უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში

გამოწერა
საქართველოში 2020 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 0,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 12,3% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე.

„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქალაქში.

მამაკაცებს შორის უმუშევრების რაოდენობა ტრადიციულად უფრო მაღალია, ვიდრე ქალებს შორის. 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა როგორც ქალებში (1,8%), ისე მამაკაცებში (0,1%).

საქართველოში უმუშევრობის დონეს ამჟამად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობების თანაფარდობის საფუძველზე ითვლიან. 

ბუკინისტი რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
უმუშევრობა საქართველოში: რამდენით გაიზარდა მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან

ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელმა 63,7% შეადგინა. აქტიურობის დონე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცვლელია.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2020 წლის II კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა ქალებში 54,8%, ხოლო მამაკაცებში 74,1% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0,4%-ით, ხოლო მამაკაცებში გაზრდილია 0,6%-ით. 

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბევრი ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. პანდემიის შედეგების გადასალახად საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარების მიზნით.

მათ, ვინც პანდემიის პერიოდში მუდმივი სამსახური დაკარგა, სახელმწიფოსგან ექვსი თვის განმავლობაში  ყოველთვიურად 200 ლარი, თვითდასაქმებულებს კი ერთჯერადად 300 ლარი ერიცხებათ.

ბოლო მონაცემებით, მთავრობამ კორონავირუსის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის კომპენსაციების სახით უკვე დაახლოებით 120,3 მილიონი ლარი გასცა.

ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს თვეებში უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0