06:44 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (54)
95 0 0

უწყება აცხადებს, რომ ტელევიზიების მიერ გავრცელებული არასწორი და გაყალბებული ინფორმაცია საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს.

დღეს ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ვიდეო- და ფოტომასალა. მათი ინფორმაციით, ჩანაწერები სამართალდამცველი უწყებებიდან წყარომ მიაწოდა და კადრებში ასახულია ბადრი ესებუას გაადაადგილება ზუგდიდის ტერიტორიაზე 27 ოქტომბერს.

შსს-ს ცნობით, ტელევიზიებმა საზოგადოებას არასწორი და გაყალბებული ინფორმაცია მიზნმიმართულად მიაწოდეს, რაც საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

„ფოტო- და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს>>

დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბადრი ესებუას მამამ ტარიელ ესებუამაც. მისი თქმით, ტანსაცმელი, რომელიც მის შვილს აცვია ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში, სახლში არის დატოვებული და, შესასამისად, ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები 27 ოქტომბრის ვერ იქნება.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

26 ოქტომბერს, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუასა და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღო თუ არა.

გახარია: პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო და პირნათლად შეასრულა>>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (54)

მთავარი თემები