თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მოადგილემ ვასილ ლილუაშვილმა სამწლიანი სასჯელი მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.
ვასილ ლილუაშვილს დაწესებულებასთან ოჯახის წევრები დახვდნენ.
„მე ბოლომდე მოვიხადე სასჯელი. ჩემი მომავალი გეგმები იქნება ჩემი ოჯახი და ხალხი, ვისაც მოვენატრე და ვინც მომენატრა. სხვა არაფერი გეგმა არ მაქვს“, – განუცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.
ვასილ ლილუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 28 ივნისს გამოუტანა. ის მსჯავრდებული იყო 2011-2012 წლებში უკანონოდ კომპიუტერული ვირუსის შექმნის ორგანიზებაში, პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების უკანონო მოსმენების განხორციელებაში, ასევე საქართველოს საბაჟო ტერმინალში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ აპარატურისა და „ქართუ ჯგუფის“ ტვირთების დაზიანების ორგანიზებაში.