თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ, სადაც გუშინდელი დღიდან დაძაბული ვითარებაა.
გუშინ მომხდარი მასობრივი ჩხუბის შემდეგ ქალაქში სიმშვიდე დარღვეულია.
გომელაურის თქმით, ყველა, ვინც კანონი დაარღვია, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
„სამწუხაროა რაც მოხდა. გუშინვე დავიწყეთ ამაზე გამოძიება. ერთი მინდა ვთქვა: ყველა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით დაისჯება. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ძალები და ჯგუფები ცდილობენ მომხდარი ეთნიკურ დაპირისპირებად შეაფასონ“, – განაცხადა გომელურმა.
გომელაურის თქმით, ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა და ეს უნდა გამწვავდეს. ამას არ დავუშვებთ, აღნიშნა მან.
„ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ქართველები, ჩვენი მოქალაქეები არიან. ერთად ცხოვრობენ საუკუნეების განმავლობაში და ამას არ დავუშვებთ. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში“, – განაცხადა მინისტრმა.
ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, აღნიშნა მან.
„ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ. ცუდი სიტუაცია იყო, გეთანხმებით, და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელის მერე გაძლიერებული იყო პოლიცია, შემოყვანილი იყო მეტი ძალები, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი... ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში, სიტუაცია ამის შემდეგ განიმუხტა“, – განაცხადა გომელაურმა.
კონფლიქტი ადგილობრივი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის გუშინ დაიწყო. ამის მიზეზი პროდუქტების ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველის მიერ ახალგაზრდებისთვის სპირტიანი სასმელების ნისიად მიცემაზე უარი გახდა. გამყიდველი ქალის განცხადებით, უკმაყოფილო მყიდველებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მის მამას, რომელიც ქალიშვილის დაცვას შეეცადა, თავში ჩაარტყეს.
პოლიციაში კონფლიქტის მონაწილეების დაკითხვა მთელი ღამე გრძელდებოდა.
მასმედიის მონაცემებით, კონფლიქტი ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის მოხდა. დაპირისპირება ამ დილითაც განახლდა.
შსს-მ დმანისის მოსახლეობას მოუწოდა, შეწყვიტოს არეულობა და დაემორჩილოს სამართალდამცველების მოთხოვნებს.