გონიოში მოსახლეობამ საკარანტინო სივრცის გახსნა გააპროტესტა

© Sputnik / STRINGERპოლიციელები ნიღბებით
პოლიციელები ნიღბებით  - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეების განცხადებით, დასახლებულ პუნქტში საკარანტინო სივრცის  მოწყობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში ახალ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცის მოწყობა რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა  გააპროტესტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საკარანტინო ზონა გონიოში დღეს ამოქმედდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საკარანტინო ზონაში დაკვირვების მიზნით საქართველოს 30 მოქალაქე განათავსეს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერ საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.

აქციის მონაწილეებმა საკარანტინო სივრცის სხვაგან გადატანა მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ დასახლებულ პუნქტში ასეთი ზონის არსებობა საფრთხეს მათ ჯანმრთელობას შეუქმნის.

ინფექციურ საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის  9 შემთხვევა დადასტურდა

ადგილზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს დეტალურად განუმარტეს, რომ საკარანტინო ზონა მათ საფრთხეს არ უქმნის.  ამის შემდეგ აქცია დაიშალა.

ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გონიოს გარდა საკარანტინო სივრცეებში  მოწყობილია აბასთუმანში, თბილისის კლინიკა „ვივამედში“, საჩხერეში, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში და გორის ჰოსპიტალში. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45 პაციენტი რჩება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

5 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსი საქართველოში უკვე 9 ადამიანს დაუდგინდა. აქედან 5 შემთხვევა დღეს დადასტურდა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0