17:54 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
49 0 0

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების შესამსუბუქებლად ახალი გარემოებები არ იკვეთება.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ბრალდებით დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულ გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს პატიმრობა 23 აპრილს შეუფარდა. 

სამართლოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების შესამსუბუქებლად ახალი გარემოებები არ იკვეთება.

„ის საფრთხეები, რაც იყო, კვლავ არსებობს, დღევანდელი მოცულობით ბრალდებაც გაიზარდა, დამძიმდა მათი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმფციით განვიხილავთ ამ ყველაფერს, თუმცა ვიტყვი, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მსჯელობს, არის თუ არა რაიმე ახალი გარემოება, ასეთი რამ სახეზე არ გვაქვს“, – განაცხადა ლევან გელოვანმა.

დღეს ბრალდებულებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – განიხილონ თუ არა საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შემლახავი ქმედების ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს.

საქმეში ფიგურირებს სავარაუდო დანაშაულების სხვადასხვა ეპიზოდი, რომლებიც „იაღლუჯას“ საწვრთნელ სამხედრო ბაზაზე 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ცვლის უფროსი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის საპირფარეშოს იატაკი.

ორი თვის შემდეგ, მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ საპირფარეშოს ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.

აღნიშნული პირი ასევე გადის სამხედრო მოსამსახურის ცემის ეპიზოდში 2020 წლის ივლისში.

მეორე დაკავებულს ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ის სამ ეპიზოდში ფიგურირებს.

როგორც შსს-ს გენერალური ინსპექციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელმაც ფაქტები გამოიძია, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებებით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე მათგანს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი თემები