08:34 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
76 0 0

ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეზეა ბრალდებული, ერთ-ერთ ჩვენებაში აღიარა, რომ მეგი ბაქრაძისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გუშინ საქართველოს პროკურატურამ ახალგაზრდა მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს – ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ექთანს წარუდგინა.

გირაოს შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო, რითიც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე თითოეულის შემთხვევაში 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა. სასამართლოს მორიგი სხდომა 31 მაისს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

მედიკოსები მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ. პროკურატურის მტკიცებით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ერთ-ერთი მათგანი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან არ იმყოფებოდა, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

გამოძიების მიხედვით, აცრის შემდეგ ექიმს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა ექთანს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, ის დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ინასარიძემ ერთ-ერთ ჩვენებაში აღიარა, რომ მეგი ბაქრაძისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია.

ექიმებსა და ექთანს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ წარდგენილი (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით).

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

 

მთავარი თემები