თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ.
კვირა საღამოს მიკროავტობუსი, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, სამი ძლიერ დაშავდა.
„დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდნილი იყო შატილიდან ბარისახოსკენ მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სადაც იმყოფებოდა 20 მოქალაქე, მძღოლთან ერთად. სამი მოქალაქე მაშველების მიერ ამოყვანილი იქნა მძიმე დაზიანებებით და გადაყვანილ იქნენ შესაბამის დაწესებულებებში. სამწუხაროდ, 17 მოქალაქე გვყავს გარდაცვლილი. გარდაცვლილებიც ამოსვენებულები და გადასვენებულები არიან შესაბამის დაწესებულებაში“, – განაცხადა იოსებ ჭელიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ პასუხის დროს კითხვაზე, ხომ არ არის ინციდენტში დამნაშავე კიდევ ერთი ავტომობილი, აღნიშნა, რომ გზაზე ერთი ცარიელი გაფუჭებული ავტომანქანა იდგა და იქ ადამიანები არ იმყოფებოდნენ. ეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავტომობილია.
ავტოკატასტროფაში დაშავებულთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა, განუცხადა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი მძინარიშვილმა.
მისი თქმით, ორი პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული, ხოლო ერთს იკვლევენ.
„სამი ქალბატონია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. არის სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და არასტაბილური ჰეროდინამიკა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია, გადაყვანილი არიან რეანიმაციაში, ერთთან მიმდინარეობს კვლევა“, – განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.