თბილისი, 8 მარტი – Sputnik. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მასმედიის წარმომადგენლებიც არიან, იუწყება „პირველი არხი“.
ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რა დროსაც ეპარქიის რეზიდენციის შენობის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი მოირღვა და რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ტელეკომპანიების „ფორმულის“, POSTV, TV Pirveli და Rustavi 2-ის ოპერატორები, რომლებიც სასულიერო პირების სხდომას აშუქებდნენ.
დაპირისპირება ეპარქიის მსახურებს შორის – ერთი მხრივ, და სასულიერო პირებსა და მრევლს შორის – მეორე მხრივ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდისა და მარტვილის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება აუკრძალა.
დიაკვნებს მრევლის ნაწილი გამოექომაგა. მრევლის ნაწილი ითხოვდა, რომ ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.
საქართველოს საპატრიარქოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.