თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტოს თანამშრომლებმა კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე ორი ჩინოვნიკი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7- დან 11 წლამდე.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.