12:29 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (291)
217 0 0

სინოპტიკოსების მონაცემებით, რამდენიმე საათში აჭარაში ნალექის ექვსთვიანი ნორმა მოვიდა, რამაც ქუჩების დატბორვა გამოიწვია

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ბათუმში ორდღიანი გადაუღებელი წვიმების გამო დატბორილია რამდენიმე ქუჩა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, პრობლემები შეიქმნა ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, შავშეთის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ასევე, გრიბოედოვისა და ბაგრატიონის ქუჩებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.

პარალიზებულია ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელი გზა, რის გამოც მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლებია მობილიზებული.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.

მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით, ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.

კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხები წინასწარ იყო გაწმენდილი და გახსნილი, მაგრამ იმ რაოდენობით ნალექი მოვიდა, რომ შეუძლებელი იყო ჭებს გაეტარებინა. მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები.

„ჭების თავზე დაგროვილმა ნაგავმა რომ არ შექმნას გამტარუნარიანობის მხრივ პრობლემა, ვასუფთავებთ. 24 საათის განმავლობაში ჯგუფები მობილიზებული გვეყოლება იმ ადგილებში, სადაც პრობლემაა“, – განაცხადეს „ბათუმის წყალში“.

შუადღის მონაცემებით, ცხელ ხაზზე 16 შეტყობინება შევიდა. აჭარაში ახლაც წვიმს.

სინოპტიკოსების მონაცემებით, რამდენიმე საათში აჭარაში ნალექის ექვსთვიანი ნორმა მოვიდა, რამაც ქუჩების დატბორვა გამოიწვია. თუმცა 5-ბალიანი შტორმის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. ხვალ ბათუმსა და ქობულეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

თემები:
უამინდობა საქართველოში (291)

მთავარი თემები