20:42 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (132)
125 0 0

გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატის მიმართ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გამო აღშფოთება არაერთმა იურისტმა გამოთქვა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ათზე მეტი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან კოლეგის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

გუშინ საგამოძიებო ორგანოებმა მიხეილ რამიშვილის პირადი მობილური ტელეფონი ამოიღეს უსაფრთხოების საკითხთა არასამთავრობო ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერის შესამოწმებლად, რომელმაც ადვოკატს გადასცა თანამგზავრიდან გადაღებული, იმ ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც 23 წლის დაღუპული პროგრამისტის მანქანა იპოვეს.

ადვოკატების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარებული მიხეილ რამიშვილის მიმართ მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია.

იურისტები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა და ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე მსგავსი ფორმით დაკითხვა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის პოზიცია

აქციას შეუერთდა თეონა თამაზაშვილიც - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა. მისი თქმით, გამოძიება, გოგონას მკვლელების ვინაობის დადგენის ნაცვლად, ებრძვის ადვოკატს და ცდილობს, ის საქმეს ჩამოაშოროს.

„მოვედი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, რადგან მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ, მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ, აგერ ყალბი რაღაცაო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, ვინ მიაწოდა მას იარაღით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია და იყო თუ არა ეს დავით ფურცხვანიძე, თამაზაშვილმა მიუგო, რომ ამის შესახებ ინტერნეტში წაიკითხა, ფურცხვანიძემ კი სტატია ინგლისურ ენაზე უკვე ამის შემდეგ გამოაქვეყნა.

„როდესაც მოსამართლესთან დამკითხეს, მკითხეს – შენი წყარო ადამიანია თუ არა. მე ვუთხარი, კომპიუტერში წავიკითხე და თამუნასთან ლაპარაკიდან გამოვიტანე აზრი, ეგ სტატია  ფურცხვანიძემ ჩემი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი არის და დავუდე, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამას-თქო. ფურცხვანიძეს ყარაბაღი არ უხსენებია. ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ომი კავკასიაში, ყარაბაღში მიმდინარეობდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა ასევე, რომ დარწმუნებულია ფოტოების ავთენტურობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მას საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს, ის დაიჯერებს, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა.

რა მოხდა დაკითხვაზე

დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უპასუხა კითხვებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, დანარჩენი კი პროკურატურის საქმეა. მისი თქმით, ყველა კითხვა მის მიმოწერას ეხებოდა.

„კითხვები იყო, მიწერ-მოწერაში რა რას ნიშნავდა, მე ხომ არ შევუკვეთე, ვიცოდი თუ არა, რომ სურათები იყო გაყალბებული. პასუხები ეძებეთ, ვინ არის გამყალბებელი, საიდან გავიცანი ეს ადამიანი (ფურცხვანიძე - რედ.). გამოძიებას არაფერი ხელი არ შეშლია, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა ხელი შეშლილი, რადგან არასწორად მიდიოდა, დღესაც არასამართლიანად გრძელდება, რადგან რაც დრო დახარჯა ამ აბსურდულ ძიებაში, იმ ქმედებებში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაცილოს, სჯობდა, ეს დრო და ენერგია საქმეში დაეხარჯა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოეყენებინა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ხაზგასმით განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იქ, სადაც იპოვეს.

რადგან ფურცხვანიძის მიერ წარმოდგენილი ფოტოები, ბრალდების განცხადებით, ყალბია, რამიშვილი პროკურატურისგან ელოდება თანამგზავრიდან გადაღებულ სხვა ფოტოებს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ფურცხვანიძე აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, რომელიც 30 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამ ფოტოების ექსპერტიზის სარწმუნო შედეგს ჩამოიტანს. 

პროკურატურის პოზიცია

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებამ დასვა მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი კითხვა.

„ვიდრე რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში განაცხადებდა წყაროს ვინაობას, თქვენთან, მედიასთან საჯაროდ დაუკავშირდა ამ პიროვნებას, შეატყობინა, რომ აპირებდა მის დასახელებას. ასევე, მისი ვინაობა ცნობილი გახადა თქვენთვის, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმ დღესვე, როდესაც დაასახელა დავით ფურცხვანიძე, დავიწყეთ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც ეხებოდა ფურცხვანიძის სახლის და ოფისის ჩხრეკას“, – განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორმა აღნიშნა ასევე, რომ დავით ფურცხვანიძე ერთადერთი ადამიანია ამ საქმეში, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული, მათ შორის, ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხზე.

რაც შეეხება ფურცხვანიძისთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობას, გუმბერიძის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ამ ეტაპზე კი კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (132)

მთავარი თემები