ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ბრალდებულებიდან ერთმა პირმა დანაშაული აღიარა, სამმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი ბრალდებულის თორნიკე ქვათაძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, ხოლო ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, არ გაიზიარა. 

თბილისის საქალაქი სასამართლო - Sputnik საქართველო
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმე: სასამართლო საქმის განხილვას შეუდგა

ცოტნე გამსახურდიას 19 დეკემბრის ღამით თავს დაესხნენ თბილისში, გალის ქუჩაზე და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ისე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა. მოგვიანებით გამსახურდია მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს 5 პირი დააკავა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრა ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სოლოღაშვილმა პროცესზე ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ გამსახურდია მას შემდეგ დაჭრა, რაც მან უმიზეზოდ დაარტყა. მომხდარ ფაქტს წინ უსწრებდა ურთიერთობების გარკვევა, რომელიც სუფრასთან დაიწყო.

აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა 2 ივნისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0