15:18 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულმა მეორე პირმა გადაწყვიტა, რომ მისი საქმე საერთო სასამართლომ განიხილოს - ის ბრალს არ აღიარებს და მას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, დიმიტრი დევდარიანის საქმეს, რომელიც ბრალდებულია „იაღლუჯას“ საწვრთნელ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და პირადი ღირსების შემლახავ ქმედებაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

დღევანდელ მოსმენაზე ბრალდებული დათანხმდა სასამართლოს წინადადებას. კანონმდებლობის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს იხილავს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი ბიჩელაშვილს, მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. მისი ადვოკატის, უშანგი მგელაძის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. ბიჩელაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა - ისინი პატიმრობაში რჩებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე მათგანს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

კერძოდ, 2020 წლის მარტში დევდარიანი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის საპირფარეშოს იატაკი.

ორი თვის შემდეგ, მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ საპირფარეშოს ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.

ის ასევე გადის სამხედრო მოსამსახურის ცემის ეპიზოდში 2020 წლის ივლისში.

მეორე დაკავებულს ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ის სამ ეპიზოდში ფიგურირებს.

როგორც შსს-ს გენერალური ინსპექციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელმაც ფაქტები გამოიძია, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებებით.

აპრილში სასამართლო მოსმენაზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კიდევ თანამშრომელი, ბიჩელაშვილისა და დევდარიანის უშუალო უფროსი ფიგურირებდა. მარტის ბოლოს მან თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რვა თვით ადრე ის დაიკითხა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები ამომრჩეველთა სიიდან ირჩევიან. სასამართლო მაქსიმუმ 12 ადამიანისგან შედგება.

საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. განსაკუთრებით მძიმე საქმეში კი განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 კაცისგან და ვერდიქტი აუცილებლად უნდა იყოს ერთსულოვანი.

 

 

მთავარი თემები