04:39 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1787)
1797 0 0

სვანეთის სოფლებში კარანტინი დაწესდა – გასულ დღე-ღამეში მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის ძებნა არ შეჩერდება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დაწესდა, რადგან გასულ დღე-ღამეში მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ძებნა გრძელდება იმავე შემადგენლობით, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. ბუნებრივია, პროცესი გაგრძელდება უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით – სამედიცინო პირბადეებით და დისტანციის დაცვით. სხვა მხრივ ძებნა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა სამსახურის წარმომადგენელმა.

ბიჭის გაუჩინარება

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან სოფელ ლენჯერში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

ილია სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს. 

ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მათი მიმდებარე ტერიტორია. სამძებრო ღონისძიებები ჩატარდა შვიდი მდინარის კალაპოტსა და ხეობაში. მაშველებმა მოიარეს ტყეები, მთები, საძოვრები, მიტოვებული სახლები და გვირაბები.

ბიჭს ეძებენ როგორც სვანეთში, ისე შავი ზღვის სანაპიროზე, ილია ფილფანის ფოტოები შსს-ს ყველა განყოფილებაში გაიგზავნა, ხოლო საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით.

ძებნა და კორონავირუსი

ლენჯერი ერთ-ერთი სოფელია, რომელიც ეპიდაფეთქების გამო დაიკეტა. ბიჭის დედის, ქსენია ფილფანის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ძებნა გაგრძელდება, თუმცა გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების პირობებში.

„ჯერ კიდევ გუშინ მაშველები მაქსიმუმს აკეთებდნენ: ძებნა გრძელდებოდა მდინარეში და წყალსაცავის ტერიტორიაზე, სოფლებში. დღეს იმის გამო, რომ მესტია ჩაიკეტა, ძებნა ჯერჯერობით არ განახლებულა. ველოდებით ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოხდება ამის ორგანიზება. ძებნა არ შეწყდება, მაგრამ უნდა გვაცნობონ, როგორ იმოქმედებს სამსახური შექმნილ სიტუაციაში“, – განუცხადა ქსენია ფილფანმა „Sputnik-საქართველოს“.

ბიჭის დედა მისი გაუჩინარების დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა, საიდანაც კორონავირუსის პანდემიის გამო სწრაფად ჩამოსვლა ვერ მოახერხა. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყაზახეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ნიდერლანდებში საქართველოს საკონსულოების ხელშეწყობით ქსენია საქართველოში ამსტერდამის გავლით ტრანზიტული რეისით ჩამოფრინდა. ფილფანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის აფეთქება მის ჩამოსვლას არანაირად არ უკავშირდება.

„მე და ჩემი მეუღლე ორი კვირის განმავლობაში რეგულარულად ვიტარებდით ტესტს კორონავირუსზე და ყველა შედეგი იყო უარყოფითი, ამიტომ ჩემი ჩამოსვლა, ისევე, როგორც მაშველების მუშაობა, არანაირად არ უკავშირდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავებას“, – განაცხადა ქსენია ფილფანმა.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)

მთავარი თემები