თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კახეთის რეგიონში 17 წლის ბიჭმა დედა დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამართალდამცველებმა 17 წლის ბიჭი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.