უმუშევრობა საქართველოში: 2020 წლის III კვარტალი

გამოწერა
საქართველოში 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0,7%-ით გაიზარდა და 11,9% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში ბევრად დაბალია ქალაქის ტიპის დასახლებებთან შედარებით – 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქალაქებში უმუშევრობა 2,2%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა სოფლებში 0,8%-ით შემცირდა.

საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე. 

უფასო ტესტირება ინფექციურ საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში დაეხმარება

ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.

საქართველოს შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელმა 2020 წლის მესამე კვარტალში 60,8% შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, აქტიურობის დონე გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის (0,8%), ისე სოფლის ტიპის დასახლებებში (3%) შემცირებულია, ქვეყნის მასშტაბით დასაქმების დონე კი შემცირებულია 1,9%-ით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2020 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 50,9%-ს, ხოლო მამაკაცებში 72,2%-ს შეადგენდა. ამასთან, აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 3,3%-ით, ხოლო მამაკაცებში გაზრდილია 0,3%-ით.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საქართველოს არაერთი მოქალაქე სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად. ამჟამად ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ვარიანტი მოქმედებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მოიმატებს.

ყველა ახალი ამბავი
0