გურჯაანში სამი თვის ჩვილი მოკლეს - დაკავებულია ბავშვის მამა

გამოწერა
დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. რა გახდა შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში სამი თვის ჩვილი მოკლეს, დაჭრილია ბავშვის დედა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სავარაუდოდ საკუთარმა მამამ   ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი მეუღლის მკვლელობაც სცადა.

ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცი ოჯახთან ერთად, ვეჯინში საჩხერედან ჩამოვიდა და ცოლის დასთან სტუმრად იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას ცოლთან დაპირისპირება მოუვიდა. მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შვილს – 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რა გახდა შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0