როგორ იმოქმედა კორონავირუსმა საქართველოს ავიაბაზარზე

გამოწერა
შემცირდა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ფრენებს ახორციელებენ – 2020 წლის მარტიდან რეგულარული ავიარეისი განახორციელა 36-მა ავიაკომპანიამ, 2019 წელს კი 52-მა ავიაკომპანიამ.

ქვეყანაში ყველაზე დიდი მოთხოვნა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ზეა, რომელიც ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს. ლიდერი კომპანიების ხუთეულში ასევე შედიან: Turkish Airlines, Belavia, Georgian Airways და Pegasus. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტებში წლის დასაწყისიდან მგზავრთნაკადი თითქმის მესამედით შემცირდა

2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტებით 711,5 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 30%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთნაკადის კლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვითაა განპირობებული.

„მსოფლიოში პანდემიის მიმდინარეობის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში პროგნოზები პესიმისტურია. განსაკუთრებულად კრიტიკული მეორე კვარტალი იქნება, რამდენადაც, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან ახანგრძლივებს რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს, რომელსაც უცხოეთიდან თანამემამულეები ჩამოჰყავს. ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან აუცილებელ კარანტინს გადიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0