იტალიაში მცხოვრები ქართველების ემიგრანტული ისტორიები

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირომი, ვატიკანი
რომი, ვატიკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ თუ ბედის უკუღმართობამ, მრავალი ქართველი გადახვეწა საშოვარზე უცხოეთში. როგორ ცხოვრობენ ისინი, რა პირობებში უწევთ სარჩოს მოპოვება და რას ფიქრობენ სამშობლოში დაბრუნებაზე, ჟურნალისტი ნინო ცხოიძე იტალიაში სამუშაოდ წასულ ქართველ ქალბატონებს ესაუბრა.

ნინო ცხოიძე 

ბოლო 4 წელია, ემიგრაციის ტალღა ცოტათი შემცირდა, მაგრამ ვერ შეჩერდა. ამასთან აშკარაა, რომ სამშობლოში დაბრუნების სურვილი კვლავ უფრო მეტ ემიგრანტს გააჩნია, ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისა. ქართველთა გამაერთიანებელ ფაქტორად კი კვლავ სათვისტომოები და ეკლესია რჩება. თუმცა, სამწუხაროდ, ქართული სამრევლოები ჯერ კიდევ ბევრი ემიგრანტისთვისაა მიუწვდომელი.

ამ საკითებზე სასაუბროდ იტალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ემიგრანტებს დავუკავშრდი. მათი ოჯახური მდგომარეობა და ემიგრანტობის სტაჟი ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა, საერთო ნამდვილად ბევრი აქვთ.

ნელი გოძაშვილი, მილანი: საქართველოდან 2011 წელს წამოვედი. აქ ჩამოსვლამდე რამდენჯერმე უკვე ნამყოფი ვიყავი ევროპაში ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ცეკვის ანსამბლის გასტროლებით მეტ- ნაკლებად ვიცოდი ამ ქვეყნის კულტურა და ხალხის ბუნება-განწყობა.  მაგრამ როცა საკუთრი ბინის პირობების გასაუმჯობესებლად ბანკიდან აღებული სესხის დასაფარავად, ამ ბინის დაგირავება მომიხდა და უკვე ოჯახის გადასარჩენად მოვდიოდი, ანუ სამუშაოდ, რაც თავისთავად სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული, მე ყველანაირად, მორალურად და ფსიქოლოგიურად მომზადებული ვიყავი, რომ უნდა ამეტანა ნებისმიერი ცუდი ოჯახი, ნებისმიერი რთული სამსახური, თუ რთული მომენტი, თუკი ასეთი შემხვდებოდა.  

ჩემი მეზობელი ქალი, ვისი იმედითაც ჩამოვედი იტალიაში, აეროპორტშივე დამხვდა და მის ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრე დასაქმებამდე. ის უკვე 10 წელია იტალიაშია. მანვე დამაწყებინა სამსახური ორ კვირაში. მაგრამ 5 თვეში  „ბებია“ გარდაიცვალა. მისმა ქალიშვილმა 4 თვე დამტოვა და ხელფასიც შემინარჩუნა. ამის შემდეგ დაიწყო დროებითი სამსახურები,ისიც ახლობლების დახმარებით. იყო მომენტი, 4 თვე უმუშევარიც ვიყავი. თუმცა, ჩემი ბრალი ყოფილა. არ ვიცოდი, რომ არსებობდა საიტები, სადაც ფოტოთი განცხადებას გამოაქვეყნებ, რა ტიპის სამსახურს ეძებ, არ შეიძლება, ვინმე არ გამოგეხმაუროს.ამჯერად ძალიან კარგ ოჯახში ვცხოვრობ, 77 წლის ქალბატონს ვუვლი. როგორც მისი შვილი მეუბნება, ჩემადე 4 მომვლელი გამოიცვალეს და ვერავინ მოარგო ასე გასაღები. მე კი უკვე თითქმის 4 წელია მასთან ვმუშაობ. მაგრამ სამშობლოში დაბრუნებას მაინც ვაპირებ. მთავარია, ჩემი ბინის გამოსასყიდი თანხა, გირაოს ფული გადავიხადო“.

ნელი გოძიაშვილს მოსწონს იტალიელების ცხოვრების რითმი, რომ არსდროს არსად არ იგვიანებენ,ტელეფონით აგვარებენ თითქმის ყველაფერს. მოსწონს გაშლილ სუფრასთან ათი, ოცი, თუ ოცდაათი ადამიანი ერთს რომ არ ელოდება, სანამ არ გაცივდება ყველაფერი. ისიც მოსწონს, შვილი რომ ურეკავს დედას, ან მეგობარი მეგობარს და ეკითხება, სახლში ხარ? ხარ ხასიათზე,ხარ ფორმაში,რომ მოვიდეო? ნელის თქმით, კარგი და ცუდი ხომ ყველა ერშია, ჰოდა, იტალიელებიც არიან ყურადღებიანები. 

ნელისაგან განსხვავებით, ნათია გრიგალაშვილი, რომელიც ფოთში სტომატოლოგად მუშაობდა, მილანში ახალბედა ემიგრანტია. თუმცა, ცდილობს, შინ დატოვებული ტყუპი შვილების, დედის და ბებიის მონატრებამ დიდხანს არ გასტანოს. 

მაია შონია, რომი:  „2 თვეში ფული შემომეხარჯა და ალბათ, მეც მომიწევდა ქირის თანხის დაგროვებით ცხოვრება. ეს ძალიან რთულია. ამიტომ გადავწყვიტე, თუ 1 თვეში არ გამოჩნდებოდა სამსახური, სახლში დავბრუნებულიყავი. ქალი, რომელიც უნდა დამხმარებოდა, საავამდყოფოში დამხვდა. ამიტომ დავრჩი ღვთის ანაბარა. მაგრამ ყოფილმა თანამშრომელმა თავისი პატრონის დის ოჯახში დამაწყებინა მუშაობა.  წელიწადნახევარი ძლივს გავძელი. ამის შემდეგ 5 თვეში 5 სამსახური გამოვიცვალე. დღეს პრობლემა მხოლოდ ერთი მაქვს, რომ სახლში მინდა. თავიდან სულ არ მეგონა, რომ შორს ვარ სამშობლოდან, სკაიპით რომ ვხედავდი ჩემებს, ამითაც ვკმაყოფილდებოდი. მაგრამ 2 წლის შემდეგ ნელ-ნელა დამეწყო ნოსტალგია და „უსაბუთობის“ გამო ვერ ვბრუნდები(იგულსიხმება არალეგალობა). რა გზა არ ვცადე, არაფერი გამომივიდა. ასე მგონია, თუ ერთხელ მაინც არ ჩავალ საქართველოში, ვეღარ გავუძლებ. თანაც ახლობლები მაშინებენ, აქ რომ ჩამოხვიდე, რა უნდა აკეთო, ყველას ევროპისკენ გვიჭირავს თვალიო. ვითრგუნები, ეს რომ მესმის. ახლა ევროპის ვიზალიბერალიზაციას ველოდები. ეგებ მაშინ მაინც მოვახერხო დაბრუნება, საქართველოში დასაქმება და თუ ვერა, გამარტივებული რეგულაციებით მაინც შევძლო იტალიაში დაბრუნება“.

ემიგრანტების სულიერ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს უცხოეთში შექმნილი სათვისტომოები, ქართული ეკლესიები და სამრევლო საბჭოები. მაია შონიაც ამ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რომში მცხოვრები ქართველების საიმედო საყრდენია მამა იოანე ხელაია, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, ყველანი სამშობლოში დაბრუნდნენ. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0