ჩვენს ქვეყანაში დაფუძნებულ რუს ბიზნესმენს, ანდრეი მაქსიმოვს გაგაცნობთ, რომელიც აუტისტი ბავშვების დახმარების საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტიცაა.

ანდრეი მაქსიმოვს უამრავი ქვეყანა აქვს მოვლილი, მაგრამ საცხოვრებლად სწორედაც რომ საქართველო აირჩია. როგორც თავად ამბობს, აქ ყველაფერი მოსწონს: მრავალფეროვანი ბუნებაც, რბილი კლიმატიც, ადამიანებიც, მათი სტუმართმოყვარეობაც და ბიზნესის წარმოებისთვის კომფორტული გარემოც.

Иностранец Андрей для рубрики Грузия глазами иностранцев
© Sputnik / Denis Aslanov
ანდრეი მაქსიმოვი

— რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად საქართველო და რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ?

— უკვე ოთხ წელზე მეტია, თბილისელი ვარ. ჩემი აქ გადმოსახლების მიზეზ მთლად სასიხარულო არ იყო. ოთხი შვილი მყავს, აქედან მეოთხეს, ყველაზე უმცროსს აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს. უამრავი ქვეყანა შემოგვთავაზეს, სადაც მისთვის ხელსაყრელი პირობები იქნებოდა, მაგრამ ურეკისა და მისი ჯადოსნური, მაგნიტური ქვიშების ფონზე ყველა დავიწუნეთ.  ჰოდა, ჩამოვედით და დავსახლდით საქართველოში.

როცა მოვეწყვეთ და მივიხედ-მოვიხედე, აღმოვაჩინე, რომ თქვენს ქვეყანაში ძალიან საინტერესო შესაძლებლობები არსებობდა ბიზნესის წარმოებისთვის. თანაც, როგორც ყოფილ საბჭოელს, საქართველო ძალიან მეახლობლა. მით უმეტეს, როცა ყველაფერში იგრძნობა თქვენი ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა.

იცით, აქამდე ქართულის სწავლა ვერ მოვახერხე. უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში ამის შანსი არ მომეცა. სადაც კი მივდივარ საქმეზე, ყველას ვეკითხები, თარჯიმანი დავიხმარო თუ რუსულად ვისაუბროთ-მეთქი და ყველაგან მეუბნებიან, რუსულად ვისაუბროთო…

— მოახერხეთ ბიზნესის დაწყება? რას საქმიანობთ ახლა?

— განათლებით აღმოსავლეთმცოდნე ვარ. საბჭოეთის დაშლის შემდეგ, სხვა არაერთ ბიზნესთან ერთად, საგამომცემლო საქმიანობითაც ვიყავი დაკავებული, საინფორმაციო პროდუქციას ვუშვებდი ბეჭდვით და ციფრულ ფორმატებში. ბოლოს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის დანართებს ვქმნიდით. მაგრამ საქართველოში ჩამოსული მივხვდი, რომ მაღალი კლასის საინფორმაციო პროდუქციისთვის ადგილობრივი ბაზარი მზად არ იყო არც გადახდისუნარიანობითა და არც მოთხოვნილების მხრივ. თავიდან, ასე ვთქვათ, „ტრადიციულ ქართულ ბიზნესს“ მოვკიდე ხელი რუს პარტნიორებთან ერთად. ანუ რესტორნებს, მანდარინის ექსპორტს, ავტოსამრეცხაოებს. მაგრამ სულ ტყუილად გადავყარეთ ფული, იმიტომ რომ ვერ გავერკვიეთ, როგორ უნდა გვემუშავებინა ისინი სწორად.

მერე დამებადა იდეა, რომ ლოგისტიკით დავკავებულიყავი და სატრანსპორტო გადაზიდვებზე დავიწყე მუშაობა. აი აქ კი ნამდვილად კონკურენტუნარიანი სამსახური შევქმენი და ახლა რუსეთსა და ჩინეთზე ვმუშაობთ…

იცით, საქართველო 90-ანი წლების რუსეთს მაგონებს, ანუ მაშინდელ შესაძლებლობებს, რაც მე ხელიდან გავუშვი. ახლა ბედმა მეორე შანსი მომცა და თანაც მაშინ, როცა უკვე ცხოვრებისეული გამოცდილებაც საკმაოდ დამიგროვდა.

Иностранец Андрей для рубрики Грузия глазами иностранцев
© Sputnik / Denis Aslanov
ანდრეი მაქსიმოვი

— თქვენ აქ უამრავი შესაძლებლობა აღმოაჩინეთ, მაგრამ თავად ადგილობრივები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ქვეყანას ტოვებენ და უცხოეთში მიემგზავრებიან პერსპექტივის არარსებობის გამო. რა რჩევას  მისცემდით მათ?

— შორიდან დავიწყებ. მიიჩნევა, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე მაღალია. მე კი, როგორც ბიზნესმენი, გეუბნებით, რომ საქართველოში უმუშევრობა არ არსებობს! მე დამსაქმებელი ვარ და გამუდმებით მჭირდება კადრები, ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც დეფიციტშია.

პრობლემა ისაა, რომ ქართველი ახალგაზრდები გამოკვეთილად მოუთმენლები არიან. ხშირად შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებმაც განათლება მიიღეს და ახლა ფიქრობენ, რომ უკვე შეუძლიათ მაღალ პოზიციაზე მუშაობა — ყოველგვარი ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე. სინამდვილეში კი, ეგრევე დირექტორობა და მთავარი მენეჯერობა კი არ უნდა მოინდომონ, არამედ უნდა მოძებნონ საინტერესო სამსახური კარიერული ზრდის პერსპექტივით.

— მინუსები თუ აღმოაჩინეთ ქართველებში?

— ჰო, რა თქმა უნდა, მინუსებიც არის. მაგალითად, მენტალობაში. აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ.

ვიცი, რომ საქართველომ მძიმედ გადაიტანა საბჭოეთის რღვევისშემდგომი პერიოდი: ომი, უშუქობა, სიცივე, შიმშილი. ეს ყველაფერი ძალიან აისახა ხალხზე და დღეს ბევრნი ცხოვრობენ მხოლოდ დღევანდელი დღით. ეს, ჩემი აზრით, არასწორია.

ახალგაზრდებზეც იგივე შემიძლია ვთქვა, რომლებსაც ყველაფერი ახლა და დღესვე უნდათ. მაგრამ ასე არ ხდება! ამას გამოცდილება მალაპარაკებს — ცხოვრებისეულიცა და პროფესიულიც.

— ამ წლების განმავლობაში საქართველოს ბევრი კუთხე მოინახულეთ. ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ?

— ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყველგან მაინც ვერ მოვასწარი წასვლა. მაგალითად, არ მინახავს რაჭა, სვანეთი…

თანაც, ერთმნიშვნელოვანი პასუხი მაინც არ მაქვს. აბა, როგორ უნდა შევადარო ერთმანეთს გუდაური და კახეთი? ასე რომ, საქართველოს ყველა კუთხე ლამაზია და მომხიბლავი ჩემთვის.

თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (62)

მთავარი თემები