05:55 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მორიგი სასამართლო სხდომა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე. დღეს მის წინააღმდეგ ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ბრალდების მხარის ვერსიით, ანტისამთავრობო აქცია პარლამენტის შტურმის მცდელობაში გადაიზარდა.

ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც იმ ღამეს პარლამენტის შენობას იცავდნენ.

„დაიკითხა სამი მოწმე. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც 20 ივნისს პარლამენტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და აღდგენის მიზნით. ფაქტობრივად, სამივე მათგანმა დაადასტურა, რომ ნიკა მელია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა იმ დღეს მომიტინგეთა შორის, ის მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა, მათ შორის, ჟესტიკულაციითაც, სიტყვიერადაც, თავად უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობრივ ქმედებებში“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სხდომის შემდეგ.

მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყველა პოლიციელის ჩვენება ერთნაირია, მან ისინი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

„თავგამოდებით ადასტურებდა პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი, რომ არც ერთი სხვა პარლამენტარი, ან საჯარო პირი ან პოლიტიკოსი აქციიდან არ ახსოვს და არ დაუნახავს“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

მისი თქმით, გამოკითხვის დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ მელია თეთრი პერანგით და ვარცხნილობით დაამახსოვრდა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათი ჩვენებები შედგენილია პროკურატურაში და ეს პოლიციელები იმეორებენ იმას, რაც ფურცელზე დაუწერეს, მაგრამ რაღაც მომენტებში საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან.

თავად მელია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. ის წინასწარი მოსმენების დროს სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო განაჩენის გამოტანამდე გაძევებულია დარბაზიდან.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?!“

დანაშაული, რომელიც მელიას ედება ბრალად, 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი თემები