00:28 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ კიდევ 4 პირს ბრალი წარუდგინა.

ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობის მსხვერპლი გახდა მასმედიის 53 წარმომადგენელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული რ.კ., 1984 წელს დაბადებული გ.კ., 1985 წელს დაბადებული თ.ბ. და გ.ნ. 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, აცხადებენ პროკურატურაში.

ამ მომენტისთვის ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულთაგან უკვე 15 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.

 

 

მთავარი თემები