თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გუშინ გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე აქრობენ, იუწყება ონის მუნიციპალიტეტის მერია.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი, პირველადი შეფასებით, 4 ჰექტარზე მეტია.
სოფელ ონჭევის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზება მეხანძრეებმა გუშინ საღამოსვე მოახერხეს, თუმცა ძლიერი ქარის გამო დღეს, გამთენიისას სოფელ წოლის მიმდებარედ უკვე ახალი კერები გაჩნდა.
მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან რეგიონისა და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
მეხანძრე-მაშველები ხანძარს რაჭის გარდა საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში - სამეგრელოში ებრძვიან. ამ ეტაპზე 40 აქტიური მინდვრის ხანძრიდან უმეტესობა – 28 კერა ლიკვიდირებულია, ლოკალიზებულია ორი. ამ დროისათვის დარჩენილია 10 კერა, რომლებზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.