23:51 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი მეგრელი

თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული Google-ში დასაქმდა

© FB / Гио Мегрели
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული გიორგი მეგრელი ლონდონში კომპანია Google-ის ოფისში დასაქმდა.

იმისთვის, რომ მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ კომპანიაში მოხვედრილიყო, 24 წლის გიორგი მეგრელმა რთული გასაუბრება გაიარა, რომლის შედეგების მიხედვით პროგრამისტმა დადებითი პასუხი მიიღო და კომპანია Google-ის სრულფასოვანი თანამშრომელი გახდა.

უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, სადაც მეგრელმა ჯერ ბაკალავრიატი, შემდეგ კი მაგისტრატურა დაამთავრა, ის ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა–მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა. მისი თქმით, სწორედ ამ სკოლის მასწავლებლების წყალობით შეუყვარდა მას ტექნიკური საგნები.

„უნივერსიტეტმა ბევრი რამ მომცა, ძირითადად, ჩემი სფეროს აკადემიური ნაწილი მასწავლა… მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებელი მეცადინეობის გარეშე გამიჭირდებოდა, პრაქტიკაში ყველაფერი სხვანაირად არის. დამოუკიდებლად ვამუშავებდი იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მაინტერესებდა, უნივერსიტეტმა კი მასწავლა, როგორ ვისწავლო და გავარჩიო სიახლეები“, — ამბობს გიორგი მეგრელი.

პროგრამისტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხდაფეხ მიჰყვება და უხარია, როდესაც მის მიერ დაწერილი პროგრამები ადამიანებს ეხმარება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა
© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა

„ერთ–ერთი ჩემი პროგრამა ადამიანებმა წარმატებით გამოიყენეს, და მე ვიცოდი, რომ მათ ერთი დიდი საქმის კეთება გაცილებით გაუმარტივდათ. მიხაროდა და ეს, ალბათ, არის ის, რასაც უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი კეთილსინდისიერი კერძო IT–მეწარმე ან კომპანია — უმარტივებდეს ადამიანებს ცხოვრებას“, — აღნიშნა მეგრელმა.

ახალგაზრდა იხსენებს, რომ ძალიან გაუხარდა, როდესაც შეიტყო, რომ სამსახურში იმ კომპანიამ აიყვანა, რომელში მუშაობაზე მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ოცნებობს.

Google-ის ოფისი ლონდონში
Google-ის ოფისი ლონდონში

„ამჟამად ლონდონში ჩემს მშვენიერ მეუღლესთან ანა ხულელიძესთან ერთად ვიმყოფები, რომელიც მთელი ეს დრო გვერდში მედგა, მისი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე აქ მოხვედრა გამიჭირდებოდა“, — აღნიშნა მეგრელმა.

ამჟამად ახალგაზრდა პროგრამისტი ახალ პროექტზე მუშაობს. ამბობს, რომ ლონდონში მინიმუმ ერთი წელი გაჩერდება, შემდეგ კი, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში გადავიდეს.

გიორგი მეგრელი და მისი მეუღლე ანა ხულელიძე
გიორგი მეგრელი და მისი მეუღლე ანა ხულელიძე

„კომპანია Google–ს არ დავტოვებ. აქ ყველაფერი მომწონს – ატმოსფერო, კულტურა, თანამშრომლები“, — აღნიშნა დასასრულს გიორგი მეგრელმა.

ახალგაზრდა პროგრამისტი სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ურჩევს, რაც შეიძლება მეტი იმუშავონ საკუთარ თავზე, პროფესიონალებისთვის ხომ არანაირი საზღვრები არ არსებობს.

მთავარი თემები