22:29 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ კარვის გაშლის უფლებას კონსტიტუცია ანიჭებს. შსს-ს თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ კარვის გაშლა საზოგადოებრივი უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას უშლის ხელს

თბილისი, 21 თებერვალი -  Sputnik. სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს რვა პირი, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლას ცდილობდნენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო აქტივისტების დღევანდელი აქცია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ისინი საქართველოს ისტორიის შესახებ ლექციების წაკითხვას უშუალოდ კარვებიდან აპირებდნენ.

კარვების დადგმის მცდელობას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოყვა. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ მოქმედებენ და კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებების თავისუფლებას ზღუდავენ.

შსს-ს ცნობით კი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, სამართალდარღვევის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აქციის მონაწილეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოს წინ განათავსონ კარავი.

„საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად. მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარავი გაშლილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, რაშიც პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Акция протеста у парламента и задержание участников за неподчинение полиции 21 февраля 2021 года
© Sputnik / STRINGER
აქციის მონაწილეების დაკავება. 21/02/2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

აქტივისტებმა, რომლებიც რამდენიმე თვეა რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში ათენებენ ღამეებს, კარვის გაშლა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის წინაც დააპირეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება 20 აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

 

 

მთავარი თემები