22:48 23 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
ქართველი მხატვარი ზვიად გოგოლაური

ქართველი მხატვრის დაუჯერებელი თავგადასავალი ამერიკაში და შეხვედრა როკფელერებთან

© FB/ Zviad Gogolauri
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
35192

ეკატერინე მიქარიძე

რესპონდენტთან შეხვედრის დღეს გაწვიმდა. ისეთი პირი უჩანდა, რომ მთელი ის დღეც უნდა ეწვიმა, ღამეც და მომდევნო ოცდაოთხი საათიც… მოკლედ, ნაღვლისმომგვრელი, სევდიანი წვიმა იყო.

— ასეთი ამინდი არ მიყვარს, — შემომჩივლა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მომლოდინე ზვიადმა და იქვე განმიმარტა, — ვერ ვხატავ და იმიტომ.

ზედ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე შენობაში შევედით და კიბეებს ავყევით.

— ასეთ ამინდში თუ დახატავ, შენი განწყობა აუცილებლად აისახება ნამუშევარზე, — მეუბნება ზვიადი და თან კარს გასაღებს არგებს. — რაღაც პერიოდი მოსკოვში ვცხოვრობდი და მეგობრებმა მითხრეს, შენს ნახატებს სითბო და სინათლე მოაკლდაო. 

არადა, ზვიად გოგოლაურის ნახატები მართლაც სავსეა სიკეთითა და სითბოთი. ესაა მათი დამახასიათებელი თავისებურება და იქნებ სწორედ ამითაც მოიხიბლნენ პიერ რიშარი, ნიკოლას კეიჯი თუ მილიარდერ როკფელერის ოჯახის წევრები.

ქართველი ხელოვანი 90-იან წლებში წავიდა ამერიკის დასაპყრობად. რა გამოვიდა ამ წამოწყებიდან, ამას თავად მხატვარი მოუთხრობს „Sputnik-საქართველოს“ მკითხველებს.

ქართველი მხატვრის, ზვიად გოგოლაურის ფოტო
ქართველი მხატვრის, ზვიად გოგოლაურის ფოტო

— ყველაფერი მშრალი ხიდიდან დაიწყო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, დღეს რომ ამერიკასა თუ ევროპაში ცნობილი ქართველი მხატვრები არიან, იმათგან ერთი თხუთმეტმა კაცმა მშრალ ხიდზე ნახატების გაყიდვით დაიწყო გზა. ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს, სად გამოფენ შენს ნახატებს — ქუჩაში თუ გალერეაში?

მოკლედ, ერთხელაც ვდგავარ მშრალ ხიდზე, კოლეგებს ველაპარაკები და უცბად ვიღაც უცხოელი მომიახლოვდა. როგორღაც გავაგებინეთ ერთმანეთს სათქმელი. ამერიკელი აღმოჩნდა, დროებით თბილისში ცხოვრობდა. ჩემი ნახატი მოეწონა, იყიდა და მკითხა, დანარჩენი ნახატები სად გაქვსო? სად მექნება, სახელოსნოში-მეთქი, ვუპასუხე.

მეორე დღეს, დილის ათ საათზე, ჯერ ისევ ვიწექი, კარზე რომ ზარი დაირეკა. ავდექი და კარისკენ უხალისოდ წავლასლასდი. გავაღე და ამ ჩემს ამერიკელს არ ვხედავ?! ნახატების საყიდლად მოსულიყო. თანაც მებოდიშებოდა ადრიანი ვიზიტისთვის, მეშინოდა, ვინმეს არ დაესწროო. მეც გავთამამდი და ვკითხე, რამე რომ იყოს, ამერიკაში ჩემი ნახატების გამოფენა არ შეიძლება რომ მოეწყოს-მეთქი?

— ყოჩაღ!

— 25 წლისა ვიყავი, შემოქმედებითი გაფურჩქვნის ხანაში, ჯერ ცხოვრება კარგად არც ვიცოდი…

ქართველი მხატვრის, ზვიად გოგოლაურის ნახატების გამოფენა
ქართველი მხატვრის, ზვიად გოგოლაურის ნახატების გამოფენა

— და, რაო, ჯონმა, დახმარებას დაგპირდათ?

— მითხრა, თავად ხელოვნებასთან არაფერი მაქვს საერთო, მაგრამ ჩემს ნაცნობს გალერეა აქვს ნიუ-იორკში, ვაჩვენებ და თუ მოეწონება, საქმეც გაიჩარხებაო. ექვსი თვის მერე წერილი მომივიდა ამერიკიდან — 1998 წელი იდგა, ინტერნეტი ჯერ არ არსებობდა — ჯონი მწერდა, შენი ნახატები ჩემს ნაცნობს ვაჩვენე და გამოფენის მოწყობაზე თანახმააო. გავიდა კიდევ ნახევარი წელიწადი და ამერიკაში გავემგზავრე. თან 25 ნახატი წავიღე. ყველა გავყიდე და უკან დავბრუნდი. არადა, აღებული ფულით იქ ბინის ყიდვაც შემეძლო.

მეორედ უკვე ბოსტონელი გალერეის მფლობელის მიწვევით წავედი შტატებში. ჩავედი და საბაჟოზე ნახატები ჩამომართვეს — იმათ ხომ არ იცოდნენ, მხატვარი ვიყავი თუ გადამყიდველი. ჯონი დიდი ფურგონით დამხვდა, რომ ნახატები წაგვეღო, არადა ჩამომართვეს ნახატები. ორი სიტყვით მოვუყევი, რაც მოხდა. ორი დღე დასვენება მაქვს და დაგეხმარებიო, დამპირდა. მაგრამ უქმე დღეებში ეს მებაჟეები არ მუშაობდნენ. რა უნდა მექნა, დავიწყე გზების ძებნა სურათების დასახსნელად და ამ ძებნა-ძებნაში ერთ ქართველს გადავეყარე, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის მეპატრონეს.

ზვიად გოგოლაურის ერთ-ერთი ნახატი
ზვიად გოგოლაურის ერთ-ერთი ნახატი

იმას კიდევ ნაცნობი ადვოკატი აღმოაჩნდა და ის დამეხმარა ჩემი ნახატების დაბრუნებაში. ამ საქმეს 200 დოლარი და ორი კვირა შევალიე. ასე რომ, გამოფენამ, რომლის გულისთვისაც ჩავედი ამერიკაში, უჩემოდ ჩაიარა.

— და დარჩით ამერიკაში ნახატებით, მაგრამ უფულოდ…

— საქმეც ეგაა, რომ ფული მქონდა, ოღონდ თავიდან… ჯონთან ვცხოვრობდი, ბოსტონში, ტბისპირა სახლში, სიმშვიდესა და ნეტარებაში. ბუნების სურათებით ტკბობის მეტი საზრუნავი არ მქონდა. თბილისში ვრეკავდი ხოლმე ახლობლებთან, სატელეფონო ბარათის გარეშე, საყიდლად გასვლა დამეზარა და… მოკლედ, ერთი კვირის შემდეგ ანგარიში მოვიდა, ორი ათასი დოლარი იყო გადასახდელი! ლამის ჭკუიდან გადავდექი. ჯონი მეკითხება, კი მაგრამ, ასეთს რა საქმეებს აგვარებდი ახლობლებთან, რომ ამდენი გილაპარაკია, ერთი წუთი საქართველოსთან 5 დოლარი ღირსო.

ქართველი მხატვრის, ზვიად გოგოლაურის ნახატი - შიშველი ქალი და მამაკაცი ველოსიპედით სეირნობენ
ქართველი მხატვრის, ზვიად გოგოლაურის ნახატი - შიშველი ქალი და მამაკაცი ველოსიპედით სეირნობენ

ვიფიქრე, აქედან უნდა გავიქცე-მეთქი. ბოსტონი კონსერვატული ქალაქია, ცხოვრება მდორედ მიედინება. აი, თბილისი და გარდაბანი რომ შეადარო, ისეა. ვიშოვე ბინა ნიუ-იორკში, პატრონს სამი თვის ქირა წინასწარ მივეცი — 4 500 დოლარი, ჯონს ტელეფონის გადასახადი 2 ათასი დოლარი დავუტოვე, ნიუ-იორკამდე ბილეთში 100 დოლარი გადავიხადე და დამრჩა 400 დოლარი, ასი ნახატი და… უზარმაზარი ნიუ-იორკი. აქამდე შენახული მაქვს ჩანაწერები, სადაც იმ დღიდან გაწეულ ხარჯებს ვიწერდი, რომ ფინანსები გამეკონტროლებინა…

ერთ დღესაც ტაიმს-სკვერზე მივსეირნობ და სრულიად მოულოდნელად მეგობარს გადავაწყდი, რომელიც მთელი ათი წელი არ მენახა. გახარებული გადასახვევად მივეჭერი და უცბად ჩუმად მეუბნება, არ გადამეხვიო, თორემ გეები ვეგონებითო. გავგიჟდი, ერთი ამათი დედაც-მეთქი, ვეუბნები, არ მაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს, ათი წელია, არ მინახიხარ, ბიჭო-მეთქი! წარმოგიდგენიათ, რაზე ლაპარაკობდნენ სვანი (ის) და ხევსური (მე) ამერიკაში?! ვეუბნები, ფულს არ გთხოვ, ნახატები მაქვს ჩამოტანილი, მაგრამ კაპიკი აღარ დამრჩა-მეთქი და ყველაფერი მოვუყევი. მითხრა, მანჰეტენზე, სოჰოზე გამოიტანე ნახატები, ოღონდ დასვენების დღეებშიო.

ქართველი მხატვრის, ზვიად გოგოლაურის ნახატები
ქართველი მხატვრის, ზვიად გოგოლაურის ნახატები

დადგა ეს ნანატრი უიქენდი და მეც გავედი სოჰოზე, სადაც შემოქმედებითი ბოჰემა იყრის თავს. ვდგავარ ერთი საათი, ორი, მაგრამ მყიდველი არ ჩანს. უფრო სწორად, მოდიან, ფასს მეკითხებიან, მერე ტრიალდებიან და მიდიან. არადა, ჩემ გვერდით რაღაც მართლა ნაჯღაბნები იყიდება იგივე ფასად, რაც მე მედო — 300 დოლარად თითო. ალბათ კიდევ დიდხანს ვიმტვრევდი თავს იმაზე ფიქრში, ნეტავ, რა ხდება-მეთქი, ერთი ქართველი გოგო რომ არ გამოჩენილიყო. ჩემ ნახატებთან შეჩერდა და გამომელაპარაკა. მკითხა, რამდენად ჰყიდიო, სამას დოლარად-მეთქი, ვუთხარი. ამ დროს ვიღაც კაცი მოდის და ისიც ფასს მეკითხება, ვპასუხობ, ტრიალდება და მიდის. ამ ქართველ გოგოს სიცილი აუტყდა, არარეალურ ფასს ეუბნები და იმიტომაც ვერ ჰყიდი ნახატებსო, მითხრა. თურმე სამასი დოლარის ნაცვლად სამი ათასს ვეუბნებოდი… მოკლედ, იმ დღეს სამი ნახატი გავყიდე.

მხატვარი ზვიად გოგოლაურის ქალაქის პეიზაჟი
მხატვარი ზვიად გოგოლაურის ქალაქის პეიზაჟი

— როკფელერებმა სად შეიძინეს თქვენი ნამუშევრები? მათაც სოჰოზე შეხვდით?

— კი, სოჰოზე, ოღონდ წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყვნენ. მოვიდა ოჯახი, სადად, სპორტულად ჩაცმული ცოლი და ქმარი. ნახატები შეარჩიეს და მთხოვეს, სახლში მოგვიტანეო. ფული თან არ ჰქონდათ. ამერიკაში არაა მიღებული დიდი თანხის თან ტარება.

ჰოდა, ავიღეთ მე და ჩემმა მეგობარმა ეს ნახატები და წავიღეთ მისამართზე, იქვე, მანჰეტენზე ცხოვრობდნენ, სოჰოს რაიონში. შევდივართ სახლში, რომელშიც დაახლოებით 15 ვენეციური ჭაღი ჰკიდია, თითო ხუთი მეტრი სიგრძისა. მეგობარს ვეუბნები, ეს მდიდარი კი არა, ძალიან მდიდარი ხალხია-მეთქი. თურმე მეტალურგიული ინდუსტრიით არიან დაკავებულები. მერე სახლის პატრონს და მის მეუღლეს ვესაუბრე, ძირითადად, ფერწერაზე.

— კარგად ერკვეოდნენ მხატვრობაში?

— პირველ ნახატს, რომელიც ჩემგან იყიდეს, ერქვა „ბებერი მებაღე“. მასზე გამოსახულია მოხუცი, თავზე ბეღურით, რომელიც თმებს ღერა-ღერა აცლის. ეს თითქოს დაუმთავრებელი ნაწარმოებია: მებაღე უკვე მოხუცია, ბეღურა კი მისი თმებისგან ბუდის მოწვნას აპირებს, სადაც კვერცხებს დადებს და ბარტყებს გამოჩეკს. ანუ ნახატში იდო სიცოცხლის გაგრძელების იდეა. და ეს როკფელერმა დაინახა.

სხვათა შორის, ნახატები მან ჩემი მეგობრისგანაც იყიდა. ქართული პალიტრა ძალიან მდიდარია და განთქმულია თავისი თბილი ფერებით. სამყაროს კი ძალიან, ძალიან სჭირდება სითბო, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაცივდა და გასასტიკდა. ნაცრისფერ სივრცეში სულ პაწაწა ყვითელი ლაქაც რომ გაჩნდეს, ისიც კი მთელ დარბაზს გაათბობს. ცხოვრებაშიც ასეა. როკფელერს სწორედ ეს მოეწონა ჩემ ნახატებში.

— რით გამოირჩევიან ამერიკელი ხელოვნების მოყვარულები?

— ამერიკელები ნახატის ყიდვისას ავტორს აუცილებლად ეკითხებიან, რა ჩანაფიქრი გქონდა, როცა ამას ხატავდიო. ეს კლიტისთვის გასაღების მორგებას ჰგავს და წმინდა ამერიკული მახასიათებელია. რასაც ამერიკელი ათას დოლარამდე ფასად ყიდულობს, ის ან დიზაინისთვის სჭირდება, ან საკუთარი სიამოვნებისთვის. რაშიც ათას დოლარზე მეტს იხდის — ის უკვე ინვესტიციაა. ამერიკელი არავითარ შემთხვევაში არ იყიდის საინვესტიციოდ იაფიან ნივთს, რომ მერე ძვირად გაყიდვა არ გაუჭირდეს. 

— აშკარად იღბლიანი ადამიანი ხართ. ხომ არიან ისეთებიც, ვინც საზღვარგარეთ წასულა და შემოქმედებითი საქმიანობა მიუტოვებია, რათა თავი გადაერჩინა. თქვენ არ მოგდომებიათ, რომ რაღაც სხვა საქმიანობით გეშოვნათ ფული? 

— არა, ცხოვრებაში ხატვის მეტი არაფერი მიკეთებია. 14 წლისა ვიყავი, პირველი ფული რომ ვიშოვე. მერვე კლასის დამთავრების შემდეგ ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელში შევედი. ეს ახლა ჟღერს სასაცილოდ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ყველა მაღაზიის ვიტრინა უნდა მოხატულიყო საახალწლოდ. ჰოდა, ჩვენც ვხატავდით და თითო ვიტრინის მოხატვაში ათ მანეთს გვიხდიდნენ. ეს დიდი ფული იყო! ათ მანეთად ორი კაცი რესტორანში ისადილებდა. ამიტომაც ვეღარ შემაშინა ამერიკაში თავს გადამხდარმა — თვითგადარჩენის სკოლა უკვე გავლილი მქონდა.

— როდის მიხვდით, რომ ხატვას გაჰყვებოდით?

— ოთხი წლისა ვიყავი. ერთი ნათესავი გვესტუმრა, მუსიკოსი იყო, აკორდეონზე უკრავდა. და მშობლებმაც, რომლებსაც ზოგადად უყვართ შვილის წარმატებებით თავმოწონება, ჩემი ნახატები აჩვენეს. რაღაც ცხოველები მქონდა დახატული. ამ ნათესავმა დახედა მათ და გამოაცხადა, ეს აუცილებლად მხატვარი გამოვა, ხელი არ შეუშალოთ, ესაა მისი დანიშნულებაო. ანუ, მომავალში კურსიდან არ გადაახვევინოთო.

იცით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ბავშვობიდანვე გამხნევებენ და თავდაჯერებულობას გმატებენ. საერთოდ ყველა მშობელს ვურჩევდი, შვილებს ყველა წამოწყებაში აუბან მხარი.

— სად უფრო ბევრ ტილოს ქმნით — ამერიკაში თუ საქართველოში?

— უფრო ამერიკაში. იქ ყურადღების გამფანტავი ფაქტორები არ მყავს — ოჯახი, ნათესავები და ახლობლები, იქ თავით ფეხამდე ვეფლობი სამუშაოში. ამერიკაში, თუ კაცი დაიღალა და მოდუნება მოუნდა, წავა, მეგობართან ერთად ორ ჭიქას გადაკრავს და დაიშლებიან. ჩვენში კი სუფრას საღამოს ორი კაცი თუ მიუჯდა, დილისთვის თხუთმეტად იქცევა. მთელ ღამეს ავსა თუ კარგზე ლაპარაკში გაატარებენ, კარგი ღვინისა და კარგი მუსიკის ფონზე…

მოკლედ, აკუმულატორს ვგავარ — ქართული მზით დამუხტულ აკუმულატორს.

მთავარი თემები