ანასტასია გოტფრიდი: ოლიმპიადაზე მხოლოდ საქართველო მინდა წარვადგინო

© photo: Sputnik / Denis Aslanovანასტასია გოტფრიდი
ანასტასია გოტფრიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ ფარგლებში Sputnik-ი წარმოგიდგენთ ინტერვიუს შტანგისტ ქალ ანასტასია გოტფრიდთან, რომელმაც 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საგზური მოულოდნელად მიიღო.

ნოდარ მაისურაძე

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებამდე ზუსტად რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები კიდევ ერთი — მეორმოცე მონაწილით შეივსო.

ანასტასია გოტფრიდი, რომელიც საქართველოს სახელით გასული წლიდან ასპარეზობს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ქალთა შორის ძალოსნობაში პირველად წარადგენს.

ანასტასია, რომელიც ცოტა ხნის წინ 20 წლის გახდა, ქართული დროშის ქვეშ პირველად ჰიუსტონში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა. სულ ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი საქართველოსთვის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

© Denis Aslanov ანასტასია გოტფრიდი
 ანასტასია გოტფრიდი - Sputnik საქართველო
ანასტასია გოტფრიდი

- როგორ მოხდა, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობა გადაწყვიტეთ? თქვენ ხომ უკრაინის ნაკრების წევრი იყავით და საკმაოდ კარგი შედეგები გქონდათ?

— ბოლო დროს ვითარება მკვეთრად შეიცვალა. უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აშკარად მიმახვედრა, რომ, მიუხედავად შედეგებისა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე წასვლის არანაირი შანსი არ მქონდა. როგორც არ უნდა მოვემზადო, ბრაზილიაში მაინც არ წამიყვანდნენ.

- ეს მისი პირადი პოზიციაა?

— დიახ, რადგან ჩემს კატეგორიაში მისი აღზრდილი გამოდის, ასე რომ, თავად გესმით, იქ უკვე სხვა დამოკიდებულება და ურთიერთობაა.

- რამდენი ხანია, რაც საქართველოს საერთაშორისო არენაზე წარმოადგენთ?

— პირველად საქართველოს სახელით გასულ შემოდგომაზე ჰიუსტონის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვედი.

- როგორ შეეგუეთ ახალ გარემოს?

— სიმართლე რომ გითხრათ, აქ უფრო მომწონს, ვიდრე უკრაინაში. ადამიანების ურთიერთობა, უფროსობის ურთიერთობა. აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და უფრო ადვილად შევეგუე, ვიდრე უკრაინის ნაკრებს.

- როგორ მიგაჩნიათ, თანამედროვე სპორტში შესაძლებელია თუ არა ერთი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გადასვლის თავიდან არიდება? ნორმალურია ეს?

— ვფიქრობ, რომ კი. ამჟამად ძალიან ბევრმა სპორტსმენმა შეიცვალა ქვეყანა უკრაინაში არსებული ვითარების გამო. ყოველ შემთხვევაში, შტანგისტებს შორის ასეთი საკმაოდ ბევრია.

© Denis Aslanovანასტასია გოტფრიდი ძალოსნობაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე
ანასტასია გოტფრიდი ძალოსნობაში  ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
ანასტასია გოტფრიდი ძალოსნობაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

- როგორ შეხვდნენ თქვენი გადასვლის ამბავს სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ?

— პრინციპში, ნორმალურად. იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს, ამიტომ ახლა ერთობლივი შეკრებები აღარ გვაქვს, მაგრამ როდესაც ვხვდებით სადმე შეჯიბრებაზე, ძველებური ურთიერთობა გვაქვს.

- კვლავ უკრაინაში ცხოვრობთ თუ გადმოხვედით თბილისში? როგორ ახერხებთ წვრთნებისა და შეკრებების შეთავსებას საცხოვრებელ პირობებთან?

— დროის უმეტეს ნაწილს, რა თქმა უნდა, უკრაინაში ვატარებ, რადგან იქ ჩემი მეუღლე და მშობლები ცხოვრობენ. მაგრამ საქართველოში შეკრებების წინააღმდეგი არ ვარ. როდესაც უფროსობა მიბარებს, სიამოვნებით ჩამოვდივარ. მას შემდეგ, რაც ქართული კულტურა, ადამიანები, ის, რაც აქ ჩემ გარშემოა, უკეთესად გავიცანი, მინდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ საქართველო წარვადგინო.

- დენის გოტფრიდი, რომელიც უკრაინის ქალთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა ძალოსნობაში, თქვენი მეუღლეა.

— დიახ.

- თქვენი მშობლებიც მისდევდნენ სპორტს, კერძოდ, მამათქვენი ძალოსანია. მთელი ცხოვრება თქვენ გარშემო ძალოსნობაა — არ იღლებით?

— სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა. უბრალოდ, სპორტში უკვე დიდი ხანია, ვარ. სპორტულ დარბაზში სამი წლის რომ ვიყავი, მაშინ მიმიყვანეს, ხოლო ცხრა წლისამ უკვე შეჯიბრებებში მონაწილეობა დავიწყე.

- რას აკეთებთ იმისთვის, რომ ძალოსნობისგან აბსტრაჰირება მოახდინოთ, რომ დილისთვის საკუთარ თავში ძალა იპოვოთ და სავარჯიშოდ გაეშუროთ?

— თვითონაც არ ვიცი, ეს ძალები საიდან მოდის. ხანდახან ისეთი მდგომარეობაა, არც შტანგის და არც ადამიანების დანახვა აღარ შეგიძლია. გინდა, უბრალოდ, ოთახში იჯდე და არავინ შეგეხოს. ასეთ შემთხვევაში, ერთი-ორი დღე სპორტდარბაზისგან, ყველასგან დასვენებაა საჭირო. მერე ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, რადგან სპორტისადმი სიყვარულს ვერსად წაიღებ. ეს სიყვარულიც არაა, ეს — სენია.

© Denis Aslanovანასტასია გოტფრიდი მამასთან ერთად, რომელიც მისი პირადი მწვრთნელია
ანასტასია გოტფრიდი მამასთან ერთად, რომელიც მისი პირადი მწვრთნელია - Sputnik საქართველო
ანასტასია გოტფრიდი მამასთან ერთად, რომელიც მისი პირადი მწვრთნელია

- ვინ ზრუნავს თქვენს ფსიქოლოგიურ და მორალურ განწყობაზე — დენისი თუ მამა?

— მორალური და ფსიქოლოგიური მომზადებით მამაა დაკავებული. საერთო-, ის ყველაფერს აკეთებს. უფრო მეტსაც გეტყვით — ჩემი ქმარი ამის წინააღმდეგია.

- რისი წინააღმდეგია, რომ მამა გავარჯიშებთ?

— არა, იმის წინააღმდეგია, რომ სპორტს მივდევ.

- თქვენს მშობლებს რა დამოკიდებულება აქვთ სპორტისადმი?
— დედაჩემს არასდროს უფიქრია, რომ სპორტში ასე შორს წავიდოდი. მას მამაჩემის არ სჯეროდა, როცა ის ამბობდა, რომ მე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოვალ. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, არასდროს უჩვენებია, პირიქით, ყოველთვის მხარს მიჭერდა. თავდაპირველად სურდა, რომ ძალოსნობაში არ წავსულიყავი, მერე, უბრალოდ, ამას, როგორც მოცემულობას, შეეგუა. შეეგუა, რომ „დაკარგული“ ვარ. სამაგიეროდ, ახლა მთლიანად ყველაფერში და ყოველთვის გვერდში მიდგას.

- და მაინც, ვინაა თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი: მეუღლე, დედა თუ მამა?

— ვფიქრობ, მამა. ის სპორტში ფანატიკურად არის შეყვარებული. ის მთლიანად უყვარს, ხოლო ძალოსნობა — ყველაზე მეტად. ალბათ, მარტო მე ვუყვარვარ უფრო მეტად (იცინის).

- ძმა ან და გყავთ?
— ძმა მყავდა. სამწუხაროდ, გასულ წელს დაიღუპა. ჩემი ძმა ის ადამიანი იყო, რომლის მონაწილეობითაც შედგა ჩემი სპორტული კარიერა. ისიც ძალოსანი, სპორტის ოსტატი იყო. თავის დროზე პერსპექტიული სპორტსმენი იყო, მაგრამ, ასე ვიტყვი, ცხოვრება არ აეწყო. მან დიდი გავლენა მოახდინა, რომ სპორტს გავყოლოდი.

- მას შემდეგ, რაც ოლიმპიადა დასრულდება, თავს, ბუნებრივია, დასვენების ნებას მისცემთ. მომიტევეთ ასეთი პირადი კითხვისთვის, მაგრამ ბავშვის გაჩენაზე არ გიფიქრიათ?

— როგორ არა. სიმართლე რომ ვთქვა, ხანგრძლივი შვებულება მინდოდა ამეღო, ვთქვათ, დეკრეტული. უბრალოდ, გარკვეული ოჯახური ნიუანსები და გარემოებებია. მაგრამ ვნახოთ. ოლიმპიადის მერე ვნახოთ (იღიმება).

© Denis Aslanovანასტასია გოტფრიდი ძალოსნობაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე
ანასტასია გოტფრიდი ძალოსნობაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
ანასტასია გოტფრიდი ძალოსნობაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

- ყველა წინაპირობა გაქვთ იმისთვის, რომ ბრაზილიაში თამაშებზე წარმატებით გამოხვიდეთ. თუ გაიმარჯვებთ, ჩათვლით, რომ კარიერის პიკს მიაღწიეთ? ამაზე ხომ არ გაჩერდებით?

— ძალიან მინდა სპორტული კარიერის გაგრძელება, მაგრამ ძალიან მჭირდება ცოტა შესვენება. ბოლო ნახევარი წელიწადი ძალიან რთული იყო. მუდმივი წვრთნები, მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, კიდევ ერთი მსოფლიო პირველობა ახალგაზრდებს შორის და მერე — ოლიმპიადა. ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯე და სწორედ მორალურად დავიღალეთ. ფიზიკურად არ დავღლილვარ, მაგრამ მორალურად — ხანდახან, უბრალოდ, ზღვრამდე მივდივარ.

- ოლიმპიურ სოფელში საერთაშორისო მასშტაბის რომელ ვარსკვლავთან ისურვებდით ფოტოს გადაღებას ან, ვთქვათ, მისგან ავტოგრაფის მიღებას?

— იცით, კუმირები არ მყავს და ალბათ, ფოტოს გადაღება ან ავტოგრაფის მიღება არავისგან მომინდებოდა. აბსოლუტურად ყველა სპორტსმენს პატივს ვცემ, მაგრამ ეს ჩემთვის საინტერესო არ არის.

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ 50 მედალი გაქვთ მიღებული.

— ახლა უკვე 70-ზე მეტი (იცინის).

- ამ მედლებიდან რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი და რატომ?

— პირველი მედალი ცხრა წლისამ მივიღე. სიმართლე რომ გითხრათ, არც მახსოვს, რომელი იყო პირველი (იცინის). ყველა ერთ დიდ ყუთში აწყვია, ყველა ხელმოწერილია, მართლა ბევრია. იქაა ჯილდოებიც საოლქო შეჯიბრებებიდან, უკრაინის ჩემპიონატიდან, საერთაშორისო ტურნირებიდან.

- მთლიანობაში რომ გადავხედოთ თქვენს ცხოვრებას, კარიერას — არ ნანობთ, რომ ის სწორედ ძალოსნობას დაუკავშირეთ? საერთოდ, სპორტს?

— ჩემი ცხოვრება — ეს სპორტია. სხვანაირად ცხოვრება არც წარმომიდგენია. ისე ვერ ვიცხოვრებდი, როგორც ჩემი თანატოლები ცხოვრობენ. ჩემი თანაკლასელების თითქმის 80% უკვე ცოლშვილიანია. და ეს, რაც უნდა უცნაური იყოს, 20 წლის ასაკში. უბრალო ცხოვრებით ცხოვრებას, ამ სიარულით შეჯიბრებებზე და იქ ადრენალინით — ვერ შევძლებდი. კი, მომზადება ძალზე რთულია. როდესაც კვარცხლბეკზე დგახარ — ეს ერთია. ეს მხოლოდ წამებია. ხოლო როდესაც დარბაზში მუშაობ — ეს სულ სხვა ისტორიაა.

© Denis Aslanovანასტასია გოტფრიდის ავტოგრაფი Sputnik-ს
ანასტასია გოტფრიდის ავტოგრაფი Sputnik-ს - Sputnik საქართველო
ანასტასია გოტფრიდის ავტოგრაფი Sputnik-ს

-მაგრამ თქვენ ამბობდით, რომ იმ დროს კვარცხლბეკზე, როდესაც იხრები, რომ მედალი ჩამოგკიდონ — ის ყველაფერს უსვამს ხაზს.

— დიახ, სწორედ ასეა. გავიწყდება ყველანაირი ტრავმა, ტკივილი, რომელსაც ვარჯიშის დროს იტანდი. ყველაფერი უკან რჩება, ხოლო ბედნიერება — აი, ისიც. და იმ მომენტში მეტი არაფერი გჭირდება.

- მშობლიურ სნეჟნოეში თქვენს საპატივცემულოდ ქუჩისთვის თქვენი სახელი არ უწოდებიათ?

— ჯერჯერობით არა (იცინის).

© Denis Aslanovანასტასია გოტფრიდი
ანასტასია გოტფრიდი - Sputnik საქართველო
ანასტასია გოტფრიდი

- ღმერთისთვის რომ შეგეძლოთ ერთადერთი კითხვის დასმა, რომელზეც აბსოლუტურად ზუსტ პასუხს მიიღებდით, რას ჰკითხავდით?

— არ ვიცი… მართლა… და რა შეიძლება მას ჰკითხო?

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს სამი სიტყვით?

— მიზანსწრაფული, კეთილი, მიამიტი.

P.S.: ინტერვიუს შემდეგ ანასტასიამ გამომიგზავნა sms-შეტყობინება, სადაც ღმერთზე დასმულ კითხვას უპასუხა.

 „არაფერს ვკითხავდი, უბრალოდ, მინდოდა, მადლობა მეთქვა, რომ გამომიგზავნა ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ვენდობი. ადამიანი, რომელიც თავდაჯერებულობას მმატებს და რწმენას მიმყარებს, რომ ეს სამყარო უიმედო არ არის“.

ყველა ახალი ამბავი
0