ნარკოტიკები ინტერნეტით: თბილისში უკრაინიდან ჩამოსული ახალგაზრდები დააკავეს - ვიდეო

გამოწერა
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისში უკრაინის სამი მოქალაქე - 1990 და 2000 წლებში დაბადებული ორი გოგონა და ერთი მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, მათი  მითითებით, თბილისში მდებარე წინასწარ შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

სამალავში განსათავსებლად სარეალიზაციოდ გამზადებული „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის" 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა პირადი  ჩხრეკისას ამოიღეს. ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის" 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გარდა ამისა,  საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მითითებით ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის" 25 აბი.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0