სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა

© photo: Temur Abazov / FBთემურ აბაზოვი
თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მერის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს გაამართლა მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ბრალად ედებოდა არაადამიანური მოპყრობა ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სამხილები, რომლებიც აბაზოვის ბრალეულობას დაადასტურებდა.

„ეს ბინძური პროვოკაციაა" – მარნეულის ექს-მერი სასამართლოში ჩივილს აპირებს >>

აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს მარნეულის მკვიდრ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე დააკავეს. წინა დღეს „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სკანდალური სიუჟეტი გაავრცელა, რომელშიც გამოყენებული იყო Facebook-ით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად და აიძულებენ საკუთარი შარდით სახის დაბანას მარნეულის მკვიდრ ალახვერდიევს, რომელმაც მანამდე უცენზუროდ მოიხსენია თემურ აბაზოვის და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ცოლები.

საქმის დეტალები

აბაზოვს ბრალი წაუყენეს სსკ-ის 1443 მუხლით „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“, ხოლო პარლამენტის დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვს, მარნეულის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევსა და ვინმე ელჩინ გულიევს სსკ-ის 1571 და 126-ე მუხლებით: „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით“ და „ძალადობა“.

თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
მარნეულის ყოფილ მერს ხელფასის კომპენსაციაზე უარი უთხრეს

თუმცა რუსთავის სასამართლომ მიიჩნია, რომ ყველა მათგანი უდანაშაულოა და ყველა ფიგურანტს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ მარნეულის მკვიდრ ელჩინ ალახვერდიევს თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი და ვინმე ელჩინ გულიევი. ამით მათ სამაგიერო გადაუხადეს მამაკაცს იმისთვის, რომ მან 2018 წლის 10 ივნისს თბილისში მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მათი ცოლები.

პროკურატურის მტკიცებით, გარკვეული დროის შემდეგ ალახვერდიევი უკვე აბაზოვმა სცემა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, გაკეთებული განცხადებების გამო მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ელჩინ ალახვერდიევი აიძულეს სახე საკუთარი შარდით მოებანა.

ყველა ახალი ამბავი
0