თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს სოფელ რუისპირში სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა 41 წლის თანასოფლელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. მოწმეთა გამოკითხვებით ირკვევა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს შვიდიდან 15 წლამდე ვადით პატიმრობას.