დნმ-ის ექსპერტიზამ დაადასტურა - აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

გამოწერა
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (Federal Bureau of Investigation, FBI) არ არის მზად ჩაერთოს 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებაში

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. დნმ-ის ტესტის შედეგები ადასტურებს, რომ ავტომობილში ნამდვილად 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს, განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილზე მექანიკური ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა

დნმ-ის კვლევის შედეგებს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გაეცნენ.

„დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით გუმბერიძემ.

ამასთან, გუმბერიძემ აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი გაეცნო ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და პროკურატურა ამასთან დაკავშირებით კომენტარს უახლოეს დროს გააკეთებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაღუპული გოგონას დედა გამოიკითხა. თეონა თამაზაშვილი გამოკითხეს მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 30 აგვისტოს გააკეთა. მისი განცხადებით, მისი ქალიშვილის გარდაცვალება უკავშირდება მთიან ყარაბაღში იარაღის მიწოდების სქემის გაშიფვრას.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან თანამშრომლობისთვის მზად არის

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა შეაღწია სამი მაღალჩინოსნის ფაილებში, რომლებიც კომპრომატებს შეიცავდა. ამ განცხადების შემდეგ თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, რაზეც მან უარი განაცხადა და გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დათანხმდა.

გუმბერიძის თქმით, თეონა თამაზაშვილს დაუსვეს კითხვები, რომლებიც მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ინფორმაციის წყაროს ეხებოდა.

„დღევანდელი დაკითხვის მთავარი თემა გახდა ის განცხადება, რაც 30 აგვისტოს გააკეთა ქალბატონმა თეონა თამაზაშვილმა. ჩვენ დავუსვით კონკრეტული კითხვები, თუმცა მან ვერ დაასახელა კონკრეტული წყარო და საბოლოოდ მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის მისი ვარაუდი და ეჭვები ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე“, – აღნიშნა პროკურორმა.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
FBI უარს აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე

თეონა რამაზაშვილი სასამართლოში ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (Federal Bureau of Investigation, FBI) არ არის მზად ჩაერთოს 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებაში, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურატურაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0