საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ბოლო 24 საათში რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოვლინდა

გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა პირი ვალდებულია დაიცვას წესები და შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მკაცრ ზომებს მიიღებს.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოვლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველო საკარანტინო ზონების გაზრდისთვის მზადაა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. ოთხი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. აგრეთვე თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტია.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0