კოსმოსური ექსპერიმენტები საქართველოში

© Институт космических сооружений Грузииპირველი ქართული კოსმიური ობიექტი
პირველი ქართული კოსმიური ობიექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1999 წლის 23 ივლისს საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინტიტუტის მიერ შექმნილი კონსტრუქცია „რეფლექტორი“ ორბიტაზე გავიდა, გაიშალა და მისმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ ყოველი წლის 23 ივლისი საქართველოში “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე“ აღინიშნება.

კონსტუქცია საქართველოში კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტთან ერთად კომპანიებმა „საქართველოს პოლიტექნიკურმა ინტელექტმა“ და „თბილავიამშენმა“ დაამზადეს. ექსპერიმენტი ორბიტალურ სადგურ “Мир”-ზე ქართულ-რუსულმა კომპანია “Energia-GPI-Space”-მა, ხოლო კოსმოსში გაყვანა რაკეტულმა კორპორაციამ «Энергиа»-მ უზრუნველყო.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — 6,4 მ. გაბარიტის მქონე გასაშლელი რეფლექტორი, 28 ივლისს ჩამოცილდა ორბიტალურ სადგურ „МИР”-ს და კოსმოსში ფრენა დამოუკიდებლად დაიწყო.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილია, რომელმაც საქართველოში ჩამოაყალიბა და განავითარა კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების სამეცნიერო, აკადემიური და პრაქტიკული მიმართულებები. გენერალმა Sputnik-ს ქართული კოსმოსური ობიექტების განვითარების პერსპექტივებზე უამბო. 

- ბატონო ელგუჯა, როდის და როგორ დაიწყო „რეფლექტორის“ შექმნაზე მუშაობა?

— საქართველოში კოსმოსურ ობიექტებზე მუშაობა 1980 წლიდან დაიწყო, როდესაც სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს დიდი დასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის შექმნა დაევალა. ამის შემდეგ ჩვენ ფაქტიურად გავხდით სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „კომეტას“ სტრუქტურული შემადგენელი ელემენტი, რომლის გენერალური კონსტრუქტორი აკადემიკოსი სავინი გახლდათ.

ამის შემდეგ აშენდა უნიკალური სასტენდო კომპლექსი საგურამოში, სადაც შეიძლებოდა 30 მეტრამდე დიდი გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქციების სრულმასშტაბიანი გამოცდა თვით რადიო ტექნიკურ პარამეტრებზეც კი.

ჩვენ მონაწილეობა გვაქვს მიღებული ისეთ კოსმოსურ პროგრამებში, როგორიც იყო მაგალითად „კრაბი“ ან „სოფორა“. ასე რომ, არსებობდა სათანადო მატერიალურ ტექნიკური ბაზა და სამუშაოები მიდიოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ გარკვეულწილად შევინარჩუნეთ კონტაქტები, „კომეტასთსან“ და „ენერგიასთან“, მაგრამ დავიწყეთ სხვა პარტნიორების მოძიებაც. ჩვენ სამუშაოები ვაწარმოეთ გერმანულ Daimler-Benz Aerospace-თან ერთად, რომლის დროსაც ევროპული კოსმოსური თანამგზავრებისათვის 12 მეტრიანი უკვე მსუბუქი რეფლექტორების პროექტირების პრინციპები განვსაზღვრეთ.

ამ ხელშეკრულებას დიდი რეზონანსი ჰქონდა, თვით ევროპული კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი ანტონიო როდოტა წერდა საქარველოს მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, რომ ეს სტრატეგიული ხელშეკრულება იყო, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს კოსმოსური კვლევებისაკენ.

შემდეგ უკვე ჩვენთან ჩამოვიდა „ენერგია“ და ერთობლივი წარმოების შექმნა შემოგვთავაზა.

© საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტიქართული კოსმოსური ობიექტი "რეფლექტორი" დაკეცილ მდგომარეობაში
ქართული კოსმოსური ობიექტი რეფლექტორი დაკეცილ მდგომარეობაში - Sputnik საქართველო
ქართული კოსმოსური ობიექტი "რეფლექტორი" დაკეცილ მდგომარეობაში

ჩვენ უნდა დაგვემზადებინა, გამოგვეცადა და წინასაფრენოსნოდ მოგვემზადებინა კოსმოსში გასაშვები რეფლექტორი, რომლის დიამეტრი 7 მეტრამდე იქნებოდა, ხოლო ისინი კი თავის თავზე ორბიტალურ სადგუზე მის გატანას და გამოცდას იღერბდნენ.

МИР-ზე მაშინ ინტერნაციონალური ეკიპაჟი იყო  - ავდეევის, აფანასიევის და ჟან პიერ ენერიეს შემადგენლობით. ამ თანამშრომლობის შედეგად 1999 წლის 23 ივლისს,  ორბიტაზე გავიდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი „რეფლექტორი“, რომელიც ორბიტულ სადგურ წარმატებით გამოიცადა. მაშინ ამას დიდი რეზონანსი ქონდა როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის პრესაში. „რეფლექტორს“ აკვირდებოდა ძალიან ბევრი ექსპერტი და 28 ივლისს, როცა ექსპერიმენტი სრულად ჩატარდა, კოსმოსური ობიექტი ჩამოსცილდა МИР-ს და დაიწყო დედამიწის ირგვლივ დამოუკიდებლად თანამგზავრულ ორბიტაზე ფრენა.

- სხვა ქვეყნები თუ დაინტერესდნენ საქართველოსთან თანამშრომლობით ამ წარმატების შემდეგ?

— ამის შემდეგ ჩვენით იტალიელები დაინტერესდნენ დ ჩემს მიერ შედგენილი ტექნიკური დავალების მიხედვით 20 მილიონიაინი ტენდერიც კი მოიგეს, რომელსაც საფუძვლად ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებული მემორანდუმი დაედო, რომელშიც ეწერა: კოსმოსური რეფლექტორების გამოცდილება აქვს საქართველოს რუსეთთან ერთად და ეს გვაძლევს იმის საბაბს, რომ ქართული ანტენა გახდეს ევროპულიო.

ტენდერში ცოტა გაურკვევლობა მოხდა სამეცნიერო მიმართულებით მე წინააღმდეგი ვიყავი კონსტრუქციის ისეთი მოდიფიკაციის, რომელსაც იტალიელები და რუსები ითხოვდნენ და 2003 წელს ჩვენ ტენდერი დავტოვეთ. 2008 წელს კი უკვე ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ მოგვმართა, ჩატარდა პირველი კონფერენცია დიდგაბარიტიან კოსმოსურ კონსტრუქციებში, რასაც მოყვა მეორე კონფერენცია უკვე 2014 წელს ისევ ევროპული კოსმოსური სააგენტოს ეგიდით. შედეგად ჩვენ ევროპული კოსმოსური სააგენტოს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის 4 ხელშეკრულება შევასრულეთ. გაკეთდა 4 მაკეტი და უკვე გასულ წელს მივიღეთ პირველი ამერიკული პატენტი ევროპული კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად.

წელს მეორე პატენტის გამოშვებას ველოდებით, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ექპერტიზა, ეს არის დიდი გასაშლელი რეფლექტორები.

© საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტიქართული კოსმოსური ობიექტი "რეფლექტორი" გაშლილ მდგომარეობაში
ქართული კოსმოსური ობიექტი რეფლექტორი გაშლილ მდგომარეობაში - Sputnik საქართველო
ქართული კოსმოსური ობიექტი "რეფლექტორი" გაშლილ მდგომარეობაში

ეს ოთხივე ხელშეკრულება შეიძლება დიდი წინსვლად შეფასდეს. რეფლექტორი ეს არის ტელეკომუნიკაციის უმთავრესი ინსტრუმენტი რომელის დახმარებით ხდება სხვადასხვა სამოქალაქო და სპეციალური დანიშნულების პროგრამების შესრულება.

- რამდენად იქნება პერსპექტიული საქართველოსთვის ამ მიმართულებების განვითარება?

— საერთოდ მისაღებია, რომ საქართველომ კოსმოსური კვლევები აწარმოოს. ამას ევროპაში პატარ-პატარა ქვეყნებიც აკეთებენ. ისინი ქმნიან კოსმოსურ ტექნოლოგიებს და ნაკეთობებს. ეს ეკონომიკურადაც მომგებიანია და პრესტიჟულიც არის.

© საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტიქართული კოსმოსური ობიექტი "რეფლექტორი" დედამიწის ორბიტაზე
ქართული კოსმოსური ობიექტი რეფლექტორი დედამიწის ორბიტაზე - Sputnik საქართველო
ქართული კოსმოსური ობიექტი "რეფლექტორი" დედამიწის ორბიტაზე

არ არის საჭირო ქვეყანას თავისი რაკეტა-მატარებელი ყავდეს, თავისი კოსმოსდრომი ქონდეს, კოსმოსური ტექნიკა მთელს მსოფლიოს ეკუთვნის და ყველას აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ამ კვლევებში, ვფიქრობ, თუ ქვეყანისთვის ეს პრიორიტეტულია და გააჩნია ამის შესაძლებლობა, მან ეს სფერო უნდა განავითაროს, მით უმეტეს საქართველოს აქვს უკვე სათანადო აღიარება ჯერ საბჭოთა კავშირიდან დაწყებული და შემდეგ ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ დამოწმებული. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ვიმუშაოთ ისეთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიც არის დიდი გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორები, ეს ქვეყნისთვისაც მომგებიანია და ევროპული თანამეგობრობისთვისაც მეტად მნიშვნელოვანი იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0